სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე: ჩვენი პრიორიტეტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა

„ჩვენი პრიორიტეტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანები დასაქმდნენ, თვითრეალიზება შეძლონ და ქალაქში სოციალურად დაუცველების რიცხვი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესაბამისად შემცირდეს. ამჟამად, „ქართუ ჯგუფის“ ინვესტიციის ფარგლებში, პანორამას, გალერეას, თაბორის მთის პროექტებზე დაახლოებით 15 000 ადამიანია დასაქმებული, პროექტების დასრულების შემდეგ კი 2000-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი დღეს ჩუღურეთისა და თემქის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა.

თბილისის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

კახა კალაძემ ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით 4 წლის განმავლობაში ნახევარი მილიარდი ლარი დაიხარჯება.

„ჩვენთვის ისტორიული უბნები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქალაქის იერსახე და სიმდიდრეა. პირობას გაძლევთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე, ყველამ კარგად ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძველი თბილისის რეაბილიტაცია - ძველ უბნებში ახალი სიცოცხლე შემოდის. ამიტომაც, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ძველ თბილისში მასშტაბური პროექტები განხორციელდება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ თემქის მოსახლეობას მუხიანში „რადიოქალაქის“ მოწყობის იდეა გააცნო. მისი თქმით, რადიოქარხნის ვრცელ ტერიტორიაზე განთავსდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, გასართობი ინფრასტრუქტურა, კაფე-ბარები, ღია კინოთეატრი, საგამოფენო სივრცეები და რეკრეაციული მწვანე ზონები.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრას მაჟორიტარობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები რიმა ბერაძე, თამარ ტალიაშვილი, მიხეილ ჭკუასელი, ალექსანდრე ხუჯაძე და ირაკლი ზარქუა ესწრებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100