"ვულოცავ ქართველებს, ვუსურვებ კეთილდღეობას, ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს" — დონალდ ტრამპი
აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოცი წერილი ტრამპმა პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას გამოუგზავნა.
აშშ-ის პრეზიდენტი მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება.
“ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს — 26 მაისს!
ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს და პატივისცემით ეპყრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის მნიშვნელოვან წვლილს ნატოს მისიაში ავღანეთში, სადაც ქართველი მებრძოლები ამერიკული და ნატოს ძალების მხარდამხარ მსახურობენ. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ კორონავირუსის უპრეცედენტო გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად. ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე — ეკონომიკის დივერსიფიკაციაში.
გულითადად ვულოცავ ქართველებს, ვუსურვებ კეთილდღეობას, ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს”, — ნათქვამია დონალდ ტრამპის მილოცვაში.
დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავსს აღნიშნავს.
კომენტარი