სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკოლა სარკოზის ყურს ვერ აუწევენ: გოგოს მამა გახდა

მართალია, დადგენილი არ არის, უწევენ თუ არა ყურს საფრანგეთში მამას, როცა ვაჟი შეეძინება, მაგრამ თუ არის, საფრანგეთის პრეზიდენტს ამ რიტუალს ახლობლებიც კი ვერ ჩაუტარებენ: ნიკოლა სარკოზი გოგოს მამა გახდა.

ინფორმაცია ნამდვილად სარწმუნო და გადამოწმებულია. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითქმის მთელი მსოფლიოს ინტერნეტსივრცეში ერთხელ უკვე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარლა ბრუნიმ იმშობიარა და ბიჭი (რომელსაც თითქოსდა ვადიმი დაარქვეს) შეეძინა.

„როიტერი“ ინფორმაციის გავრცელებისას ერთბაშად ორ წყაროს: Europe 1 და BFM TV-ს დაეყრდნო. ინფორმაციის თანახმად, კარლა ბრუნიმ პარიზის დასავლეთით მდებარე La Muette-ს კლინიკაში იმშობიარა.

ახალშობილი 19 ოქტომბერს, დაახლოებით 21.00 საათზე (თბილისის დროით) მოევლინა ქვეყანას. ჩვილისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ. ნიკოლა სარკოზი კლინიკაში ერთი საათით მივიდა, შემდეგ კი საფრანგეთიდან გაემგზავრა, ევროზონასთან დაკავშირებულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

ახალშობილი ნიკოლა სარკოზისთვის პირველი ქალიშვილი და მეოთხე შვილია, ხოლო კარლა ბრუნისთვის მეორე შვილი. არც სარკოზის და არც ბრუნის წინა ქორწინების დროს ქალიშვილი არ ჰყოლიათ. საფრანგეთის პრეზიდენტს 26 წლის პიერი, 25 წლის ჟანი, და 14 წლის ლუი სამი სხვადასხვა ქალისგან ჰყავს. რაც შეეხება კარლა ბრუნის, მას პირველი ქორწინებიდან 10 წლის აურელიანი ჰყავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100