სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინას კრიმინალური წარსული და პოლიტიკური მისია

სისხლიანი ალუმინი

სისხლიანი ალუმინის სახელს ატარებს იმპერია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში ააშენა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რამდენად თეთრი ხელთათმანებით კეთდებოდა ბიზნესი მაშინ. ახლა ბევრი გვიჩიჩინებს, მათ შორის პოლიტიკოსებიც, მაგალითად, ირაკლი ალასანია, რომ ბიძინა ივანიშვილი პატიოსანი გზით გამდიდრდა. ეს დავა ჩვენ არ დაგვიწყია, ვერც დავიწყებდით. ყველამ, ვინც რუსეთში გასული საუკუნის 90-იან წლებში დიდი ფული იშოვა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კრიმინალური გზით მოახერხა. ამას თავად რუსეთშიც კი ვერავინ უარყოფს. რუსეთში ბიძინა ვერ იტყვის, რომ მილიარდები სისხლის გარეშე იშოვა. შესაძლოა, ამიტომაც გაურბოდა ყოველთვის მედიას. როგორც თავად თქვა: ერთადერთხელ მისცა ინტერვიუ, ისიც 2005 წელს „ვედემოსტის“. როგორც ჩანს, გარანტიები ჰქონდა, რომ უხერხულ კითხვებს არ დაუსვამდნენ. ასეთი ვარაუდის საშუალებას მისი დამოკიდებულება იძლევა იგივე ქართული მედიის მიმართ. საკუთარ ქვეყანაში მან მხოლოდ ორ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ. ნინო ჟიჟილაშვილს კითხვებიც კი გაუკონტროლა, რუსეთზე საუბარი არ მინდა, სხვა თემაზე გადადითო...

შეიძლება თბილისში იძახოს ალასანიამ, ბიძინას ფულები თეთრი ხელებით არის შეგროვებულიო, მაგრამ მოსკოვში ალუმინთან დაკავშირებული „რაზბორკები“ ხან მაფიოზულ გარჩევებად მონათლეს, ხან სისხლიან დაპირისპირებად კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის და ხანაც სასაკლაოდ.

აქ ბიძინას ბიზნესის უწყინარობას ერთადერთი არგუმენტით ასაბუთებენ: ბიძინა ისეთ ქარხნებს ყიდულობდა, რომელიც არავის აინტერესებდა, არავითარი მოგება არ ჰქონდა და ამიტომაც ის თეთრიაო. როგორც ჩანს, მათ ჩვენი ფანტაზიის იმედი აქვთ, ჰგონიათ, რომ ჩვენ წარმოვიდგენთ კრასნოიარსკს, როგორც რუსეთის ერთ-ერთ მიყრუებულ მხარეს, სადაც ალუმინის ქარხანა იდგა და იჟანგებოდა. ბიძინა ივანიშვილი მივიდა, იყიდა და ააყვავა. დაახლოებით კი არა, ზუსტად ასეთ სურათს ხატავენ ისინი.

როგორია რეალობა: „კრაზის“ პრივატიზაცია პირველად 1992 წელს მოხდა, უკვე 1993 წელს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ქარხნის გენერალური დირექტორი რკინის ჯოხებით სცემეს. 1994 წელს საკუთარ სახლთან ამ ქარხანასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი ჩაცხრილეს. მოსკოვში ქარხნის დირექტორის მოადგილეს კლავენ, ჩაცხრილეს რამდენიმე პირი, რომლებიც ალუმინით ვაჭრობას ცდილობდნენ, რამდენიმე ბანკირს თავს დაესხნენ, სისხლიანი გარჩევები კრიმინალებს შორის მომდევნო წლებში კიდევ უფრო გამძაფრდა. ალუმინის ომში ყოველთვის არსებობდა რამდენიმე მხარე და მათ შორის გარჩევებში ერთი ნადგურდებოდა, მეორე მარცხდებოდა, გამარჯვებული მხოლოდ ერთი იყო.

ამ სასაკლაოზე ყოველთვის ფიგურირებდა ვინმე ანატოლი ბიკოვი. ის მოკრივეა. სისხლიანი კვალი სწორედ მის კვალთან მიდის. მკვლელობის ბრალდება მას რამდენჯერმე წაუყენეს, მათ შორის 90-იანი წლების დასაწყისში. მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილი სწორედ მას შესთავაზებს საკუთარ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს. თითქმის ყველა კრიმინალურ ავტორიტეტს სწორედ ის იშორებს თავიდან. რუსეთში წერდნენ, რომ ბიკოვი ყოველთვის წინა ხაზზე იდგა, ამიტომაც ბევრი სწორედ მას მიიჩნევდა ალუმინის მთავარ პატრონად. მაგრამ რეალური პატრონები, რა თქმა უნდა, არ ჩანდნენო. ასეთ დასკვნას აკეთებს მაგალითად, ედუარდ ლომონოვი თავის წიგნში, რომელიც ალუმინის ომს ეხება. მას ამ წიგნში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილიც ჰყავს მოხსენიებული სწორედ ბიკოვთან კონტექსტში.

მოკლედ, ბიკოვი შავ საქმეებს აგვარებდა. ივანიშვილი თავისი ბანკით „როსიისკი კრედიტ“ მოულოდნელად ალუმინის ქარხნის 48%-ის მფლობელი აღმოჩნდა. იმ ფაქტს, რომ ივანიშვილი ბიკოვს კრასნოიარსკში შეხვდა, ჟურნალისტი იულია ლატინინაც ადასტურებს თავის ერთ-ერთ წერილში, რომელიც „სოვერშენნო სეკრეტნო“ გამოქვეყნდა.

ბიკოვი ბიძინა ივანიშვილმა ჯერ გამოიყენა, შემდეგ კი, მისი სისხლიანი კვალის დაფარვას, საქმიდან მისი გაყვანით შეეცადა. მას „როსიისკი კრედიტში“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზეს. ედუარდ ლიმონოვი თავის წიგნში წერს, რომ ბიკოვს ამ შეთავაზებამ თავბრუ დაახვია, მას ეგონა, რომ ყველაფერი მის ხელში გადადიოდა. თუმცა, სინამდვილეში დაიწყო მისი საქმიდან ჩამოცილება.

რა თქმა უნდა, ბიკოვი მიიჩნევდა და სამართლიანადაც, რომ ბიძინა ივანიშვილის იმპერია ალუმინის ფრონტზე მისი აგებული იყო, ამიტომაც, ბუნებრივია, პრეტენზიებიც ჰქონდა და ამბიციებიც. რუსი ჟურნალისტები მას მხოლოდ ძლიერ ფიგურად ახასიათებენ. ერთი უჭკუო პროვინციელი ბიჭი იყოო, წერენ რუსულ მედიაში.

ჰოდა, აბა, რამდენად შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილი ამ ერთ პროვინციელ ბიჭს? რა თქმა უნდა, ბიკოვმა საქმიდან „მოტეხვა“ გააპროტესტა, თუმცა, 2002 წელს მისით ძალოვნები ინტერესდებიან, მკვლელობების გარდა, მას ბრალად ედება იარაღის უკანონო ყიდვა და შენახვა, ასევე, რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტის ორგანიზებული მკვლელობის მცდელობაა. მას 6 წელს პირობით მიუსჯიან. საინტერესო დამთხვევაა, რომ იმავე წელს საეჭვო ვითარებაში იღუპება ალექსანდრე ლებედიც – მისი ვერტმფრენი კატასტროფას განიცდის და კრასნოდარის გუბერნატორი ლებედი იღუპება.

ეს სწორედ ის ლებედია, რომლის „რასკრუტკითაც“ ის 1995-96 წლებში იყო დაკავებული. ბიძინა ივანიშვილის გათვლებით, ის რუსეთის პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო. უცნაურია, რომ თავის ხმაურიან პრესკონფერენციაზე მან თქვა: რომ ის ელცინის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, თუმცა იქვე დასძინა, ჩემი პოზიცია გამართლებული გახლდათ, ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ კომუნისტებს არ გაემარჯვათო. ბუნებრივია, ლებედს გულისხმობდა. რუსულ მედიაში მას ოფიციალურად აქვს ნათქვამი: მე ლებედს „ვარასკრუტკებდიო“. საბოლოო ჯამში, ამ პოლიტიკურ პროექტს ის ბიზნესმენივით მოექცა და სარფიანად „გაყიდა“. ლებედმა თავისი ხმები მეორე ტურში ავადმყოფ ელცინს გადაულოცა და გაპრეზიდენტებაშიც დაეხმარა.

სხვათა შორის, კიდევ ერთი დამთხვევა. საინტერესოა, რომ ალუმინის ომებს ერთი წყვეტა ჰქონდა. ერთადერთხელ მის სისხლიან ბიოგრაფიაში არ ისმოდა სროლა და სადარბაზოებთან არ კლავდნენ ადამიანებს. ეს 1995-96 წლები გახლდათ. სწორედ ის პერიოდი, როცა ბიძინა ივანიშვილი ლებედის „რასკრუტკით“ იყო დაკავებული (ეს ფაქტი, კრიმინალური პაუზის შესახებ, ედუარდ ლიმონოვს თავის წიგნში აქვს დაფიქსირებული)...

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ლებედს მისთვის არაფერი გაუკეთებია, თუმცა, შემთხვევითი არ არის, რომ ალექსანდრე მოგვიანებით სწორედ კრასნოდარის მხარის გუბერნატორი გახდა. ბიძინას ალუმინის სამფლობელოში თითქოს მშვიდობა დამყარდა, თუმცა, ვერც ბიკოვმა შეძლო საქმიდან მისი ჩაჩოჩების ატანა და ვერც ლებედმა მოახერხა მისი პროექტის კრემლისთვის „მიყიდვის“ გადაყლაპვა. ორივე მათგანს თავისი პრეტენზიები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან. მალევე ბიკოვს ძალოვნებთან შეექმნა სერიოზული პრობლემები, გენერალი ლებედი კი ტრაგიკულად დაიღუპა.

რატომ ეშინია ბიძინას ბიკოვის?

ამბობენ, რომ ბიკოვმა მაშინ დაიფიცა კიდეც: ივანიშვილს ამას არ ვაპატიებო. თითქოს ამიტომაც გამოიკეტა ბიძინა თავის ჭორვილაში. იმას, რომ მილიარდერმა რამდენიმე წელი საკუთარ სოფელში გაუსვლელად იცხოვრა, თავადაც ადასტურებს. თუმცა, ამ ფაქტს სხვა მიზეზით ხსნის: ჩემი სოფელი მომენატრა და 5 წელი არც გავსულვარ ჭორვილადანო. ბუნებრივია, როცა მილიარდერი ერთ ადგილას იკეტება, მის მიმართ ბევრი ეჭვი ჩნდება. და ბიძინა ივანიშვილს ეს სულაც არ უნდა უკვირდეს. ვისგანაც მან ალუმინის ქარხნის აქციები შეიძინა, „კრაზას“ გენერალურ დირექტორს იური კალპაკოვს ვგულისხმობ, ალუმინის სასაკლაოს თავი სწორედ გაქცევით უშველა, ის ესპანეთში გადაიხვეწა და საკუთარი ვილიდან ცხვირიც არ გამოუყვია. სხვათა შორის, კალპაკოვს, პირველ რიგში, სწორედ ამ ბიკოვის ეშინოდა. ასე რომ, თუ მისი შიშით ბიძინა ჭორვილაში გამოიქცეოდა, იქ ესეც არავის გაუკვირდებოდა.

ბიკოვი კი არამხოლოდ შემსრულებელი, შემკვეთიცაა. 2000 წლის სექტემბერში, მაგალითად, მან მისივე ბიზნესპარტნიორის სტრუგანოვას მკვლელობა შეუკვეთა. ასე რომ, შეიძლება აქ იძახოს ბიძინამ, რომ ბიკოვთან არაფერი აქვს საერთო და რომ ის სუფთაა, მაგრამ მან ხომ კარგად იცის, ვინ არის ბიკოვი და რა შეუძლია მას?

სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ბიძინა საქართველოში სწორედ მაშინ გამოიქცა, როცა ბიკოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ის ვადაზე ადრე გამოუშვეს. როგორც მაშინ რუსულ მედიაში მიანიშნებდნენ, ბიკოვმა ძიებას ლებედზე შეუფასებელი ინფორმაცია მისცა. მედია მაშინ ვერ ასახელებდა ვერც ლებედის ტრაგიკულად დაღუპვის მიზეზს, ისევე როგორც ვერ ახსნა, რა სახის ინფორმაცია შეიძლებოდა ბიკოვს ჰქონოდა. შეიძლება ბიკოვს სცოდნოდა, ვინ იყო მისი მკვლელობის დამკვეთი?

ბიძინას მისია

შეიძლება, რომ ბიძინას წინააღმდეგ რუსეთში სერიოზულ კომპრომატებს ფლობდნენ? გასაგებია, რომ ივანიშვილი შეიძლება საკუთარი ბიზნესით დააშანტაჟონ, კრემლის კეთილგანწყობის გარეშე ხომ ვერავინ ერთი მანეთის შოვნაც კი ვერ მოახერხა, ბიძინას კი მოსკოვში სამი მილიარდი აქვს. ეს სულაც არ არის ხუმრობა.

განცხადება კი გააკეთა, რუსეთში ჩემს ბიზნესებს ვყიდი, რუსეთის მოქალაქეობას ვტოვებ და ჩემს თავს მთლიანად სამშობლოს სიყვარულს ვუძღვნიო, მაგრამ სინამდვილეში ჯერ არც მოქალაქეობა დაუთმია და არც ბიზნესები. პირიქით, მას მოსკოვში ახალი ბიზნესპროექტებიც კი გაუჩნდა. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მოსკოვში „სადოვსკი კვარტალს“ აშენებს. ახლახან კი ბიძინამ რუსეთში პურის ქარხანა შეიძინა 54 მილიონად. ამისთვის ის (და არა მხოლოდ ამისთვის), ერთ-ერთი ინფორმაციით, მოსკოვშიც იყო ჩასული.

ბიძინა ივანიშვილი პუტინის მძევალია და ეს უკვე ყველა მის განცხადებაში იკითხება. თავად განსაჯეთ. პუტინის შემდეგ, ბურჯანაძე და ნოღაიდელი პირველები იყვნენ, ვინც თქვა: 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყოო. მაშინ, როგორც ბურჯანაძის, ისე ნოღაიდელის „სასტავები“ გვარწმუნებდნენ, ნინოსა და ზურას კრემლთან არავითარი შეხება არა აქვთ, ნუ უგონებთო. თუმცა, მოგვიანებით ორივე ერთად გამოჩნდა კრემლში პუტინის გვერდით.

ახლა, სხვათა შორის, ისინი, ვინც ბურჯანაძისა და ნოღაიდელის პრორუსობის გამო ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, ირწმუნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი კრემლის მორიგი პროექტი არ არის. თუმცა, ბიძინა, ისევე როგორც ადრე ნინო და ზურა, ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავათბოთ და რომ ნატო ჩვენთვის დაკარგული შანსია. ბიძინა, როგორც ადრე ნინო და ზურა, ამბობს, რომ პუტინის იმედი აქვთ. ბიძინა, როგორც ადრე ნინო და ზურა, ამბობს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალს დაიბრუნებს, თუმცა ამ განცხადებების პარალელურად რუსეთი იქ სამხედრო ბაზებს აშენებს. რაც მთავარია, ვერც ერთი ვერ ხსნის, კონკრეტულად რაში მდგომარეობს მათი გეგმა.

მოკლედ, პარალელი ბევრია. ერთადერთი, რაც ამ სამ ფიგურას ერთმანეთისგან განასხვავებს, ეს შედეგია. ბურჯანაძემ, ნოღაიდელმა, უფრო ადრე კი ოქრუაშვილმა პოლიტიკა წააგეს, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ახლა იწყებს...

როგორც ალუმინის მაგალითმა გვაჩვენა, ბიძინა მიჩვეული არ არის საჯარო მოქმედებებს. ის მუდმივად ჩრდილშია, მისი სახელით სხვა მოქმედებს და ის, ვინც მოქმედებს, ცდილობს, „ბოსის“ ვინაობა ყველანაირად დამალოს. ბიკოვი, მაგალითად, დიდხანს იყო ბიძინას ნიღაბი კრიმინალურ სამყაროსთან. ექსპერტების შეფასებებით, ნამდვილი ბოსები არ ჩანდნენ და ყველა ყველაფერზე პასუხს ბიკოვისგან ითხოვდა.

რამდენად შესაძლებელია, ასეთივე სქემა მას პოლიტიკაშიც გაეთამაშებინა. გამოცდილება, ლებედის სახით, უკვე ჰქონდა. როცა მან გენერლის პოლიტიკაში „დარასკრუტკება“ დაიწყო, ინფორმაცია, ვინ იდგა მის უკან, არ იშიფრებოდა. საბოლოო ჯამში, მისი გამოაშკარავება ბერეზოვსკიმ თავის ხალხს დაავალა და ბიძინაც გამოჩნდა.

რამდენად შესაძლებელია, ირაკლი ალასანია თავიდანვე მისი პროექტი ყოფილიყო? ეს მხოლოდ კითხვაა. ალასანია არ არის იმდენად მამაცი, რომ „სერიოზული ზურგის“ გარეშე დიპლომატიური კარიერა დაეთმო და ოპოზიციაში გადასულიყო. ის ქართულ პოლიტიკაში ისეთივე ოპტიმისტური განწყობით მოვიდა, როგორც ადრე ოქრუაშვილი, ან მოგვიანებით ბურჯანაძე.

ირაკლი არ არის მამაცი, მაგრამ არც იმდენად უჭკუოა, „ალიანსში“ აღებული სტარტი ზურაბ ნოღაიდელის ფეხებთან „დაეტორმუზებინა“. გახსოვთ, პუტინთან შეხვედრის შემდეგ ნოღაიდელი ჩამოდის და აქ ალასანიას ართმევს ხელს. ასეთმა გადახრამ პრორუსულ ორბიტაზე „ალიანსის“ იმიჯს ადგილობრივი არჩევნების დროს ძალიან დაარტყა. ამბობენ, რომ ალასანია „გრეჩიხებს“ აყვა და ნოღაიდელთან იმიტომ მივიდა. ამდენად უჭკუოა ვითომ ალასანია? ეგებ ის ვალდებული იყო?

მოვლენები 2008 წლის შემდეგ ვითარდებოდა. სწორედ მაშინ შეხვდა ალასანია ლავროვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი უკვე მოითხოვდა მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას. მოითხოვდა ლამის ოფიციალურად. ამის შესახებ კონდოლიზა რაისი წერს საკუთარ მემუარებში.

და კიდევ ერთი დამთხვევა ნოღაიდელთან და ბურჯანაძესთან. ბიძინა ივანიშვილსაც, პუტინის მსგავსად, სურს სააკაშვილის წასვლა. მხოლოდ ეს არის მისი პოლიტიკური მისია საქართველოში. სხვა საკითხებზე მას ერთადერთი პასუხი აქვს: არ ვიცი. მაგალითად, არ იცის, როგორი იქნება კონსტიტუციური წყობა, როგორ უნდა გახდეს სასამართლო თავისუფალი, როგორ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები. ია ანთაძესთან ინტერვიუში ის არ მალავს, რომ ეს თემები მისთვის უცხოა. სამაგიეროდ ზუსტად იცის: მიშა უნდა წავიდეს! როგორც ჩანს, ეს არის მისი მთავარი მისია. მაგრამ როგორ აპირებს ამის შესრულებას?

თავის გახმაურებულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ის საკუთარ მისიას შეასრულებს არჩევნების გზით და თუ მას მოქალაქეობას არ მიანიჭებენ, მაშინ არჩევნები არალეგიტიმური იქნება. ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, მას არაფერს მისცემს. არალეგიტიმურად თუ მხოლოდ ბიძინა ცნობს, მაშინ ის, უბრალოდ, ბოიკოტის რეჟიმში ჩადგება.

თუმცა, ბიძინამ იმავე პრესკონფერენციაზე დასძინა: მოქმედების სხვა ვარიანტებიც გვაქვსო. სხვათა შორის, კიდევ ერთი მსგავსება ბურჯანაძესა და ნოღაიდელთან. ნინომაც სულ რაღაც იცოდა და არავის ეუბნებოდა. საკუთარ გეგმებზე არც ბიძინა საუბრობს.

საინტერესოა, რამდენად შეძლებს ბიძინა ჩამორთმეული მოქალაქეობის დაბრუნებას. დასავლეთი ჯერჯერობთ ამ საკითხში არ ერევა. კომენტარი თავის დროზე არც საფრანგეთის ელჩმა გააკეთა საქართველოში, ამერიკის ელჩმა კი თქვა, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და განცხადებას მაშინ გავაკეთებთ, როცა ამას საჭიროთ ჩავთვლითო, – დაახლოებით ასე ჟღერდა ბასის განცხადება.

ერთ-ერთი ინფორმაციით, ირაკლი ალასანია ბიძინას არწმუნებს, რომ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენს და ბიძინა მოქალაქეობას აღიდგენს. სხვა შემთხვევაში მას მისია შეუსრულებელი დარჩება და რა მოხდება ამ შემთხვევაში?

მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა.

„პრაიმტაიმი“, ქეთი ხატიაშვილი, 7 ნოემბერი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100