სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანაკლიის ხიდი არც ჩანგრეულა, არც დანგრეულა და არც მისი დემონტაჟი დაუწყიათ

იმპერატიულ სათაურს ნუ გაიკვირვებთ და ნურც იმას იფიქრებთ, რომ ამ სტატიით რუსულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული პასკვილის გაქარწყლება გვსურს. საქმე უფრო მარტივადაა - ბოლო დროს მარგინალურ ქართულ მედიაში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი და ისეთი სურათია დახატული, თითქოს ანაკლიის „მშვიდობის ხიდი“ მხოლოდ ერთი დღისთვის - პირდაპირ ეთერში გასახსნელად და იმისთვის ააგეს, რომ იქ როიალზე დაეკრათ და მერე დაეხურათ.

მეტიც - თუ ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი ბრძანდებით, ხშირად შეხვდებოდით განმუხური-ანაკლიის ახალ ხიდზე გაკეთებულ სიუჟეტებს, მომზადებულ სტატიებს თუ ფბ-ზე სტატუსად დადებულ ფრაზებს, სადაც ხიდთან მიმართებაში ფიგურირებს სიტყვები: „დაინგრა“, „ჩაინგრა“, „აანგრიეს“, „დაანგრიეს“, „დემონტაჟი“ და ა.შ. - ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება კაცს, რომ, თმერთმა ნუ ქნას - მართლაც რომ მომხდარიყო და ხიდი ჩანგრეულიყო, პირველ ყიჟინას არა ჩრდილოეთიდან, არამედ ჩვენივე ქვეყნის შუაგულიდან მოვისმენდით...

მოყიჟინენი უნდა გავაწბილო და ის უნდა ვუთხრა, რაც, შესაძლოა, თვითონაც ძალიან კარგად იციან და არ ამბობენ: ანაკლიის ხიდი არც დანგრეულა, არც ჩანგრეულა და არც მისი დემონტაჟი დაუწყია ვინმეს. კაცმა რომ თქვას, ამის გარკვევა ძნელი სულაც არ არის - თბილისიდან ანაკლიამდე დაახლოებით 370 კილომეტრის გავლა და ისეთი ჯგუფის გაშვება საჭირო, რომელსაც მრუდეობიექტივიანი ვიდეოკამერა არ ექნება წაღებული. არადა, გაგიჟება შეიძლება, რა შორს წავიდა ტექნიკა: ზოგიერთი ვიდეოკამერა ობიექტივის არეალში მხოლოდ მშენებლობის მიმდინარეობის გამო სასტუმროს უკან დატბორილ ადგილებს აჩენს და კადრში არანაირად არ ხვდება სასტუმროს წინხედი და მოწესრიგებული სანაპირო. ამ ვიდეოკამერებს ისიც შეუძლიათ, ხუთასმეტრიანი ხიდის ბიჯები გააქრონ და თქვენ კადრში დაინახავთ, რომ ხიდის ადგილას, უბრალოდ - ტროსებია გაჭიმული... ჯაერ არ გინახავთ? შესაძლებელია - მე ამ ისტერიის მომდევნო სერიას გიყვებით წინასწარ...

ახლა კი, მოკლედ იმის შესახებ, რა ხდება ანაკლიის ხიდთან და, ზოგადად, ანაკლიასთან მიმართებაში. ანაკლია-განმუხურის ხიდზე ამ დროისთვის მიმოსვლა მართლაც, შეწყვეტილია. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გერმანიაში თავიდანვე შეკვეთილი და დაგვიანებით ჩამოსული ბიჯების (ხიდის იმ ნაწილის, რომელზეც ადამიანებმა უნდა გაიარონ) შეცვლა მიმდინარეობს.

ხიდის გახსნის დღე სპეციალურად გაიანგარიშეს ისე, რომ გერმანიიდან ჩამოსული ბიჯები დამონტაჟებული ყოფილიყო, მაგრამ გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა ყველა ღონისძიება დაგეგმილი იყო და ყველა სტუმარი - მოწვეული, გაირკვა, რომ ის გერმანული ფირმა, რომელიც ტვირთის ჩამოტანაზე იყო პასუხისმგებელი, ბიჯების ტრანსპორტირებას წინასწარ შეთანხმებულ ვადაში ვერ ახერხებდა.

რადგან იმ დღეს ანაკლია-განმუხურის ხიდის გახსნის გარდა, კიდევ სხვა ღონისძიებები იყო დაგეგმილი, გახსნა აღარ გადაიდო და ხიდის ბიჯებისთვის ადგილობრივი მასალა სასწრაფოდ გამოინახა. სხვათა შორის, ვინც გახსნის დღეს ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე მომზადებული სატელევიზიო სიუჟეტები ნახა, შეამჩნევდა, რომ ხიდზე თითქმის ბოლო წუთებამდე მუშაობენ და თუ მუშებმა ბიჯების დამონტაჟება რამდენიმე საათში შეძლეს, ეს მოწონებას უფრო უნდა იმსახურებდეს, ვიდრე კრიტიკას...

შესაბამისად, წინასწარვე იყო დაგეგმილი, რომ გერმანიიდან ტვირთის ჩამოტანისთანავე ბიჯები მაღალი ხარისხის, უცხოური წარმოების მასალით შეიცვლებოდა. ბიჯები გახსნიდან რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოვიდა და რამდენიმე დღის წინ დანიშნულების ადგილზე მიიტანეს. შესაბამისად, ხიდი რამდენიმე დღით დაიხურა და ადრე დაგებული ბიჯები ღამით აიღეს, რათა დილიდან მათი შეცვლა ახლით დაეწყოთ. მაგრამ შესაბამისი სამსახურების მონდომება, რაც ღამის საათებში დამატებითი სამუშაოს შესრულებაში გამოიხატა, ჩემმა მარგინალმა კოლეგებმა მათ წინააღმდეგ გამოიყენეს:

ისინი დილაადრიან გავიდნენ „ობიექტზე“, აყრილი ბიჯები და ხიდზე დარჩენილი სიცარიელე გადაიღეს (რა თქმა უნდა, მათი „ჯადოსნური“ ვიდეოკამერის ობიექტივში ვერ მოხვდა იქვე დალაგებული გერმანული ბიჯები, რომლითაც „სიცარიელე“ უნდა ამოვსებულიყო), მერე კადრები თბილისს აფრინეს და გაჩნდა „ვიდეომხილება“, რომელსაც ყველამ სხვადასხვანაირად დაარქვა: „დემონტაჟი“, „დანგრეული“, „ჩანგრეული“, „აყრილი“...

მოკლედ, წინ მიდის სანაქებო მარგინალური ჟურნალისტიკა და, ყველაზე საოცარი ის არის, რომ ეს კატეგორია დაბების, კურორტების, სასტუმროების გახსნის ამსახველ კადრებზე სიუჟეტებს ირონიით ხვდება: იქ რეალობა მაინცაა ასახული და ესენი თვითონვე ქმნიან მათთვის სასურველ „რეალობას“...

და ბოლოს, ცოტა რამ თვითონ ამ ხიდის შესახებ:

ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი 540 მეტრიანია. ხიდი გერმანელმა არქიტექტორმა პიტერ ვალსერმა, შპს “ტრანსპროექტის” თანაავტორობით დააპროექტა. საფეხმავლო ხიდი მთლიანად ხისგან არის დამზადებული.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიგრძის ხის ხიდი არათუ საქართველოში, მთელ ევროპაში არ არსებობს.
ხიდი მდინარე ენგურზეა გადებული და განმუხურისა და ანაკლიის ბულვარებს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდის მოაჯირები და ბაგირები თანამედროვე და ორიგინალური განათებით არის განათებული.

ცოტა ხნის წინ ისიც გახდა ცნობილი, რომ ახლადგახსნილი ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდი ხიდების საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. კონკურსი ნიუ-იორკში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.

ანაკლია-განმხურის ხიდი ქვეითად მოსიარულეთათვის წარდგენილია ნომინაციაზე: საუკეთესო ხიდი ფეხით მოსიარულეთათვის.

საინტერესოა, ნომინაციაში რომ გაიმარჯვოს (თუმცა, წარდგენაც უკვე ბევრს ნიშნავს), „დემონტაჟზე“ მეოცნებენი როგორ გადაიტანენ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100