დაკავებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი
სამართალდამცველებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის უფროსი გურამ ვერულიძე დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სატენდერო კომისიის წევრი გურამ ვერულიძე ტენდერში გამარჯვებული მეწარმეებისგან ქრთამს რეგულარულად იღებდა.
კერძოდ, მიმდინარე წლის თებერვალში ვერულიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელს გაურიგდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯზე თავის წილად ე.წ. "ატკატები" სისტემატიურად უნდა მიეღო.
აღნიშული თავისთავად შეამცირებდა საკურორტო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ოდენობას, შესაბამისად, შემცირდებოდა სახელმწიფო სახსრებით აშენებული ობიექტის ვარგისიანობა და სარგებლობის ვადაც.
გამოძიება სსსკ-ის 338–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი