სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლოზუნგი „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი!“ ექსტრემისტულია
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებამ რუსი მართლმადიდებლები განარისხა და, შესაძლოა, მას სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების ეკლესიათა პროტესტიც მოჰყვეს.
მივყვეთ თანმიმდევრობით: მართალია, შარშან, დეკემბერში მოსკოვის ერთ–ერთ სასამართლოში მოსამართლეთა აზრი გაიყო, მაგრამ საბოლოოდ, სასამართლომ ექსტრემისტულად ჩათვალა ლოზუნგი „ან მართლმადიდებლობა, ან სიკვდილი!“. ლოზუნგი სასამართლო დავის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც იგი რუსი მართლმადიდებლების ვებ–გვერდზე, მხატვრული სახელოსნო–სტუდიის განყოფილებაში განთავსდა. მოსკოვის ჩერემუშკინის რაიონულმა სასამართლომ ეს ლოზუნგი განიხილა და იგი ექსტრემისტულად მიიჩნია.
2011 წლის აპრილში კი მოსკოვის ლუბლინსკის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და შეაფასა საფეხბურთო მაისურზე გაკეთებული იგივე წარწერა: „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი!“ და მართლმადიდებლური გამოსახულება თავის ქალით. ამ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში მიიღო სხვადასხვა ექსპერტის მოსაზრებები.
მაგალითად, რელიგიათმცოდნემ, რომან ლუნკინმა თავის დასკვნაში დაწერა: „წმინდა მამები ახმოვანებდნენ ამ ლოზუნგს, როგორც სულის გადარჩენის ერთადერთ გზას, უწოდებდნენ რა მართლმადიდებლობას ერთადერთ ჭეშმარიტ რწმენას და ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ სული სამუდამო სიკვდილისგან და ჯოჯოხეთისგან დაეცვათ“.
თავიანთ ვებ–გვერდზე თვითონ მართლმადიდებლებიც მიუთითებენ, რომ ამ ლოზუნგის ისე გაგება, როგორც, ვთქვათ „საფულე ან სიკვდილი!“ არ ღირს. მათი თქმით, ლოზუნგი მართლმადიდებლური სარწმუნოების მიმდევრის ცხოვრებისეულ არჩევანსა და იმას გამოხატავს, რომ მზადაა, ქრისტეს გულისთვის მოკვდეს, როგორც ნებისმიერი წამებული, რომლებიც სიცოცხლის მუქარის მიუხედავად, უარს არ ამბობდნენ სარწმუნოებაზე.
საბოლოოდ, ლუბლინსკის სასამართლომ უარი თქვა საფეხბურთო მაისურზე არსებული ამ შინაარსის წარწერის ექსტრემისტულ გამოხტომად აღიარებაზე.
მაგრამ რუსი მართლმადიდებლების განრისხება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამის მიუხედავად, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე ზემოთხსენებული ლოზუნგი მაინც შეიტანეს ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში, შარშან ჩერემუშკინის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.
კომენტარი