"რადგან დეპუტატია და კაცია, ბულინგის მსხვერპლი გახდა" - ჯიშკარიანს, რომელსაც ყოფილი თანამშრომელი სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს, მარიამ კუბლაშვილი დაიცავს
დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც ყოფილი თანამშრომელი სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს.
ის ინტერპრესნიუსთან ამბობს, რომ რადგან დეპუტატი კონკრეტულ პარტიას წარმოადგენს და კაცია, ბულინგის მსხვერპლი გახდა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. იქიდან გამომდინარე, რომ ის კონკრეტული პარტიის წარმომადგენელია, დეპუტატია, მაღალი რეპუტაციის მქონეა, მამაკაცია, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდა. მასაც აქვს თავისი უფლება და ჩვენ ამ უფლებას დავიცავთ. აუცილებლად დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას, ის შეუძლოდაა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავს იკავებდა კომენტარისგან. მივესალმებით, რომ პროცესები ღია იყოს, დაველოდოთ გამოძიებას, ექსპერტიზის შედეგს. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ მტკიცებულებებით ვისაუბროთ და ცალ-ცალკე ცილისწამების რეჟიმში კი არა, მტკიცებულებებით, ფაქტებით, ექსპერტიზის დასკვნებით ვიმსჯელოთ", - თქვა კუბლაშვილმა.
ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა აუცილებლად უნდა იყოს დაგმობილი, თუმცა არა ცრუ ბრალდების ხარჯზე, "ვინაიდან, ესეც ძალადობაა".
"ამ საქმეში ჩემი ჩართვით მინდა მნიშვნელოვანი მესიჯი გავაგზავნო, რომ აუცილებლად დაგმობილი უნდა იყოს ქალის მიმართ გამოხატული ძალადობა და აგრესია, მაგრამ აქვე დავძენ, რომ ეს ცილისწამების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. აქვე, სოლიდარობას ვუცხადებ ძალადობის ყველა არსებულ თუ პოტენციურ მსხვერპლს. ცალსახად ვგმობ ძალადობას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ცრუ ძალადობასაც და ძალადობის აპელირებასაც ვგმობ, ვინაიდან ესეც ძალადობაა", - თქვა კუბლაშვილმა.
თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ, მას მოწმის სტატუსი აქვს და დაზარალებულად არ არის ცნობილი, ილია ჯიშკარიანს კი ბრალი არ აქვს წარდგენილი. პროკურატურაში ამბობენ, რომ "კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას" მას შემდეგ მიიღებენ, რაც "ექსპერტიზის დასკვნები შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში". თავად ილია ჯიშკარიანი მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
დაწვრილებით წაიკითხეთ სტატიაში: "არ მეშინია არც ერთი შეკითხვის" - თამთა თოდაძე დაზარალებულის სტატუსის გარეშე
კომენტარი