სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Skype–ში როდის დავლიოთ?

ტექნოლოგიური განვითარების საუკუნემ იმდენად გაუადვილა ადამიანს ცხოვრება, რომ სახლიდან გაუსვლელად ახლა უკვე შეგიძლია „იშოპინგო“, მოინახულო მეგობრები, ისიამოვნო ვირტუალური სექსით, იაპონური ტექნოლოგიური ინოვაციის დახმარებით „იზასაო“ შეყვარებულთან, რომელიც სხვა ქალაქის სხვა კომპიუტერთან ზის და იგივეს აკეთებს რასაც შენ, და ბოლო სიახლე, რამაც მრავალნანახ მეცნიერთა გაოცება გამოიწვია – ჩაუჯდე facebook–ს, skype–ს ან ნებისმიერ ქსელურ სერვერს და... მამაპაპურად ჩათვრე!..

ქართულმა საზოგადოებამ ეს მეთოდი დიდი ხნის წინ აითვისა; ზოგს ნათესავი ჰყავს საზღვარგარეთ, ზოგი კი უბრალოდ „სმა–ჭამა დიდად შესარგის“ მოყვარულია. ამიტომაც ადვილია, ვებ–კამერის წინ ორმხრივი კონტაქტის დროს წინ ალკოჰოლური სასმელი და „ზაკუსკა“ დაიწყო, პარტნიორმაც მოგბაძოს და... წევიდა, წევიდა, წევიდააა!...

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვირტუალურ თრობას დასავლეთშიც ბევრი მიმდევარი ჰყავს. განსაკუთრებით კი სმის ეს სახეობა თინეიჯერებში ყოფილა პოპულარული. facebook–ღრეობამ დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპის ქვეყნებში. მაგრამ სად იყო „ფაცებუქი“, ჯანიკო და მიხაკო „სკუპეში“ ვახტანგურებს რომ სვამდნენ?

სოციოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ევროპელი მოზარდების ნახევარზე მეტი აღნიშნული მეთოდის „მომხმარებელია“. ისინი ხშირად სხდებიან დათქმულ დროს კომპიუტერთან, რთავენ facebook–ს, ხსნიან რომელიმე ალკოჰოლური სასმელის ბოთლს, საუბრობენ და ჩვენებურად რომ ვთქვათ, სადღეგრძელოებსაც არ აკლებენ. ახლახან დამატებული ვიდეოფუნქცია ასეთ „ქეიფს“ მხოლოდ ამარტივებს და, ალბათ, ცუკერბერგის პერსონალურ სადღეგრძელოსაც სვამენ. დროა, ქართველებისგან „შემოსწრებულის“ სადღეგრძელოც გადაიღონ და სახლში შემოხეტებულ მეგობარს განსხვავებულ სასმისთან „ჩახუტებაც“ ასწავლონ – სრულიად იდილიური სურათის შესაქმნელად... მერე კი ალბათ, ჩვენებურად რომ ვთქვათ, სუფრაზე მოტანილი საცივის მოვალეობას, სადაც, როგორც წესი, თავი უნდა ჩარგონ, კლავიატურა ასრულებს.

მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ასეთი ქმედება ხელს უშლის ახალგაზრდების სოციალურ ადაპტაციას. მეცნიერები თინეიჯერებს აღნიშნულ საკითხზე დაფიქრებისაკენ მოუწოდებენ, მათ მშობლებს კი მკაცრი ზომების მიღებას სთავაზობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100