სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„გრეჩიხას“ აგარაკზე ოპოზიციის საიდუმლო შეხვედრის ფაქტს ეკა ბესელია ადასტურებს

ახალი ერთობა ძველი სახეებით, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოჩნდება. საუბარია ლევან გაჩეჩილაძესა და მის ტრადიციულ მოკავშირეებზე. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ფარული მოლაპარაკებები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ჩვენი წყარო ყვება, რამდენიმე დღის წინ გაჩეჩილაძეების საგურამოს აგარაკზე დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძე, მისი ძმა „უცნობი“, გოგა ხაინდრავა, კოკა გუნცაძე, კახა კუკავა და ეკა ბესელია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გაერთიანებისა და ერთ პარტიად ჩამოყალიბების სურვილი გამოითქვა, თუმცა ამ იდეას ყველა სუბიექტის მხარდაჭერა არ მოჰყოლია. კერძოდ, ახალ პარტიაში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა ეკა ბესელიამ, რომლის დაყოლიებასაც გოგა ხაინდრავა ცდილობს. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრაზე კახა კუკავამ უპარტიოდ დარჩენილ ლიდერებს საკუთარი პარტიაც კი შესთავაზა, თუმცა იმის გამო, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ახალი გაერთიანების ლიდერად სურს დაფიქსირება, კუკავას გაწვდილი ხელი ჰაერში დარჩა. მოკლედ, საბოლოო შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის. თუ უპარტიო ლიდერები პარტიის შექმნაზე ვერ შეთანხმდნენ, არაა გამორიცხული, მათ ე.წ. საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბონ, რომელიც უკვე შემდგარი პარტიებით გამსხვილდება. ამ შემთხვევაში კი „გრეჩიხას“ გვერდით შესაძლოა, „ეროვნული ფორუმიც“ აღმოჩნდეს, რომელიც ბოლო პერიოდში „ექვსიანთან“ შეუთანხმებლად მოქმედებს. „პრაიმტაიმმა“ ისიც გაარკვია, რომ ზემოხსენებულ უპარტიო „ვარსკვლავებთან“ ჩუმ-ჩუმად დაიარება „ფორუმის“ თანავარსკვლავად წოდებული გუბაზ სანიკიძე.

ოპოზიციის მორიგ გაერთიანებასთან და გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“ ინფორმაცია ეკა ბესელიასთან გადაამოწმა:

– ქალბატონო ეკა, ჩვენი ინფორმაციით, თქვენ დახურული კონსულტაციები გქონდათ გაჩეჩილაძეებთან, გოგა ხაინდრავასთან, კოკა გუნცაძესთან და კახა კუკავასთან. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?

– მე არ მიყვარს კუკუდამალობანას თამაში. ზოგადად, მომხრე ვარ გულღია კომუნიკაციის, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ისეთ თემებს, რომელიც საჯარო ინტერესის სფეროშია მოქცეული. არაფერი დასამალი არაა, რომ ამ ადამიანებს პერიოდულად ვხვდები. დიახ, ასეთი შეხვედრები ნამდვილად იყო, როგორც ინდივიდუალურ ფორმატში, ასევე საერთო ფორმატში. ალბათ, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება. ასე რომ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი შეხვედრა ნამდვილად იყო.

– შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ, რაზე ისაუბრეთ?

– რომ გითხრათ, მხოლოდ მუსიკაზე, კინოსა და ბალეტზე ვისაუბრეთ-მეთქი, ალბათ, არ დამიჯერებთ. ვისაუბრეთ იმაზე, ვინ როგორ ხედავს პოლიტიკის სამომავლო განვითარებას. აქ არ არის საუბარი მაინცდამაინც ერთ პარტიაზე. იყო მოსაზრებების გაცვლა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს შეხვერები ამ დატვირთვას ატარებს.

– მიიღეთ თუ არა შემოთავაზება ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე?

– მოდით, დეტალებზე ამჯერად არ ვისაუბრებ. გოგა ხაინდრავა ჩემი მეგობარია და მასთან არ მჭირდება ბლოკებისა და ალიანსების შეკვრა. მე ერთხელ ვთქვი და კვლავ იგივე პოზიციაზე ვრჩები, რომ ამ ეტაპზე არც ერთ პარტიაში არ ვაპირებ შესვლას.

– გასაგებია, რომ თქვენ არ აპირებთ, მაგრამ იყო თუ არა მათი მხრიდან შემოთავაზება?

– სხვადასხვა საკითხებზე იყო საუბარი. მათ პარტია ჯერ არა აქვთ შექმნილი და შესაბამისად...

– პარტია არა აქვთ შექმნილი, მაგრამ, თუ იყო შემოთავაზება, მათთან ერთად გამხდარიყავით ახალი პარტიის დამფუძნებელი?

– მოდით, ამ დეტალებზე არ დავკონკრეტდები. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება პოლიტიკას და ჩვენს ყოველდღიურობას...

მირიან ბოქოლიშვილი, "პრაიმტაიმი" 26 სექტემბერი, 2011.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100