აკაკი ბობოხიძე: „ასაკის გამო, მამრაძე ბოლომდე ვერ გავიმეტე...“
დეპუტატების, აკაკი ბობოხიძისა და პეტრე მამრაძის ფიზიკურმა დაპირისპირებამ მეშვიდე მოწვევის პარლამენტი „გამოაფხიზლა’’. პლენარულ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო, ბობოხიძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის. თუმცა, პირობას დებს, რომ ყველას ფიზიკურად გაუსწორდება, ვინც ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას გააკეთებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის სიძულვილით დაბრმავება იმის უფლებას არ იძლევა, რომ პოლიტიკოსმა ანტიეროვნული განცხადებები გააკეთოს და ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტებში ბრალი საქართველოს დასდოს.
ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებში რა ხიფათს ხედავს? ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღიძვრება თუ არა? “პრესა.ჯი“ აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:
– რატომ გაგაღიზიანათ პეტრე მამრაძის პოზიციამ?
– ბურჯანაძესა და ნოღაიდელს უსვამდნენ შეკითხვას, რუსებთან ურთიერთობას, აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე თუ დაალაგებდნენ. ბუნებრივია, ეს პოლიტიკოსები, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებდნენ, მაგრამ ეს პასუხი, ჩემთვის უკვე, პეტრე მამრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ჩანს. როდესაც, აცხადებ, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილის ავანტიურა იყო, ხოლო, 1992 წლის ქართულ-აფხაზური კონფლიქტი კიტოვანის ავანტიურა იყო და ომის დაწყების ინიციატივას ქართულ სახელმწიფოს აბრალებ, აქედან, უკვე პასუხი ჩანს. ჩვენი ოპოზიციის ნაწილი, რუსეთთან მომავალ ურთიერთობებს რა საზღვრებში განიხილავს. ისინი რუსებთან ურთიერთობას აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე აპირებენ. პეტრე მამრაძის განცხადებას ორი დიდი მინუსი აქვს.
ტყუილია, რომ ომი კიტოვანმა დაიწყო, რადგან შემიძლია, დღეების მიხედვით მოგიყვეთ, როდის დაიწყო ომი და საქართველოს შეიარაღებული ძალების აფხაზეთში შესვლას, წინ რა პროცესები უძღვოდა. ამაში, მხოლოდ სარკინიგზო შემადგენლობების ძარცვას არ ვგულისხმობ, არამედ საომარ დაპირისპირებას. პირველი შეიარაღებული დაპირისპირება ქართულ პოლიციასა და ე.წ. გვარდიას შორის მოხდა. ამ დაპირისპირების მინაწილე კი, კიტოვანი არ ყოფილა. როდესაც, აცხადებ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, ეს არამარტო ტყუილია, არამედ სერიოზული ხიფათის შემცველია.
თუ ზვიად გამსახურდია საქართველოს მოქალაქეებს ეთნიკური ნიშნით დევნიდა, თუ საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზებთან ომი დაიწყო, თუ 2008 წელს, ომი, ოსებთან საქართველომ დაიწყო, მაშინ გამოდის, რომ ეს პოლიტიკოსები უკვე სხვა შედეგს ემსახურებიან. გამოდის, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსგან სხვა გზა თვითგადარჩენის არ დარჩენიათ, თუ არა მათი - დამოუკიდებლობა. ანუ, გამოდის, რომ აფხაზებისა და ოსების მოქმედება არასეპარატისტული მოქმედებაა. მალე, ქართული ოპოზიცია მოითხოვს, რომ სეპარატისტთა აღიარება მოვახდინოთ. მათ განცხადებებში სხვა ლოგიკას ვერ ვხედავ. ეს ღალატია, რადგან სააკაშვილის სიძულვილით დაბრმავება იმის უფლებას არ უნდა იძლეოდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გააკეთო. სააკაშვილს ბრალს იმაში ვუყენებ, რომ მას აგრესიისთვის პასუხი 2008 წლის აგვისტომდე უნდა გაეცა, მაგრამ სააკაშვილი ყველანაირად ცდილობდა, რომ თანამეგობრობა დაერწმუნებინა კონფლიქტში ჩარეულიყო. ახლა, ისინი პირადულ საუბრებში აღნიშნავენ, რომ აქტიური ჩარევა ორი თვით ადრე, რომ მომხდარიყო აგვისტოს ომი თავიდან აცილებული იქნებოდა. პეტრემ ეს, ჩემზე კარგად იცის. ევროპას რუსეთთან კონფილიქტი არ სურს და ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთთან დაძაბულობაში მხოლოდ, ჩვენს გამო არ შევიდეს. მართალი გითხრათ, ნაკლებად მაწუხებს მამრაძე კონფლიქტის დაწყებაში სააკაშვილს ადანაშაულებს თუ არა, მაგრამ სააკაშვილის სახით მამრაძე საქართველოს ადანაშაულებს. პარლამენტში მამრაძის მსგავსი განცხადების გაკეთება უნდა აიკრძალოს.
– მამრაძის ეს პოზიცია ახალი არ არის. იგი მსგავს განცხადებებს, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთანაც აკეთებს. შესაბამისად, ამ პოზიციას სავარაუდოდ, კიდევ დააფიქსირებს. როგორ გააჩუმებთ, ისევ სცემთ?
– პლენარულ სხდომაზე ვთქვი, რომ საქართველოს პარლამენტში თუ ვინმე მამრაძის მსგავს განცხადებას გააკეთებს, ჩემი პოზიცია ანალოგიური იქნებათქო. ამ დაპირების მსხვერპლიც გავხდი, რადგან პოზიციას არ შევიცვლი. მართალი, რომ ვთქვა, იმ როლში ჩემი თავის ხილვა, არ მომეწონა, რადგან ეს საქციელი, ჩემი ასაკის კაცისგან მოსაწონი არ არის. იმ ასაკიდან გამოვედი, როდესაც ძალიან აქტიური დეპუტატი ვიყავი. ცემა-ტყეპა ჩემთვის აქტიური არასოდეს ყოფილა. თუმცა, როდესაც, ვხედავდი, რომ ქვეყანა თვალსა და ხელშუა გვენგრეოდა და ადამიანებს ლაპარაკი არ ესმოდათ, იძულებული ვიყავი ფიზიკურ მოქმედებაზე გადავსულიყავი. მართალი გითხრათ, ჩვენს ფიზიკურ დაპირისპირებებს, ადრე, შედეგი არ მოჰყოლია. ახლაც, ვატყობ, რომ იგივე მდგომარეობაში გადავდივარ. არ მინდა, რომ საქართველოს მოსახლეობას დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მუშტები მოქმედებაში მაშინ, მოდიან, როდესაც, არგუმენტები არ არსებობს. არგუმენტები არსებობს, მაგრამ შეუძლებელია, არგუმენეტებით იმას ესაუბრო, ვინც ეს არგუმენტები შენზე უკეთ იცის. მამრაძემ ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებს. ამას, ის თავისი პოლიტიკური მიზანშეწონიდან გამომდინარე აკეთებს. მამრაძემ უნდა იცოდეს, რომ ამ საკითხს, შეიძლება, სახიფადო შედეგები მოჰყვეს. მიმაჩნია, რომ ყორღანაშვილის მცდელობები აღკვეთილი უნდა იყოს.
– პარლამენტში მომხდარი ფაქტი იყო ფიზიკური ზეწოლა, ამის უფლება გაქვთ?
– როგორ ვთქვა, რომ ხელის გარტყმა ფიზიკუი ზეწოლა არ არის? დიახ, ეს ზეწოლაა, მაგრამ მამრაძისნაირ ადამიანთან არგუმენტებით საუბარს აზრი არა აქვს, იმიტომ, რომ პეტრეს დავალება აქვს მიღებული და ამას, ლაპარაკობს.
– როგორ ფიქრობთ, ამ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღიძვრება?
– მაპატიეთ, მაგრამ არის თემები, როდესაც ჩემი მოქმედების დროს პასუხისმგებლობაზე არ ვფიქრობ. მართალია, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ფაქტის ჩადენისას შემდეგ, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, მაგრამ არის თემები, როდესაც პასუხისმგებლობის გამო აზრი, არ უნდა შეიცვალო.
– დაპირისპირების შემდეგ, გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარეს უთხარით, რომ ან დეპუტატის უფლებამოსილება შეეწყვიტა, ან მსგავსი პოზიციის გაჟღერების დროს, გააკეთებდით იმას, რასაც მამრაძესთან მომხდარ ინციდენტამდე ფიქრობდით. საზოგადოებას აინტერესებს, რის განხორციელებას აპირებდით?
– მამრაძე ასაკისა და ათასი მიზეზის გამო ბოლომდე ვერ გავიმატე. ვწუხვარ, რომ 47 წლის ასაკში ამ საქციელის ჩადენა მომიწია. თუმცა, მსგავსი შემთხვევის დროს, იგივეს გავიმეროებ, რაც მამრაძის შემთხვევაში მოხდა. იმისდამიუხედავად, რომ ამის სურვილი არ მაქვს. მამრაძესთან დაპირისპირებამ კარგი შედეგი გამოიღო, რადგან გია ცაგარეიშვილის ფრაქცია შეიკრიბა და დეკლარაციის დონეზე გააკეთა განცხადება, რომ მამრაძის პოზიციას არ იზიარებენ. თუმცა, თუ ეს მათი პოზიცია არ არის, მაშინ მას უნდა გაემიჯნონ. გამიჯვნაში ფრაქციიდან მის გარიცხვას არ ვგულისხმობ, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ ფრაქცია დაეშლებათ. უბრალოდ, აღიარონ, რომ მამრაძე მათი ფრაქციის წევრი ფორმალურად არის. მამრაძესთან დაპირისპირებას, ფრაქციასთან დაპირისპირებად ნუ აღიქვამენ.
– დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ამ ფაქტის გამო, თქვენს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით უნდა აღიძრას. . .
– ლორთქიფანიძის ნათქვამზე კომენტარი როგორ გავაკეთო? მან, რა თქვა ნაკლებად მაინტერესებს. არის საკითხები, რაზეც შემიძლია, პასუხი ვაგო. ხშირად, ჟურნალისტთან დაპირისპირებას მახსენებენ და ამბობენ, რომ მაშინ, პრეზიდენტმა პასუხი არ აგებინაო. ეს ტყულია, რადგან პრეზიდენტისგან მეტ დასჯას რას ითხოვდნენ, გუბერნატორის პოსტიდან გამათავისუფლა. . . სააკაშვილი პროკურორი არ იყო, რომ დავეკავებინე. მაშინ, გარკვეული ვალდებულებები მქონდა და გადავდექი კიდეც. უკაცრავად, მაგრამ თვითგვემას ნამდვილად ვერ გამოვაცხადებდი. მიმაჩნია, რომ ჩემი როგორც, დეპუტატის პასუხისმგებლობის ხარისხი გაცილებით მეტია, ვიდრე გუბერნატორის იყო, რადგან მაშინ, პრეზიდენტს წარმოვადგენდი და ახლა, საკუთარ თავს და ამომრჩეველს წარმოვადგენ.
– თუ თქვენს მიმართ საქმე აღიძვრება, ეს სამართლიანი იქნება?
– ერთია სამართლიანობა, მეორეა - კანონიერება. თუ კანონი ამას ითვალისწინებს, პრეტენზია ვერც მექნება.
თეონა მანაგაძე, "პრესა.ჯი".
კომენტარი