სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სომხური მხარისთვის საქართველოს საპატრიარქოს მიერ შეთავაზებული კომუნიკე მიუღებელი აღმოჩნდა

სომხური მხარისთვის საქართველოს საპატრიარქოს მიერ შეთავაზებული კომიუნიკეს ტექსტი მიუღებელი აღმოჩნდა.

ამის შესახებ ეჩმიაძინის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ბაგრამ მელიქიანმა "მედიამაქსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ეჩმიაძინი სრულიად სომეხთა კათოლიკოსის საქართველოში ვიზიტს დადებითად აფასებს.

"ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც ჯავახეთის სომხებს კათოლიკოსთან შეხვედრის საშუალება ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, ამ ვიზიტს დადებითად ვაფასებთ, რამდენადაც მან საშუალება მოგვცა, საქართველოს პრეზიდენტის დონეზე დაგვეყენებინა ის პრობლემები, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ სომხებსა და სომხურ ეპარქიას აქვს. საქმე სამ ძირითად საკითხს ეხება. ესენია: სომხური ეკლესიისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭება, ეკლესიების დაბრუნების თემა და ასევე დანგრეული ტაძრების აღდგენისა და საბოლოო ჯამში, სომხური მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხი. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია და წმინდა ადგილების შესანარჩუნებლად ყველაფერი გაკეთდება", - განაცხადა მელიქიანმა.

რაც შეეხება ერთობლივ კომიუნიკეს, რომლის ტექსტიც სომხურ პრესაში გავრცელდა, მელიქიანმა განმარტა, რომ ვიზიტის ფარგლებში არანაირი დოკუმენტი მიღებული არ ყოფილა.

"განხილვა იყო, თუმცა ფორმულირებებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული არ იქნა. ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები და ხედვები არსებობდა. მხარეებმა ვერ მოახერხეს, ორივე მათგანისთვის მისაღები კონცეფციის ჩამოყალიბება, რაც ასევე დროის სიმცირითაც იყო გამოწვეული. ის ტექსტი, რომელიც გამოქვეყნდა, მართლაც ქართული მხარის მიერ შემოთავაზებული კომიუნიკეს პროექტია, მაგრამ იგი სომხური მხარისთვის მიუღებელ ფორმულირებებს შეიცავს. ახლა ვცდილობთ გავარკვიოთ, როგორ მოხვდა ტექსტი მედიაში. ასევე არანაირი შეთანხმება არ მომხდარა ერთობლივი კომიისის შექმნის შესახებ. სომხური მხარის მიერ ტაძრების დაბრუნების შესახებ წამოწეული საკითხის საპასუხოდ ქართულმა მხარემ სომხეთის ჩრდილოეთში მდებარე ეკლესიებზე საკუთარი მოთხოვნები და პრეტენზიები წამოაყენა. სომხური ეკლესიის პოზიცია ნათელია: ქართულმა მხარემ ფაქტები და საბუთები უნდა წარმოადგინოს, რომელსაც სომხური ეკლესია შეისწავლის. თუმცაღა კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ვხედავთ", - განაცხადა მელიქიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და საქართველოს ეკლესიების მეთაურების მიერ ერთობლივი კომიუნიკეს მიღება სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორეს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იგეგმებოდა. კომიუნიკეს ტექსტში აღნიშნული იყო, რომ "ორ ეკლესიას შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც საქართველოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიისა და სომხეთში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თანასწორ იურიდიულ სტატუსს განსაზღვრას, ასევე პარიტეტულ საფუძვლებზე საქართველოში სომხური (გრიგორიანული) და სომხეთში ქართული (დიოფიზეტური) ეკლესიების გახსნის ხელშეწყობას გულისხმობს და ამ საკითხების გადაწყვეტის მიზნით საჭიროა, ორმხრივი ეკლესიათაშორისი კომისია შეიქმნას".

შეგახსენებთ, რომ სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე საქართველოს 10-15 ივნისს სტუმრობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100