პროკურატურის მაღალჩინოსანი, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეა, განცხადებას ავრცელებს
პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა სუბელიანი, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეა, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„პირველ რიგში მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა დატრიალებული ტრაგედიის, ორი მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მათ მშობლებსა და მეგობრებს. გამაოგნებელი და უაღრესად შემაშფოთებელია ახალგაზრდებს შორის მსგავსი დაპირისპირება და ის ტრაგიკული შედეგი, რამაც მთელი საზოგადოება და მათ შორის მეც, შოკში ჩაგვაგდო. ჩემდა სამწუხაროდ, ამ უმძიმეს შემთხვევას ადამიანების გარკვეულმა ჯგუფებმა ჩემი სახელი და გვარი დაუკავშირეს, შეგნებულად დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია.
მინდა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვმარტო, რომ ჩემს შვილთან ერთად, რომელიც ნამდვილად იყო შემსწრე მომხდარი უბედურების, პირველ დეკემბერსვე გამოვცხადი პოლიციის სამმართველოში, ჩემმა შვილმა გამომძიებლებს მისცა ამომწურავი ჩვენება და თანამშრომლობს გამოძიებასთან. იმის მიუხედვად, რომ ჩემი შვილი ამ საქმეში მოწმეა, რადგან არ მინდა ჩრდილი მიადგეს გამოძიების ობიექტურობას, რაც უპირველელ ყოვლისა ჩემი ოჯახის ინტერესებშია, მე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაინც დაასრულებენ სპეკულაციებს და საგამოძიებო ორგანოს ნორმალურ გარემოში ექნება შესაძლებლობა დაადგინოს ჭეშმარიტება. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ძალიან მალე დადგინდება და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს“, - ნათქვამია მირზა სუბელიანის განცხადებაში.
კომენტარი