საკვირაო საკითხავი: დედა 12 წელი ზრდიდა გოგონას, რომელიც მისი შვილი არ აღმოჩნდა
ეს ისტორია „კომსომოლსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა და იგი ჩელიაბინსკის ოლქის შახტიორთა ქალაქ კოპეისკში მოხდა. სიუჟეტი ისეთი ჩახლართულია, ნებისმიერ რომანისტს შეშურდება, მაგრამ ადამიანური ისტორია ნამდვილად შეგძრავთ.
12 წლის წინ იულია ანდრიუშაკმა იმშობიარა და ქალიშვილი - ირინკა გააჩინა. ქმართან, ალექსანდრესთან ერთად 8 წლის განმავლობაში იცხოვრა, მერე კი დაშორდნენ. იულიამ განქორწინების შემდეგ ალიმენტი მოითხოვა. ქმარი გაბრაზდა:
,,-არავითარი ალიმენტი! ეგ ჩემი შვილი არ არის! ჩვენ ნათელი ფერის თმები და ცისფერი თვალები გვაქვს, მას კი წაგრძელებული სახე და შავი თმა აქვს,“ - ასეთი იყო მისი არგუმენტი.
იულია აქამდე არასდროს დაფიქრებულა შვილის გარეგნობაზე, ახლა კი ქმრის სიტყვები ენიშნა და მშობლების იერთან ირინკას შედარება დაიწყო. მსგავსება ვერ იპოვა. ისიც გაირკვა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ქმარი გულში ადანაშაულებდა ცოლს ღალატში, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობდა.
„ძალიან შევშფოთდი, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი და ვამბობდი, რომ, ალბათ, ან მე ან საშას წინაპრებში ვინმე შავგვრემანი გვყავდა და არ ვიცოდით“, - ჰყვება იულია.
საქმე სასამართლომდე მივიდა. ამით იულიაც იყო დაინტერესებული. სასამართლომ დნმ-ის ანალიზის ჩატარება გადაწყვიტა და დღეც დანიშნა. ორი კვირის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ ანალიზი ჩაიშალა და მოითხოვა, წყვილს სისხლი ჩაებარებინა.
„მოსამართლემ იმ დროს უკვე იცოდა დნმ-ის ანალიზის პასუხი, მაგრამ არ დაიჯერა და კიდევ ერთ ტესტზე ისე გაგვგზავნა, რომ ჯერ არაფერი გაგვიმხილა“, -ამბობს იულია. მეორე ტესტმა ასეთი დასკვნა დადო: არც იულია, არც ალექსანდრე ირინკას მშობლები არ აღმოჩნდნენ...
იმ წუთებში დედას მოეჩვენა, რომ ირგვლივ ყველაფერი გაიყინა. როგორ? უფროსი გოგონა, რომელსაც 12 წელიწადს თავს ევლებოდა და ქვეყანას ერჩივნა, ღვიძლი შვილი არ აღმოჩნდა! რა მოხდება, ირინკამ რომ გაიგოს? მართალია, ჭკვიანი გოგოა, მაგრამ გარდატეხის ასაკი აქვს... თანაც, მეზობლები ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ: „ირინკა ლიოხას შვილი არ არის, ბოშა გაუზრდიათ...“
ამავე დროს, იულიას სრულიად გასაგები აზრი დაებადა და თანდათან მტანჯველ აკვიატებად ექცა: მისი შვილი სად არის? ის, ვისაც ცხრა თვის განმავლობაში მუცლით ატარებდა და ვისი გაფაჩუნებაც ხალისით ავსებდა? მიმართეს გენპროკურატურას, შვილების შესაძლო შეცვლის შესახებ განცხადებით - მომხდარმა ფაქტმა ცოლ-ქმარი ისევ გააერთიანა: მათ თავიანთი შვილის მოძებნა გადაწყვიტეს. იულიამ გაიხსენა, რომ პალატაში მასთან ერთად კიდევ ერთი მელოგინე იწვა. მასაც გოგონა გაუჩნდა - 15 წუთით ადრე, ვიდრე იულიას. იულიამ ისიც გაიხსენა, რომ ქალებს გვარებიც მსგავსი ჰქონდათ: ირინკა ანდრიუშაკი იყო, თანაპალატელი კი - ანდრიკოვა. იქნებ მედპერსონალს შეეშალა რაღაც?
„პროკურატურაში მითხრეს, რომ ხანდაზმულობის ვადის გამო სისხლის სამართლის საქმეს ვერ აღძრავდნენ, მაგრამ გამომძიებელმა ტატიანა ლიჟინამ გულისხმიერება გამოიჩინა და დახმარებას დამპირდა“, - იხსენებს იულია. – „სამშობიარო სახლში მას გაოცებითა და მხრების აჩეჩვით შეხვდნენ - შეცდომის აღიარება, თუნდაც 12 წლის წინანდელის, არავის სურდა: ერთი ამბობდა, რომ მხოლოდ მშობიარობა მიიღო და სხვა არაფერი იცის, მეორე იფიცებოდა, რომ მხოლოდ ახალშობილების მიხედვა ევალებოდა...
გამომძიებლის შემდეგი ნაბიჯი იულიას თანაპალატელის მოძებნა იყო. სამშობიარო სახლის ჩანაწერის მიხედვით მან მისამართი დაადგინა და ამ მისამართზე გავიდა კიდეც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოჯახმა ბინა გაყიდა და მეზობლებმა არ იციან, სად გადავიდნენ.. მხოლოდ ის უთხრეს, რომ ოჯახის უფროსი ეროვნებით ტაჯიკი და სახელად ნაიმატი იყო, მისი ცოლი კი რუსი. ისიც უთხრეს, რომ ოჯახში ორი გოგონა იზრდებოდა. ამასთან, მეზობლების თქმით, პირველი გოგონა ქერა იყო, მეორე - შავგვრემანი. მაგრამ ოჯახი დაიშალა და შვილები მამამ წაიყვანა თან. სად - არავინ იცოდა.
ბოლოს და ბოლოს, გამომძიებელმა იულიასთან ერთად პალატაში მყოფ ანდრიკოვას მიაგნო, მაგრამ როცა ყველაფერი უამბეს, მას დიდად გულთან ახლოს არ მიუტანია ეს ისტორია. მასზე საუბარიც აღარ ისურვა.
იულიასთვის ის დღეები ჯოჯოხეთად იქცა: ირინკასთან თავი ისევ ჩვეულებრივად ეჭირა, ღამღამობით კი თავს ბალიშში ჩარგავდა და ტიროდა: როგორ არის მისი შვილი? როგორ გრძნობს თავს? იქნებ, ტაჯიკეთში წაიყვანეს?
მოგვიანებით გაირკვა, რომ ნაიმატი მეზობელ დასახლებაში ცხოვრობდა. ის მეორედ დაქორწინდა და უკვე ოთხი შვილი ჰყავს - ორივე ქორწინებიდან. თავდაპირველად დიდი ოჯახის უფროსმა ხელი აიქნია: ეს რა სისულელეა? როგორ თუ, ბავშვები შეცვალეს? მაგრამ როცა გამომძიებელმა ირინკას ფოტო უჩვენა, გაოცებისგან კინაღამ დამუნჯდა: სურათიდან მისი ბავშვობა იცქირებოდა.
წინასწარ შეგულებულ კაფეში გამომძიებლის მიერ ორგანიზებულ, იულიასთან შეხვედრაზე ნაიმატი ვარდების უზარმაზარი კონით მივიდა. იქ ირინკას სხვა ფოტოები ნახა და თავი ვერ შეიკავა - ქვითინი აუტყდა. როცა დამშვიდდა, შვილთან შეხვედრა ითხოვა. მაღაზიაში ტკბილეულობა იყიდა და მივიდა. იულიამ და ალექსანდრემ იგი წარადგინეს, როგორც ოჯახის ძველი ნაცნობი. სუფრასთან მჯდომი ნაიმატი, ძირითადად, დუმდა - ზოგჯერ ირინკას თუ შეავლებდა თვალს, ხელები კი ისე უკანკალებდა, რომ ჩანგალს თეფშზე წკარუნი გაუდიოდა...
მომდევნო დღეს იულიას ჯერი იყო და ახლა ნაიმატის სახლში, ანასთან ის მივიდა.
„ვზივარ, არ ვიცი, რა ვუყო თვალებს, რომლებსაც მხოლოდ ჩემი შვილის ყურება სურდათ“, - იხსენებს იულია,- „ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო, ბავშვმა რომ არ იფიქროს - რა უნდა ამ უცნობ ქალს, რას მომჩერებიაო. ხელები მეც მიკანკალებდა, მოწოლილ ცრემლებს კი თავისუფლად დინების საშუალება მხოლოდ ქუჩაში მივეცი. მოგვიანებით, ნაიმატმა აღიარა, რომ მძაფრი განცდების გამო ერთ თვეში 7 კილოგრამი დაიკლო. მე კი საშინელ დღეში აღმოვჩნდი, რადგან ჩვილი მყავს, რძე კი თვალდათვალ მიშრებოდა“.
როგორ უნდა გაგრძელებულიყო ისტორია? როგორ უნდა ეცხოვრათ? ორმა ოჯახმა მოილაპარაკა და გადაწყვიტეს: ვიმეგობროთ ოჯახებით, გავაცნოთ გოგონები ერთმანეთს და გახდნენ შეძენილი დები... მაგრამ ბავშვებისთვის ხომ უნდა ეთქვათ სიმართლე? როგორ?
იულიამ გადაწყვიტა, ირინკასთვის ყველაფერი ეთქვა და აეხსნა, რომ მას არაფერი დაუკარგავს, პირიქით - კიდევ ერთი მამა და დები შეიძინა. გოგონებს არავინ გაცვლის - ყველაფერი ძველებურად დარჩება.
12 წლის ანამ მოგვიანებით იულიას უთხრა: „მე უცებ მივხვდი, რომ შენ ჩემი ნამდვილი დედა იყავი და ამისთვის არანაირი ტესტი არ დამჭირვებია - ჩვენ ხომ ასე ვგავართ ერთმანეთს. უბრალოდ, ველოდებოდი, შენ როდის აღიარებდი ამას...“.
ახლა ორივე ოჯახს კოპეისკის სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი. სამშობიარო სახლიდან, სადაც ჩვილები უნებურად შეცვალეს, მორალური ზიანის გამო კომპენსაციას ითხოვენ. მათ ყველა კოზირი ხელთ აქვთ: იულიას გარდა, დნმ-ის ანალიზი ნაიმატმა, მისმა ყოფილმა ცოლმა და პატარა ანამაც ჩაიტარეს. დადასტურდა ის, რაც ისედაც ყველამ იცოდა, რომ ანა - იულიასა და ალექსანდრეს შვილია, ირინკა - ნაიმატისა და მისი ყოფილი ცოლის.
ირინკა და ანა მეგობრობენ. თუმცა, რაც მათ შორის ხდება, მეგობრობაზე მეტია: ყოველდღე ურეკავენ ერთმანეთს, რადგან მაინცდამაინც ხშირად ვერ ნახულობენ.
რაც შეეხება იულიას ყოფილ ქმარს, ალექსანდრეს, მართალია, ის და იულია ერთად აღარ ცხოვრობენ, მაგრამ ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ ალექსანდრეს ორივე გოგონა თავის შვილებად მიაჩნია და მზადაა, ორივეზე თანაბრად იზრუნოს....
იულია ყველაზე უბრალო ავტომანქანაზე ოცნებობს და ჟურნალისტს ეუბნება: „იქნებ, ვინმემ წაიკითხოს და უბრალო, იაფი მანქანა გვაჩუქოს, რათა ბავშვებმა ერთმანეთთან ხშირად სიარული შესძლონ..."
კომენტარი