რას სთხოვს უგულავა სააკაშვილს?
თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტს "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვს. საუბარია "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლის თანახმად, დედაქალაქის მერია თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაობის ჩატარების ნებართვას ვეღარ გასცემს და თბილისში, კულტურული მემკვიდრების ძეგლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაობზე ნებართვის გაცემა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებას უბრუნდება.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, თავად პარლამენტში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობის დიდ ნაწილს კითხვები აქვს და არსებითი შენიშვნები არსებობს. "მე ვთხოვ ამ საკითხზე პრეზიდენტს ვეტოს, არა იმიტომ, რომ უმრავლესობას ვეტოს გადალახვა არ შეუძლია, ან შეუძლია, არამედ იმის გამო, რომ ეს დრო საკითხის ხელახალი გადამუშავებისთვის გამოვიყენოთ და თუ იქნება პოლიტიკური კონსენსუსი, შევიდეს ის ცვლილებები, რომლებიც თბილისს წაადგება", - აღნიშნა უგულავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.
მისივე თქმით, უნდა მოიძებნოს გონივრული პარიტეტი, რომ როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამ გადაწყვეტილების აღსრულების, მონიტორინგის მექანიზმი არსებობდეს.
გიგი უგულავას განცხადებით, კულტურის სამინისტრო უბრალოდ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებებს ამ საკითხებთან მიმართებაში, რადგან მას ამის არც ინფრასტრუქტურა გააჩნია და არც დამატებით საშტატო ნუსხაში ცვლილება არ შეუტანია.
"ჩვენ არა თუ თვითონ ვეღარ შევძლებთ რეაბილიტაციას, არამედ კერძო ინვესტიციებსაც ვერ მოვიზიდავთ, რადგან ასეთ პირობებში ძველ თბილისში ინვესტიციას არავინ ჩადებს", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით პარლამენტმა გასულ კვირას რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, უქმდება კანონის ის ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც თბილისის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაობის ნებართვის გაცემის უფლება თბილისის მერიას გადაეცა.
სადღეისოდ ნებართვა გაიცემა თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, რომელიც მერიისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებისგან შედგება.
კომენტარი