სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ იწრთობოდა... ანდერს ბრეივიკი

თითქმის 20 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ნომერ მეორე ტერორისტმა ნორვეგაში საშინელი სისხლისღვრა მოაწყო. ტერაქტების სერიის ფარგლებში 77 ადამიანი დაიღუპა, ტერორისტის პიროვნება კი ჯერჯერობით გამოცანად რჩება, გამომძიებლებისთვისაც, ნორვეგიის მოსახლეობისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც. დაკითხვებზე მას მეტად დამაჯერებლად და გამომწვევად უჭირავს თავი: ითხოვს ხელისუფლების შეცვლას, მეფე ხუაკინ მეხუთის ტახტზე უარის თქმას, იაპონელ ფსიქიატრებს და აღნიშნავს, რომ მზად არის მისივე ხელმძღვანელობით ახალ საზოგადოებრივ წესრიგს გაუწიოს ორგანიზება.

როგორც ჩანს, ამაზე წამსვლელი, მხოლოდ ფსიქიურად შეშლილი ადამიანია. ოსლოს ცენტრში სახელმწიფო შენობის აფეთქებისა და კუნძულ უტოიაზე მოზარდების სისხლისღვრის მოწყობის შემდეგ, 32 წლის ქერა მამაკაცმა, დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქმედებები მხეცური, მაგრამ აუცილებელი იყო. საკუთარი კლიენტის შეურაცხადობას ბრეივიკის ადვოკატი, გეირ ლიპესტადიც ამტკიცებს, მაგრამ იგიც აღნიშნავს, რომ ბრეივიკი – „ცივსისხლიანი მამაკაცია, რომლის სულში ჩახედვა ძალიან რთულია“.

„მორცხვი ბიჭუნა“

ვაჟის სულში ჩახედვა ვერც მამამისმა მოახერხა: მომავალმა ტერორისტმა მასთან ყოველგვარი ურთიერთობა 15 წლის ასაკიდან გაწყვიტა. ანდერსის მშობლები არიან, დიპლომატი იენს ბრეივიკი და მედდა ვენკე ბერინგი. ისინი ერთმანეთს მაშინ გაეყარნენ, როცა ბიჭუნა ერთი წლის იყო. მამა სამსახურის გამო საზღვარგარეთ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა, მაგრამ როგორც ახლა ამბობს, მან იცოდა, რომ ანდერსი ჭკვიანი, მაგრამ მორცხვი ბიჭუნა იყო და ვერ იტანდა მამას, მისი ღალატის გამო. როცა შვილის მიერ მოწყობილი ტერაქტის შესახებ გაიგო, იენს ბრეივიკმა განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მისი შვილი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა. ანდერსს აღზრდისდედისეული მეთოდებიც არ მოსწონდა – იგი მის მიდგომებს მეტად ლიბერალურად თვლიდა, რომელიც დისციპლინას იყო მოკლებული. „დედა მე ქალურობას მმატებდა და ამით მაიძულებდა უარი მეთქვა მამაკაცურ თვისებებზე“, – აღნიშნა ბრეივიკმა თავის 1500 გვერდიან მანიფესტში. თავისი, „2083 წლის ნორვეგიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“, რომელშიც იგი საკუთარ იდეებზე, ახლანდელ და სამომავლო კონტინენტზე საუბრობს, ანდერსმა ტერაქტებამდე გარკვეული დროით ადრე გაავრცელა ინტერნეტ სივრცეში.

ბავშვობაში ანდერსი ამბიციური, შემოქმედებითი და შრომისმოყვარე იყო, თინეიჯერობის დროსაც კი არ ქმნიდა არავითარ პრობლემებს: არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, ეწეოდა, მაგრამ იშვიათად სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს. გამორჩეულად არცერთ სფეროს არ უთმობდა ყურადღებას და არაფერი იტაცებდა: უსმენდა პოპ–მუსიკას, დილაობით დარბოდა, ფიზიკური ვარჯიშით იყო დაკავებული, თამაშობდა სანაპიროს ფრენბურთს. დაამთავრა ოსლოს ერთ–ერთი უძველესი საშუალო სკოლა, სადაც მოსწავლეებს „ძველი ნორვეგიული სულისკვეთებით“ ზრდიდნენ. უმაღლესი განათლება ინტერნეტ სივრცეში, ოსლოს კომერციულ სკოლასა და ნორვეგიის მენეჯმენტის სკოლაში მიიღო.

სიგურდი, რომელმაც ჯვარი იტვირთა

მოკლედ, ბრეივიკი ჩვეულებრივი მოზარდი იყო, რომელიც თანატოლებისგან მხოლოდ იმით გამოირჩეოდა, რომ პოლიტიკისადმი დიდ ყურადღებას იჩენდა. 16 წლის ასაკში იგი უკვე ახალგაზრდა მემარჯვენე ლიბერალური პარტიის წევრი იყო, რომელიც დღემდე გამოდის ემიგრანტების რაოდენობის შემცირების ინიციატივით. 21 წლის ასაკიდან კი ნაცისტური იდეებით დაინტერესდა. იგი კითხულობდა კაფკას, კანტს, მაკიაველს და ორუელს, შეისწავლიდა ისტორიას, რელიგიურ დოგმებსა და პოლიტიკური რეჟიმების თეორიებს. იგი გაწევრიანდა ოსლოს მასონთა გაერთიანებაში და შევიდა საიდუმლო ორგანიზაციაში, სახელწოდებით, „ტამპლიერთა რაინდები“ – იქ ახალგაზრდა „ჯვრის მტვირთველმა“ მიიღო საიდუმლო სახელი - სიგურდი. 23 წლის ასაკში ბრეივიკი საბოლოოდ მომწიფდა: მას თავში ტერაქტის მოწყობის იდეა მოუვიდა და მისი მომზადებისთვის 9 წელიწადი დასჭირდა, თუმცა, ამ ხნის მანძილზე ბრეივიკი მის ირგვლივ მყოფთათვის გაწონასწორებულ და ზრდილობიან პიროვნებად რჩებოდა. ამასთანავე, ღირსეულ მოქალაქედ ითვლებოდა, რომელიც პრესტიჟულ რაიონში ცხოვრობდა. ბრეივიკმა საკუთარი ბიზნესიც კი წამოიწყო და შექმნა მცირე ფირმა, რომელიც ბოსტნეულის მეურნეობას მოიცავდა და რომლის სახელწოდებაც, Breivik Geofarm იყო. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ სწორედ ამ ფირმის საშუალებით შეიძინა ბრეივიკმა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად აუცილებელი, ამონიუმის გვარჯილა.

მუსიკის ხმის ქვეშ

ბოსტნეულის გაყიდვების შედეგად მიღებული თანხის უდიდესი ნაწილი იარაღის შეძენაზე მიდიოდა. საავიაციო საწვავი, რომელიც ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაქმნელად იყო საჭირო, მან ინტერნეტ–მაღაზიების საშუალებით შეიძინა. იმისათვის რომ მიეღო იარაღის ტარების ნებართვა, ოსლოს მსროლელთა ერთ–ერთ კლუბში გაწევრიანდა. საარსებოდ მცირე შემოსავალი ჰქონდა, ამიტომ ბრეივიკი დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. იმისათვის, რომ დედას არაფერზე მიეტანა ეჭვი, იგი ღამით საიდუმლო საცავებს თხრიდა, სადაც იარაღს ინახავდა. სროლა ბრეივიკმა არა მარტო კლუბში, არამედ კომპიუტერული თამაშების საშუალებითაც ისწავლა: მას განსაკუთრებით დაეხმარა თამაში, Call of Duty 4 — Modern Warfare. ასევე მოსწონდა World of WarCraft. ტერაქტის შემდეგ ნორვეგიაში ყველა ეს თამაში აკრძალეს.

მზადების მნიშვნელოვანი ელემენტი პლასტიკური ოპერაცია იყო. ბრეივიკი სპეციალურად ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკელმა ქირურგმა შუბლის, ნიკაპისა და ცხვირის კორექცია გაუკეთა. ამ გზით ბრეივიკის სახემ შედარებით მამაკაცური, კვადრატული ფორმა მიიღო.

როგორც თავის დროზე ჰიტლერი, ბრეივიკიც სპეციალურად გაურბოდა ქალებთან ურთიერთობას. თავის მანიფესტში იგი ხსნის, რომ ქალებს შეეძლოთ მისი გეგმების სისრულეში მოყვანაში ხელი შეეშალათ. აღსანიშნავია, რომ ტერაქტის წინ ბრეივიკმა მეძავ მოდელს 2 ათასი ევრო გადაუხადა, ეს კი „დაძაბულობის მოსახსნელად“ სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ ინსტინქტებს შეეძლო ხელი შეეშალა ბავშვების დახოცვაში, ამიტომ ნარკოტიკული საშუალებები მიიღო. იმისათვის, რომ მოზარდების ტირილი არ გაეგო, საკუთარ iPod–ში მუსიკა, სახელწოდებით, Lux Aeterna მაქსიმალურ ხმაზე ჩართო. ეს უკანასკნელი მუსიკა გამოყენებულია ფილმის, „ბეჭდების მბრძანებელი: ორი კოშკი“–ს თრილერში. „ეს არის შიშის დაძლევის საშუალება“, განმარტა მან მანიფესტში. რამდენიმე მოზარდი მან დაინდო: ისინი, მისი აზრით, „ძალიან პატარები იყვნენ, იმისთვის, რომ მუშათა პარტიის მუშაობაში ჩარეულნი ყოფილიყვნენ“.

პასუხი „სახელმწიფოს მოღალატეებს“

ანდერს ბრეივიკი თავს „ინტელექტუალური ტერორიზმის“ მიმდევრად თვლიდა – ეს ნიშნავს, როცა ინტელექტუალები საკუთარ თავზე იღებენ იმის გადაწყვეტას, თუ ვის აქვს ცხოვრების უფლება და ვის არა. დიახ, სწორედ ინტელექტუალი ჰგონია თავი ბრეივიკს. საკუთარი მოქმედებებით, როგორც ტერორისტი ირწმუნება, რომ სურდა, გადაერჩინა ევროპა მარქსიზმისა და მუსულმანთა ბატონობისგან. ლეიბორისტული პარტიის მოზარდთა ბანაკზე თავდასმა, რომელსაც პრემიერ–მინისტრი იენს სტონტელბერგი ხელმძღვანელობს, მან ნაციონალური ინტერესების ღალატისთვის შურისძიებით ახსნა. ღალატად ბრეივიკი ქვეყანაში მუსულმანებისთვის შემოსვლის უფლების მიცემას თვლის. ქვეყნის კიდევ ერთ მოღალატედ მან, სამგზის პრემიერ–მინისტრი, გრო ჰარლემ ბრუნდტლანდი დაასახელა. იგი თანამშრომლობდა მუსულმან ტერორისტებთან. ბრუნდტლანდის მოკვლა ბრეივიკმა შემთხვევით ვერ შეძლო, მისი გამოჩენისთანავე, პოლიტიკოსმა კუნძული დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ტერორისტს შედარებით მეტად მოსწონს რუსეთის საზოგადოების მოწყობის წესი: ბრეივიკი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „ევროპის უფუნქციო დემოკრატიის ჩანაცვლება უნდა მოხდეს რუსეთის მართვის ფორმით. პუტინი სამართლიანი და მტკიცე პოლიტიკოსია, იგი პატივისცემის ღირსია“, – აღნიშნა საკუთარ დღიურში ტერორისტმა. 2005 წელს ბრეივიკი ბელორუსში იმყოფებოდა. მას განსაკუთრებით ქვეყნის პოლიტიკური რეჟიმი და ჩერნობილის კატასტროფის გარემოებები აინტერესებდა: საბოლოოდ იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ატომური ელექტრო სადგურის კატასტროფაში უკრაინის ნაციონალისტების ხელი ურევია. მას ეშინოდა, რომ რადიაქტიული საკვების მიღება მოუწევდა და ამიტომ ოკეანის თევზეულს უკვეთავდა. მისი მოგზაურობის შემდეგ დაასკვნა, რომ მასთან იდეურად ახლოს მდგომი ადამიანი, ბელორუსის ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი, სერგეი გაიდუკევიჩი იყო. ეს უკანასკნელი კი უკმაყოფილოა იმით, რომ მანიფესტში ადგილი მისთვისაც მოიძებნა. მან აღნიშნა, რომ ბრეივიკი ფსიქოპათია და რაღაც აერია.

წინააღმდეგობის გაწევის ძალისხმევა

ყველაფერთან ერთად, ბრეივიკის იდეების ჩამოყალიბება ბრიტანეთის ანტიისლამურმა რადიკალურმა ჯგუფმაც განაპირობა. ევროპის მსგავს ორგანიზაციებს, ბრეივიკთან ყოველგვარი ურთიერთობა ეკრძალებათ. ნოტინჰემის უნივერსიტეტის სპეციალისტმა ექსტრემიზმის კუთხით, მეთიუ გუდვინმა აღნიშნა: „ჩემი კოლეგები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდნენ მუსულმანური საზოგადოებების რადიკალიზაციას, მაგრამ ახლა გაიაზრეს: წინააღმდეგობის გაწევა შესაძლოა უფრო ძლიერი გზებით მოხდეს. არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ ბრეივიკის გამოჩენა, სამწუხარო შემთხვევითობაა, თითქოს ასეთი რამ ბევრს არ სურდა.“ – განაცხადა გუდვინმა. ევროპაში ნაციონალური განწყობის ზრდა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი, ანტიემიგრაციული განწყობილებაც იზრდება. უნგრეთის ისტორიაში პირველად შარშან პარლამენტში ნაციონალური პარტია, „უკეთესი უნგრეთისთვის“ მოხვდა. შვედეთში ხმების 5,7 პროცენტი და პარლამენტში 20 დეპუტატის ადგილი მიიღო პარტიამ, „შვედი დემოკრატები“, რომელიც ქვეყანაში ემიგრანტების რაოდენობის შემცირებაზეა ორიენტირებული. მემარჯვენეების რეიტინგი დანიაშიც იზრდება. ასე რომ ახალი ბრეივიკი, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გამოჩნდეს.

როგორც აღმოჩნდა, მსოფლიომ დაგმო და „მხეცური ქმედება“ უწოდა იმ სისხლისღვრას, რაც ტერაქტების შედეგად განხორციელდა. მოზარდების სისხლით შეღებილი კუნძული უტოია გლოვობს ახალგაზრდებს. მიუხედავად მსოფლიოს უარყოფითი განწყობისა, თვალსაჩინოა, რომ მისი მანიფესტის გარკვეულ პუნქტებს და იმ იდეის ნაწილს, რომლისთვისაც ანდერს ბრეივიკმა აღნიშნული ტრაგედია დაატრიალა, მსოფლიო საზოგადოების ნაწილი მხარს უჭერს. შესაძლოა ეს ნაწილი ძალიან მცირეა, მაგრამ ბრეივიკის „გმირად“ შერაცხვის მსურველები მაინც არსებობენ, ისევე როგორც მისი მიმდევრები. ეს კი იქიდან ჩანს, რომ ევროპის ქვეყნებში, მუსულმანების წინააღმდეგ აგრესია და ემიგრაციის შემცირების სურვილი დღითიდღე იზრდება, რუსულ „ვკონტაკტე.რუ“-ში კი ბრეივიკის ფან-პეიჯი არსებობს. ნორვეგიელი ტერორისტის ფანების რიცხვი დღითიდღე იზრდება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100