ინფიცირებული ქალის მდგომარეობა, რომელსაც ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო, კრიტიკულად მძიმეა
პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მარნეულიდან თბილისში გადმოიყვანეს, მძიმეა. მოქალაქეს ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა და რომელიც ახლა მკურნალობას გადის. ინფიცირებულ 67 წლის ქალს თანმდევი ქრონიკული დაავადება აქვს, რომელიც ვითარებას ამძიმებს.
"პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, დაგვიანებული შემთხვევაა. მას 2007 წლისდან აქვს შაქრიანი დიაბეტი, აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული აქვს გულსისხლძარღვთა პათოლოგიის გამო შუნტირების ოპერაცია.
როგორც ფორმა 100-დან ირკვევა, დაახლოებით 2 კვირის წინ აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება, ცხელება. პაციენტმა დაგვიანებით მიმართა კლინიკას, 18 რიცხვში და დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია. დინამიკაში სუნთქვის უკმარისობა პროგრესირდა, ამიტომ გადაყვანილი იქნა პაციენტი მართვით სუნთქვაზე.
დაავადებისთვის შეუთავსებელი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასრულდება ძალიან ცუდად" - ამბობს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.
კომენტარი