სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"80 წლის მოხუცი გაგუდეს, შემდეგ კი საცვალჩახდილი დატოვეს"

ახალციხის სოფელი ნაოხრების მოსახლეობა ერთიანად შეძრა წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობამ - მათ საკუთარ სახლში საკუთარი თავსაფრითვე გაგუდული 80 წლამდე ასაკის ანა ბაბოევი ნახეს. ამ ფაქტიდან დაახლოებით ერთი კვირით ადრე მოხუცი სოფლიდან გაქრა და ხალხს ეგონა, სახლიდან გავიდა დაიკარგაო. გარდაცვლილი იატაკზე პირქვე ეგდო, მისი პირადი ნივთები კი იქვე ეყარა. ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს საქმე უკვე გაიხსნა და მომხდარის გამო სამი ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს. მათ შორის ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი, მარინა სიმონიანი, - წყალთბილის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი სოფელ ნაოხრებში. ადგილობრივი საინფორმაციო პორტალის, "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტის, თამუნა უჩაძის დახმარებით, "კვირის პალიტრამ" სიმონიანის ჩვენების შემზარავი დეტალები შეიტყო:

- პირველ ჩვენებაში მარინა სიმონიანი ამბობს, რომ მას გარდაცვლილის 5 000 ლარი ემართა და იგი ამ ვალის სასწრაფოდ დაბრუნებას სთხოვდა. ამაზე სიმონიანმა თავისი ოჯახის ახლობელ ს.ბ-სთან, არაერთხელ დაიწუწუნა. 8 თებერვალს კი, როცა სიმონიანი ახალციხეში წამლების საყიდლად იყო ჩასული, ს.ბ-მ მანქანაში ჩაისვა და უთხრა: - ნუ დარდობ, მოვკლათ ეგ ქალი და მაგ პრობლემებისგან ერთხელ და სამუდამოდ დავისვენოთო. თანაც მანქანაში მჯდომი მ.ს გააცნო და დაპირდა, ამ საქმის სისრულეში მოყვანაში დაგვეხმარებაო.

ჩანაფიქრის განხორციელება არ გასჭირვებიათ: ბაბოევი საკუთარ სახლში მოკლეს, მერე კი გარდაცვლილის ოქროს საყურეები და მისი მობილური ტელეფონი წამოიღეს...

- სხვა რა წერია სიმონიანის ჩვენებაში?

- წერია, "ბაბოევი ამ ხალხს ეხვეწებოდა, არც ფული და აღარც ოქროულობა აღარ მაქვს და არ მომკლათო. მაგრამ ორივენი ეუბნებოდნენ, "ნაკოლი" გვაქვს და თუ არ მოგვცემ ფულს და ოქროულობას, აუცილებლად მოგკლავთო. მ. ს. აკავებდა ფეხებით, ხოლო ს.ბ-მ ორივე ხელებით ყელში წაუჭირა, ახრჩობდა. მოხუცმა ხრიალი დაიწყო. ს.ბ-მ დამიძახა: აიღე ეგ თავსაფარი, საწოლზე რომ დევს, პირში ჩაუდე, რომ აღარ იხრიალოსო. ავიღე თავსაფარი, პირთან მივუტანე და ვაპირებდი ჩატენვას პირში, ს.ბ-მ შემატყო, რომ ხელები მიკანკალებდა, გამომართვა თავსაფარი და მთლიანად ჩატენა პირში... ცოტა ხანში, როცა დავრწმუნდით, რომ მკვდარი იყო, მე ანა ბაბოევს მარცხენა ყურიდან შევხსენი ერთი საყურე და ვაპირებდი მეორის შეხსნასაც, როდესაც მ.ს-მ ანა ბაბოევს მარცხენა ყურიდან ჩამოგლიჯა საყურე, ისე რომ ყური ჩამოახია...

როდესაც ჩვენ მოვკალით ანა ბაბოევი, შიგნიდან ეცვა თეთრი პერანგი და საცვალი, რომელიც შემდგომ ჩახადა ს. ბ-მ. როგორც მისგან ვიცი, ცნობისმოყვარეობის მიზნით და დატოვა ასე".

თუმცა, ამის შემდეგ სიმონიანმა ჩვენება შეცვალა...

მარინა სიმონიანის ადვოკატი, ნუგზარ სამარჯიშვილი:

- ბატონო ნუგზარ, ნაოხრებში მომხდარი ეს სასტიკი მკვლელობა ჯგუფური მკვლელობის სახელით ასოცირდება. რას ამბობს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი?

- ჩვენება შეცვალა. მეორე ჩვენებაში იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ჩვენებაში ამბობს, რომ მოხუცი ს.ბ-მ მოკლა და უთხრა, - არხეინად იყავი, ბებერი მოგაშორეო. მე კი მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიმიქცევიაო და ხელახლა დაკითხვა მოითხოვა.

- მაშინ პირველი ჩვენება რატომღა მისცა?

- ამბობს, ჭკუაზე არ ვიყავი, ეს ჩვენება რომ მივეციო, მეკითხებოდნენ ყველაფერზე, ასე იყოო? და მეც ვეთანხმებოდიო.

- თქვენ ეთანხმებით ბრალდებულს?

- მე მისი ადვოკატი ვარ. ბრალდებულს თავის დაცვა პირდაპირ პროცესზე მოუწევს.

... მარინე სიმონიანი წყალთბილის ტერიტორიულ ორგანოში 2009 წლის 9 მარტიდან მუშაობდა. მან ორი თვის წინ, ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ს.ბ. სიმონიანის საყვარელი იყო და ამიტომ ცდილობდა მის დახმარებას. თავად სიმონიანი ამას უარყოფს და ამბობს, რომ ს.ბ-თან ოჯახით ახლობლობდა, მას მანქანა ჰყავდა და როცა სჭირდებოდა, მისი მანქანით სარგებლობდა.

ამჟამად მარინე სიმონიანი, რომელსაც შინ შვილები ჰყავს, მ.ს-სა და ს.ბ -თან ერთად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100