PSP-ს საფეხბურთო კლუბი უკვე მეორედ გახდა სუპერლიგა A-ს ჩემპიონი!
საფეხბურთო კლუბი “PSP” ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წწ. სეზონის სუპერლიგა A-ს გათამაშების ჩემპიონია. PSP-მ გადამწყვეტ შეხვედრაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის „ვარსკვლავური შემადგენლობით“ დაკომპლექტებული გუნდი (კალაძე, კობიაშვილი, იაშვილი, მუჯირი, დემეტრაძე,კვარაცხელია, ამისულაშვილი...) ანგარიშით 7:2 დაამარცხა და ლიგის უმთავრესს ტიტულს მეორედ დაუფლა.
PSP-ს ფეხბურთელები სეზონის გამორჩეულ მოთამაშეთა შორისაც მოხვდნენ: საუკეთესო უნივერსალის პრიზი ნიკოლოზ კურტანიძეს გადაეცა, საუკეთესო თავდამსხმელად კი გიორგი აფციაური დასახელდა. სეზონის ორიგინალური პრიზი - საუკეთესო მენეჯერის წოდება PSP-ს გუნდის მენეჯერმა კოტე ჯავახიშვილმა მიიღო. რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი 16 გატანილი გოლით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე გახდა, ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად, სფფ-ს ლიდერი და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი დასახელდა.
ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი გამარჯვებულ გუნდს სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა, ზაალ ჩიტალაძემ გადასცეს.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში PSP-ს გუნდის მონაწილეობა უკვე მეცხრე სეზონს ითვლის. სადებიუტო წარმატებას გუნდმა 2014-15 წწ. სეზონში მიაღწია, როდესაც სუპერლიგა A-ს ჩემპიონობა პირველად იზეიმა და ამ წარმატებას მომდევნო 2015-16 წწ. სეზონის სტარტზე სუპერთასის მოგებაც მიაყოლა. PSP-ს გუნდმა მოიგო 2014 წელს საქართველოს ჩემპიონატი სამოყვარულო მინი-ფეხბურთში, რომლის ფინალური ეტაპი ქ. ბათუმში გაიმართა.
“იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო საჭიროა გუნდურობა, გუნდში უნდა იყო და მათი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე; ცხრა წელია PSP-ს გუნდი არსებობს და ერთი განწყობით ვუდგებით ყველა ჩემპიონატს. წლევანდელი გათამაშება კი იყო განსაკუთრებული, განსხვავებული, კიდევ ერთი ტიტული მოვიგეთ. ჩვენ ვეთამაშეთ ძალიან ტიტულოვან ფეხბურთელებს, ჩვენი გუნდის მეტოქეები იყვნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ფეხბურთი შეგვაყვარეს, ის ფეხბურთელები რომელთა საგულშემატკივროდ დავდიოდით მოედანზე და კალას, იაშკას, კობის და სხვების სახელებს გავიძახოდით. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ახალი განწყობით და შემართებით დავიწყებთ ფიქრს ახალ სეზონზე"- განაცხადა PSP-ს გუნდის მენეჯერმა კოტე ჯავახიშვილმა.
კომენტარი