სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სკიჯის სახლი“ - როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად

„სწორი შრომით, რესურსების სათანადო გამოყენებით, მიზნის დასახვითა და შემდეგ ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბით, დაუღალავად სვლით, სოფლად მცხოვრებ ადამიანს შეუძლია თავისი საკუთარი ბიზნესი გამართოს, საქმის კეთებით ისიამოვნოს და შემოსავალიც გაიჩინოს,“ - ასე ფიქრობს დარეჯან ბერძენიშვილი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა, საცხოვრებლად თბილისიდან გურიაში გადავიდა და სოფელ ხიდისთავში, მეუღლის მშობლების დანატოვარი სახლ-კარი „სკიჯის სახლად“ აქცია.

„სკიჯი“ ძველი ქართული სიტყვაა და ქიშმიშსა და ჩამიჩს ნიშნავს, სწორედ ამიტომ დარეჯანმა თავის კომპანიას, რომლის მთავარ საქმიანობაც ხილის დაჩირებაა, „სკიჯი“ დაარქვა, 2015 წელს ბიზნესგეგმა დაწერა, იმ დროისთვის ახალდაწყებული პროექტის, „აწარმოე საქართველოს“ მიკროგრანტების პროგრამაში ჩაერთო და 5 000 ლარიანი გრანტიც მოიპოვა. ამ თანხით ხილის საშრობი აპარატი იყიდა და პირველი 100 კგ მანდარინისა, ვაშლის, ხურმის და კივის ჩირი დაამზადა. პროდუქციის ნაწილი თბილისში სავაჭრო ობიექტებში გაყიდა, ნაწილი კი ნაცნობ-მეგობრებში უფასოდ დაარიგა. დარეჯანი იხსენებს, რომ იმ წლებში ინტუიციით მოქმედებდა, თუმცა ახლა მიაჩნია, რომ მაშინ, ამ სფეროში ახალბედობის მიუხედავად, მართებული ნაბიჯები გადადგა - გურული ხილის ჩირი ბევრ ადამიანს გააცნო, ბევრი რამ ისწავლა, მომხმარებელი შეიძინა და ბიზნესიც წინ წასწია.

დასაჩირებელ ხილს დარეჯანი გურიის რეგიონში, ადგილობრივი გლეხებისგან ყიდულობს. თავიდან ჩირი სახლის პირობებში, ოჯახის წევრების დახმარებით მზადდებოდა. ამბობს, რომ მოტივაციას გურული მეზობლების, ნათესავებისა თუ ნაცნობებ-მეგობრების მხარში დგომა უმაღლებდა. ადგილობრივებისგან ბევრი რამ ისწავლა და მიზნად დაისახა, თავისი შრომითა და წარმატებით მათთვისაც მაგალითი გამხდარიყო.

„როდესაც ეს საქმე წამოვიწყე, ირგვლივ ყველა მეხმარებოდა. სოფელში, ჩვეულებრივ გურულ სახლში ბიზნესის დაწყებით მათთვისაც გავაჩინე იმედი, რომ შესაძლებელია რეგიონში, იმ მცირე აქტივით, რაც გაქვს, სახლსა და ეზოს ვგულისხმობ, დაიწყო საქმე, რომელიც შემოსავალს გაგიჩენს. ჩემი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის - მინდა, ჩემნაირ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს, დავანახო, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ, მთავარია, დაიწყონ. სახელმწიფო პროგრამებით, დონორებისა და ბანკის დახმარებით, ბევრის მიღწევა შეიძლება, მით უმეტეს, რომ შრომა ქართველი გლეხისთვის უცხო არ არის, პირიქით, ეს მათი ყოველდღიურობაა, საჭიროა, უბრალოდ, ამ შრომისთვის სწორი მიმართულების მიცემა, რომ ის სათანადოდ დაფასდეს,“ - ამბობს დარეჯან ბერძენიშვილი.

5000 ლარითა და ერთი საშრობი აპარატით, სახლის პირობებში დაწყებული ბიზნესი თანდათან გაფართოვდა. 2020 წელს USAD-ის „სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის“ გრანტის მოგების შედეგად კომპანია „სკიჯმა“ 150 წლიან გურულ ოდაში ჩირების საამქრო ააშენა და ევროპული მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. ასე გადაიქცა გურული ჩირი ტურისტულ პროდუქტად. წელს კომპანია დაახლოებით 3 ტონა მანდარინის, კივის, ხურმის, ქლიავის, ვაშლისა და მსხლის ჩირის წარმოებას გეგმავს. ჩირთან ერთად კი მალე დაიწყებს ჩირის ოთხი სახეობის - ფიტნეს, მაღალკალორიული, დიაბეტური და საბავშვო კანფეტების წარმოებასაც. წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ამიტომ „სკიჯი“ სერთიფიცირების პროგრამაშიც ჩართულია.

ჩირის ბიზნესის პარალელურად დარეჯან ბერძენიშვილმა ეკოტურისტული პროექტიც წამოიწყო და ახალ ბიზნესს „სკიჯის სახლი“ დაარქვა. თიბისის და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით დაიგეგმა სასტუმრო კომპლექსი, მოპირკეთდა ეზო, გაკეთდა ბიოკანალიზაცია, ცენტრალური გათბობა, მოეწყო საჩვენებელი მეურნეობა. წლის ბოლომდე იგეგმება 12 სტუმარზე გათვლილი 3 სასტუმრო კოტეჯის და გასტროტურისტული ლოკაციის - სამზარეულო-სასადილო მშენებლობა, რომელიც „სკიჯის სახლში“ მისულ სტუმრებს გურული ტრადიციული კერძების განსაკუთრებულ, ჩირებით გამდიდრებულ გემოებს შესთავაზებს. საკვებ პროდუქტს კომპანია ადგილობრივი გლეხებისგან ყიდულობს, ნაწილი კი ეზოში მოწყობილ მცირე მეურნეობაში მოჰყავს.

„მაშინ, როცა ჩემი აქტივი შეფასებული იყო ნულით, თიბისი ბანკი ენდო ჩემს ბიზნესგეგმას, ჩემს მონდომებას და მხარში დამიდგა. პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი, თუმცა, დავძლიეთ ეს დაბრკოლებები და ნელნელა გავმართავთ ეკოტურიზმის მიმართულებასაც. ამ წლის ბოლოს დასრულდება ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობილი ბიზნესი, რომელსაც ექნება ერთიანი სტრატეგია: ჩირის წარმოების გარშემო განვითარებული, ხილის საჩვენებელი მეურნეობა, კოტეჯები და ტრადიციული სამზარეულო,“ - ამბობს დარეჯან ბერძენიშვილი.

ძირითად აქცენტს „სკიჯის სახლი“ ეკოლოგიაზე აკეთებს, სწორედ ამიტომ, პირველი, რაც დარეჯანთან სტუმრად მისულ უცხოელ თუ ადგილობრივ სტუმრებს განსაკუთრებით ხიბლავთ, უგემრიელესი, მრავალფეროვანი ჩირისა და გურული სტუმართმოყვარეობის გარდა, ბუნება, სიმწვანე, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი გარემო და საკვებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100