სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ჩემს ქვეყანას, იქნებ ჩემი სიკვდილი აღმოჩნდეს გზის მანათობელი" - ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან

ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა მესამე პრეზიდენტთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მიხეილ სააკაშვილმა კითხვებს წერილობით უპასუხა.

ქვეყანაში ჩამოსვლის მიზეზები, პოლიტიკური დევნა და პატიმრობა, სამომავლო გეგმები, მეორე ტური - ესაა საუბრის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც მესამე პრეზიდენტი ამახვილებს ყურადღებას:

- დღევანდელი გადასახედიდან, იყო თუ არა შედეგიანი თქვენი პირისპირ შეხვედრები ევროპასა და ამერიკაში. ისინი გირჩევდნენ, არ ჩამოსულიყავით თქვენს სამშობლოში, დღეს, რამდენად მკაფიოა საერთაშორისო რეზონანსი და რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, რომ თქვენს გასათავისუფლებლად ევროპის და ამერიკის გზავნილები საკმარისი იყოს?

მე ვიმოგზაურე არა საკუთარ თავზე სალაპარაკოდ, არამედ დამკვირვებლების ჩამოსაყვანად. ძალიან თბილი შეხვედრები გვქონდა. მხარდაჭერის დონე დასავლეთიდან დამოკიდებულია ძირითადად ჩვენი საზოგადოების აქტიურობის დონეზე, დაინახავენ ბევრ ხალხს და დაინახავენ 30-ში არჩევნების შედეგს - იქნება მძლავრი ზეწოლა და მხარდაჭერა.

- 9 წლის მანძილზე მართავდით ამ ქვეყანას და არჩევნების გზით დატოვეთ ის. მას შემდგ უკვე 8 წელი გქონდათ იმისთვის, რომ საკუთარი საქმიანობა შეგეფასებინათ. დღევანდელი გამოცდილებიდან, რას ნანობთ, რას გააკეთებდით სხვაგვარად? სად ხედავთ თქვენს შეცდომებს და რას თვლით ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად? კიდევ დარჩა რესურსი საქართველოს? და როგორ უნდა გავხდეთ ისევ წარმატებული ქვეყანა.

მივიღებდით დეოლიგარქიზაციის კანონს, რომლის დამუშავებაში მე ჩემი წვლილი შევიტანე ახლა უკრაინაში, რათა გაგვემიჯნა დიდი ფული და პოლიტიკა და ჩვენი ქვეყანა პირველივე ფულიან გამვლელ ბიძას არ ჩაედო ჯიბეში. საქართველოს აქვს რამდენიმე დიდი პროექტი სასწრაფოდ განსახორციელებელი, რათა სიღარიბე დაიძლიოს. პირველი და უმთავრესი არის ახალი და დიდი ქალაქი, როგორც ზუგდიდის და ფოთის აგრომელიორაციის ნაწილი შავ ზღვაზე ახალი პორტით ანაკლიაში. ეს იქნება დაახლოებით ნახევარმილიონიანი ქალაქი, სადაც მოვიზიდავთ უცხოეთში წარმატებულ ქართველებს. ფოთის პრაქტიკულად დამთავრებული, ოღონდ შეჩერებული აეროპორტი ამუშავდება. ქალაქი იქნება IT HUB, ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც უნდა აშენდეს მაღალტექნოლოგიური საწარმოები და ამათ კადრებით მოამარაგებს ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტიც.

მეორე დიდი პროექტია კომპილაცია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელვაჩაურში და რეგიონალური ფინანსური ცენტრი გონიოში, რომელსაც შეუერთდება ბათუმის ახლანდელი აეროპორტის ტერიტორიაც, ხოლო აეროპორტი გადავა სოფელ მერიაში. ეს ზონა გადმოქაჩავს ფულს ქართული ეკონომიკისთვის რეგიონის და და მსოფლიოს მდიდარი ქვეყნებისგან.

მესამე დიდი პროექტი არის საქართველოს მსოფლიოს სასოფლო სამეურნეო საგანძურად გამოცხადება, როგორც ღვინის სამშობლოსი, ასევე უნიკალური ბრენდების, ტყემლის, საწებლის, ტარხუნის, ნიყვის, სულგუნის და ა.შ. და ამ პეროექტზე მე უკვე მაქვს ნაპოვნი მილიარდი.

- საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორები მკვეთრად დაშორდა დასავლეთს - ნატოსა და ევროკავშირის პერსპექტივას, მინისტრი ზალკალიანი და პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკვე ღიად ალაპარაკდნენ "კავკასიური ექვსეულის ფორმატში" საქართველოს მონაწილეობაზე. არ გვაქვს სასამართლო ოპოზიციური მედია უპრეცედენეტო ზეწოლის ქვეშაა, "კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია", გადარჩენის რა შანსი რჩება ჩვენს ქვეყანას? როგორ უყურებთ კოალიციური ხელისუფლების პერსპექტივას?

ეს კავკასიური ექვსეულის შემოგდება არის დასავლეთის მიმართ პრიმიტიული შანტაჟი, რომ თვალი დახუჭონ ჩემს დაპატიმრებაზე და არჩევნების მეორე ტურის დაგეგმილ მოპარვაზე. ამ ეტაპზე ჯერ სხვა არაფერია. ოღონდ ამდენს ვერ ხვდებიან, რომ დასავლეთს შანტაჟზე სულ სხვა რეაქცია ექნება, იმის საპირისპირო რაც ამათ სურთ. ჩვენი ამოცანაა მოვიგოთ ყველა დიდი ქალაქი და ეს ნიშნავს, რომ ოლიგარქის ყოვლისშემძლეობის მითი საბოლოოდ დასამარდება და ჩვენი ხალხი საბოლოოდ ირწმუნებს თავის ძალას. ქალაქებში უფრო რთულია გაყალბება და თუ ძალიან ბევრი ვიქნებით გაყალბების მასშტაბები არ ეყოფათ. რა თქმა უნდა გვინდა რეფერენდუმი, იმაზე, რომ პარლამენტი დაბრუნდეს ქუთაისში, სადაც დამტკიცდება კოალიციური მთავრობა.

- 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურია. ის შეიძლება ისტორიული აღმოჩნდეს. თუმცა ქართული ოცნება ყველა საშუალებას იყენებს რომ ისევ მოიპაროს ხალხის არჩევანი, ნიჰილიზმს თესავს და ამბობს, რომ ის უკვე გამარჯვებულია, რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მაინც არაფერი შეიცვლება, რომ მაინც გააყალბებენ, რომ მაინც გადაწერენ, მაინც ისე დაითვლიან, როგორც უნდათ. შესაბამისად, არ მიდის არჩევნებზე? რას ეტყვით ამ ხალხს?

სასმართლო სისტემა ძირფესვიანად შეიცვალოს და მოვიწვიოთ ამერიკული და ევროპული უმწიკვლო რეპუტაციის მქონე მოსამართლეები (ამაზე ევროკავშირს ფული აქვს). ყველა ძირითადი გადაწყვეტილებები გამოვიტანოთ ელექტრონულ რეფერენდუმზე და ყველა უცხოეთში მცხოვრებ ქართველს შეეძლოს ელექტრონული ხმის მიცემა, როგორც ყველა დონის არჩევნებზე, ასევე რეფერენდუმებზე. მინიმუმ 1 მლნ ქართველს, ვინც ახალი წასულია და მოქალაქეობა დაკარგა, ან ვინც იცის ენა და უყვარს საქართველო, უნდა მივცეთ მოქალაქეობა. ვისარგებლებ ამ შემთხვევით და არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა დემნა გვასალიას. ისე ვამაყობდი მისი დიზაინით ქართულ წარწერებიან მაისურს რომ ვხედავდი ლოს ანჟელესში, ვამაყობ, რომ ახლა მხარს მიჭერს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100