სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბექა ბასილაია: ამ წუთიდან გიორგი უგულავა არის უკანონო პატიმარი

ამ წუთიდან გიორგი უგულავა არის უკანონო პატიმარი, - ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე მოსაზრებით, სასჯელაღსრულების სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მე-9 დაწესებულება, სადაც მოთავსებულია გიორგი უგულავა, ვალდებული არიან, რომ ამ წუთიდანვე აღასრულონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

"რა თქმა უნდა ველოდით, რომ გიგი უგულავას სარჩელი დაკმაყოფილდებოდა. ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა იყო აბსოლუტურად დასაბუთებული. ეს არ არის მხოლოდ გიორგი უგულავას გამარჯვება. ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, პირის პატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა 9 თვეზე მეტი ხნის ვადით ანტიკონსტიტუციურია. შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქე დღეიდან, უკვე დაცულია სახელმწიფოს მხრიდან თავნებობისგან. რაც შეეხება უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას - ამ წუთიდან, გიორგი უგულავა არის უკანონო პატიმარი. მისი პატიმრობის ყოველი წამი, ყოველი წუთი ეს არის უკანონო პატიმრობა და ახლა საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მე-9 დაწესებულება, სადაც მოთავსებულია გიორგი უგულავა, ვალდებული არიან ამ წუთიდანვე აღასრულონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება", - აღნიშნა გუშინ ბექა ბასილაიამ.

მისივე განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ის უპირობოდ უნდა შესრულდეს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ პირის პატიმრობა 9 თვეზე მეტი ხნის მანძილზე სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელიც წინ უსწრებდა დაკავებას, დაპატიმრების პერიოდს, არის არაკონსტიტუციური.

"ეს გადაწყვეტილება ერთი-ერთში იმეორებს ჩვენს სასარჩელო მოთხოვნას. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება გიორგი უგულავას და გიორგი უგულავა უპირობოდ უნდა იქნეს გათავისუფლებული", - განაცხადა ბექა ბასიალაიამ.

მისივე თქმით, დაცვის მხარე მიმართავს სასჯელაღრულების დეპარტამენტს, შესაბამის დაწესებულებას, სასამართლოს, თუმცა მიმართვის გარეშეც, სასჯელაღრულების დეპარტამენტი, შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია გიორგი უგულავა გაათავისუფლოს.

"თუ ამ ქვეყანაში კანონი კანონობს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს აღმასრულებელი ხელისუფლება სასჯელაღსრულების მინისტრი, შესაბამისი დეპარტამენტის უფროსი და ა.შ. გიორგი უგულავა ამ წუთიდანვე უნდა გათავისუფლდეს, რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ის არის უკანონო პატიმარი", - განაცხადა გუშინ ბექა ბასილაიამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გუშინ გამოაცხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100