სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ჯარისკაცების მარში, ქართული სიმღერა და შეძახილი „გაუმარ-ჯოს!“ (ვიდეო)

ინტერნეტში ატვირთული ვიდეორგოლი ჯერ რუსულ, შემდეგ კი ქართულ ინტერნეტსივრცეში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. ვიდეორგოლში, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ფაქტია აღწერილი: მწყობრში სამხედრო ნაბიჯით მიმავალი, ვიდეოს სათაურისა („განვადიდებთ საქართველოს!“) და აღწერის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცები ქართულ „გაუმარ-ჯოს!“ ომახიანად იძახიან, მოგვიანებით კი ქართულ სიმღერას ერთგვარი ინტერპრეტაციით ასრულებენ:

„ჩვენ არა ვართ ქალები,

ჩვენ ვართ ჯარისკაცები!..“

ვიდეოს გადამღები, სავარაუდოდ, ასევე სამხედრო პირი ამ შეძახილების მოსმენის შემდეგ პროტესტს გამოთქვამს: „თქვენ რა, სულ გამო**ევდით?.. ეს რას ჰგავს, რუსები ქართულ არმიას განადიდებენ, ბ**ად!..“, - ამბობს ოპერატორი.

ვიდეოს აღწერაში მითითებული არაა კონკრეტული დრო და ადგილი და არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ სად და როდის ხდება მოქმედება. ამასთან, ცხადია, რომ ვიდეო საქართველოს ფარგლებს გარეთაა გადაღებული: ამაზე რუსული სამხედრო ფორმა და რუსული, სამხედრო დანიშნულების სატვირთო მანქანები მიანიშნებს, რომლებიც იქვე, ყაზარმის ეზოში დგას.

მართალია, ვიდეორგოლში მწყობრად მიმავალი ჯარისკაცების ხმები და ოპერატორის კომენტარები გარკვევით ისმის, მაგრამ ინტერნეტმომხმარებელში მაინც ეჭვს იწვევს, რომ ვიდეოზე რუსი სამხედრო პირები არიან აღბეჭდილნი:

ერთ-ერთ კომენტარში მითითებულია, რომ სამხედრო ფორმის საყელოს მიხედვით, ვიდეო უკრაინაში ან ბელორუსშია გადაღებული, მეორე ვერსიით კი ეჭვს იწვევს ოპერატორის სიტყვები ვიდეოს დასაწყისში: „კაპრალები შეიკრიბნენ...“ - მომხმარებლები სამართლიანად მიანიშნებენ, რომ რუსულ არმიას კაპრალები არ ჰყავს.

ეს მართლაც ასეა და „კაპრალს“ დღეს რუსულ არმიაში „უმცროსი სერჟანტი“ შეესატყვისება, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ თვითონ ჯარისკაცები უმცროს სერჟანტს არაოფიციალურად კაპრალს უწოდებენ.

ვიდეოს განხილვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ მასალის გამოქვეყნების დროისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს, „დრონი.ჯი“-ს ექსკლუზიური ინფორმაციით კი, ერთ-ერთი ქართული ტელეარხი ამ ვიდეოს მიხედვით საღამოს გამოშვებისთვის სიუჟეტს ამზადებს.

ვიდეორგოლი რამდენიმე ქართულმა ვიდეოპორტალმა და ბლოგერმა გაავრცელა. cyxymu.livejournal.com იუწყება, რომ ეს ვიდეო საჩუქარია ქართველებისთვის რუსი ქართველისაგან. ვიდეოს ბოლოს ჩანს ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელიც ქართულად ამბობს: "საქართველო, შენთვის არის ეს ყველაფერი".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100