რუსეთი უცხოური ბიზნესისთვის საშიშ ქვეყნად გამოცხადდა
რუსეთი ცნეს ქვეყნად, სადაც ტერაქტების საფრთხე განსაკუთრებით მაღალია. ასეთ დასკვნამდე კომპანია Maplecroft – ის ექსპერტები მივიდნენ, Terrorism Risk Index – ის წარმოდგენილ მორიგ მოხსენებაში. სიაში, სადაც 197 ქვეყანა მოხვდა, რუსეთი ფილიპინებსა და სუდანს შორის, მე–14, „საპატიო“ ადგილს იკავებს.
2011 წლის ივლისში, ეფესბეს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ტერორისტული მიმართულების 169 დანაშაული მოხდა. მათ შორის, 110 დაღესტანში განხორციელდა. თუმცა, რუსი ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გასულ წელთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა.
რაც შეეხება, ტერაქტების კუთხით ყველაზე საშიშ ქვეყნებს, Maplecroft – ის რეიტინგის მიხედვით, მასში მოწინავე პოზიციები დაიკავეს სომალიმ, პაკისტანმა, ერაყმა, ავღანეთმა და სამხრეთ სუდანმა. ამ უკანასკნელმა, დამოუკიდებლობა 2011 წლის ივლისში მიიღო.
როგორც ირკვევა, რეიტინგი კომპანიამ ბიზნესმენებისათვის შეადგინა, რათა მეწარმეებმა, ინვესტიციების ჩადებისას, საკუთარი თანამშრომლებისა და აქტივებისათვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკები გაითვალისწინონ. მოხსენებისათვის გამოყენებულ იქნა უკანასკნელი 12 თვის მონაცემები. ყურადღება მიექცა როგორც ტერაქტების რაოდენობას, ისე მსხვერპლის რიცხვს. ამას გარდა, გათვალისწინებულ იქნა ის ფაქტორიც, თუ რამდენად ახლოა ესა თუ ის ქვეყანა სხვა საშიშ სახელმწიფოებსა და რეგიონებთან, სადაც ტერორისტების აქტიურობა მაღალია.
კომენტარი