სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქვს თუ არა მათ სიტყვას ფასი?

ქართული ოპოზიციის ერთი ნაწილი, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას აძალებდა ცხინვალისა და აფხაზეთის ძალისმიერი გზით - ომით დაბრუნებას. ხოლო როცა რუსეთის ჯარებით სავსე ცხინვალში, ქართული მოსახლეობის დაცვის მიზნით, ხელისუფლებამ ჯარი შეიყვანა, ლამის ჯვარს აცვა ოპოზიციამ სააკაშვილი და მისი გარემოცვა.

ახლა ვნახოთ, როგორი „პრინციპულები“ და თანმიმდევრულები არიან ჩვენი ოპო-ლიდერები ამ სათუთი საკითხის მიმართ.

დავით გამყრელიძე: დიდი ლიახვის ქართული სოფლების მაცხოვრებლები ყოველდღე ჯოჯოხეთში არიან, ზოგჯერ კვირეები არ სძინავთ სახლში, სარდაფში სძინავთ, რადგან იქ აფარებენ თავს. სად არის ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი? სად არის თავდაცვის მინისტრი? იქნებ ზრდილობის გულისთვის მაინც გაგვცენ პასუხი რას უპირებენ ამ ხალხს და როდემდე უნდა იცხოვრონ ამ ჯოჯოხეთში? 2004 წ.

დავით გამყრელიძე: ეს იყო სუფთა პროვოკაცია. ვითომ ქართული მოსახლეობის დაცვის საბაბით სააკაშვილმა ჩაიდინა საშინელი დანაშაული. ტალიავინის დასკვნამდე რა, არ იყო ყველაფერი ნათელი? გამოდის დღეს გაბაშვილი და იძახის, ქართული მოსახლეობის დაცვის მიზნით შევიდა ჩვენი ჯარი ცხინვალშიო. ქართული მოსახლეობა იქ უკვე 18 წელია იცავდა თავს რაღაცნაირად, ხან უჭირდათ, ხან ასე იყო, ხან - ისე, სარდაფებსაც აფარებდნენ თავს. ის ხალხი გაჭირვებით, მაგრამ გაიტანდა კიდევ თავს. (2009 წ.).

რამაზ კლიმიაშვილი: ოსებმა ლამის ამოხოცონ ქართველები დიდი თუ პატარა ლიახვის სოფლებში, ფრონეს ხეობაში. ხალხს იარაღი არა აქვს, თავი რომ დაიცვას. რისთვის აყრის მილიარდებს ჯარს სააკაშვილი? რის მაქნისია ის ჯარი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ვერ დაიცავს? უიარაღო მოსახლეობას. ერთი ბატალიონი რომ შეიყვანოს, უცებ წესრიგი დამყარდება, ოსები კურდღლებივით დაფრთხებიან. რუსიო, რუსიო, ესენი იძახიან. ერთი რუსი ჯარისკაცი არ არის ცხინვალში. (2005 წ.).

რამაზ კლიმიაშვილი: სააკაშვილს ეგონა ისეთი ჯარი მყავს, მოსკოვში ჩავალო. მაგარი სისულელე გააკეთა. ოსები რა, საქართველოს მოქალაქენი არ არიან? ვის ეომა? ჩვენს მოქალაქეებს? სწორედ ამის მერე შემოვიდა რუსული ჯარი ცხინვალში, როცა ამან ჯერ რუსი სამშვიდობოები და მერე - ოსები დახოცა. (2008 წ.).

ნინო ბურჯანაძე: ცხადია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით გადასაჭრელად, მაგრამ არც ძალის გამოყენებას გამოვრიცხავთ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რაც საერთაშორისო სამართლით ლეგიტიმირებული აქვს საქართველოს ხელისუფლებას (2006 წ.).

ნინო ბურჯანაძე: ომის დაწყება იყო დანაშაული, შეცდომა, რომელიც დანაშაულად კვალიფიცირდება. მეტიც, ეს საერთაშორისო დანაშაულია. გაფიქრებაც კი, რომ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ძალისმიერი მეთოდით გადაიჭრებოდა, იყო დიდი სისულელე. ვიდრე ვიყავი ხელისუფლებაში, ასეთი ან უარესი ტრაგედია არაერთხელ ავაცილე ქვეყანას, რადგან ყოველთვის და ყველა საშუალებით ვებრძოდი ხელისუფლების ახირებებს - კონფლიქტების ძალისმიერი გზით გადაჭრას. (2009 წ.).
კობა დავითაშვილი: დღე არ გავა ისე, ვინმე არ გაიტაცონ ცხინვალში ქართული სოფლებიდან, ხალხი საკუთარ ბაღებში სამუშაოდ ვერ გადის, სათიბში ვერ გადიან და საძოვარზე საქონელი ვერ გაჰყავთ. ყოველ ღამე სროლებია ცხინვალიდან ქართული სოფლების მიმართულებით, რამდენი კაცი დაიჭრა, დაიღუპა - საკუთარ ეზოში, ბაღში კლავენ ქართველებს. ესენი კი აქ კონცერტებს ატარებენ, ქართული ჯარი ერაყში ერაყელებს იცავს, როცა ქართველები არიან დასაცავი (2008 წ.).

კობა დავითაშვილი: ქართული მოსახლეობის დაცვა ამათთვის საბაბი იყო ომის დასაწყებად, მიზეზი სხვაა და მალე გაირკვევა რაში სჭირდებოდა სააკაშვილს ეს ომი. ერთი მიზეზი ის არის, ჩამოწეროს ის მილიარდები, რაც ჩაყარა თავდაცვის სფეროში და კაცმა არ იცის, რას მოხმარდა და სად წავიდა (2008 წ.).

ბეჟან გუნავა: გალის მიმდებარე სოფლებში დიდი ყაჩაღობა და უბედურებაა, საშინელ დღეში არიან ამ სოფლების მაცხოვრებლები. სააკაშვილი კი ერაყში იცავს საქართველოს მშვიდობას - ასე იძახის. კარგი იქნება, ქართული ჯარი თუ ჯერ თავის ქვეყანას, უკონტროლო შიდა ტერიტორიებს მიხედავდა და მერე იბრძოლებდა ერაყის მშვიდობისათვის. (2008 წ.).

ბეჟან გუნავა: სააკაშვილისთვის ჰააგის ტრიბუნალი ცოტაა. უარესი ეკუთვნის. არ შეიძლებოდა კი არა, დანაშაული იყო ამ ომის დაწყება. როცა არა გაქვს თავი, ომი არ უნდა დაიწყო - ეს არის აქსიომა, მაგრამ მაგათ არაფერი იციან. (2008 წ.).

მამუკა კაციტაძე: მემარჯვენეებს სისტემატიური კონტაქტი გვაქვს დიდი ლიახვის ხეობის სოფლების მაცხოვრებლებთან. ეს ხალხი - ჯოჯოხეთში ცხოვრობს 14 წელია, ამ ხელისუფლებამ ხელი არ გაანძრია, რომ ამ ხალხისთვის ოდნავი შვება მაინც მოეგვარა. იმის ნაცვლად, რომ იმ ხალხს მიეშველონ, იარაღი ამოიღეს მოსახლეობიდან და სრულიად დაუცველი დატოვეს კბილებამდე შეიარაღებული ოსებისა და დაქირავებული უცხოელი ბოევიკების წინააღმდეგ. (2004 წ.).

მამუკა კაციტაძე: ჯარის შეყვანა იყო უდიდესი დანაშაული. შეიძლება, ძალიან უჭირდა იქ ქართულ მოსახლეობას, კი, იქ იყო კონფლიქტი და შეიარაღებული კონფლიქტიც, სროლა, უბედურებაც, მაგრამ ეს ყველაფრეი სააკაშვილის მოსვლის მერე დაიწყო. მას არავინ ეხვეწებოდა, მოდი და დაგვიცავიო. ეს ხალხი, ის პატრიოტი ხალხი თავს ავად თუ კარგად იცავდა. (2008 წ.).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100