აღდგომის მარხვის ბოლო კვირა - ვნების შვიდეულის მნიშვნელობის შესახებ
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წინ ვნების კვირა უსწრებს. სწორედ ეს კვირა ეძღვნება მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას, საიდუმლო სერობას, უფლის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, მაცხოვრის სიკვდილსა და საფლავად დადებას. ქრიასტიანი ადამიანი ამ კვირას განსაკუთრებული თავმდაბლობით, სინანულითა და მორჩილებით უნდა ხვდებოდეს.
ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ტაძარში ღვთისმსახურებისას ოთხივე სახარება თავიდან ბოლომდე იკითხება. ამავე კვირის “დიდ ხუთშაბათს” ტაძარში სადღესასწაულო წირვა ტარდება, ამ დღეს მოიწვია იესომ საიდუმლო სერობა და დაწესდა ევქარასტიის საიდუმლო. “წითელი პარასკევი” კი ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. სწორედ ამ დღეს მოხდა მაცხოვრის ხორციელი სიკვდილი. მორწმუნემ ამ დღეს ცოდვების ჩადენას განსაკუთრებულად უნდა ერიდოს. ტაძარში ამ დღეს სრულდება “გარდამოხსნის გადმოსვენება”. “დიდ შაბათს” დილით ადრე სრულდება ეკლესიის გარშემო გარდამოხსნის შემოტარება, რომელსაც შემდეგ შუა ტაძარში დაასვენებენ. წირვის ჩატარების შემდეგ კი მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახვედრად ემზადება.
ამ კვირაში პირველი კვირის მსგავსად, მოძღვრის კურთხევის შესაბამისად ვმარხულობთ.
მამა ვახტანგ კვიჟინაძე (სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური): “ეკლესიაში მარხვა იმისათვის არის დადგენილი, რომ ადამიანმა მარხვით დაინახოს თავისი ყოფიერება. თუ მას მორჩილება არ გააჩნია, სიმდაბლითა და მორჩილებით არ აღასრულებს თავის ცხოვრებას მისი მარხვა უნაყოფო იქნება. მორწმუნე მოძღვარმა უნდა დამოძღვროს, როგორ მოიქცეს ქრისტიანული ცხოვრების ამა თუ იმ დროს. ქრისტიანული ცხოვრება სამარადჟამოა, სწორედ ეს უნდა უძღოდეს ადამიანის ცნობიერებას, რომ მან სულიერი წინსვლა მოიპოვოს მარხვის დროს.
ქრისტიანი ადამიანები ვნების შვიდეულს სინანულით ხვდებიან, აქვთ განცდა იმ ტკივილის, სასჯელის, რომელიც მაცხოვარმა ჩვენთვის დაითმინა. ჩვენ ყველანი მაცხოვრის ნაწილი ვართ. როდესაც ქრისტიანი აცნობიერებს, რომ ის ღმერთის ნაწილია, მისგან არის შექმნილი, მისი შექმნილები ულმობლად მოექცნენ, დაამცირეს მაცხოვარი, მიაგეს სასჯელი, ეს ბოროტი კი დღემდე ზეიმობს დედამიწაზე, ქრისტიანი შინაგანად, სულიერად უნდა განიცდიდეს ამ ტკივილს. მართლმადიდებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის ცოდვებში ვარდება, უშვებს შეცდომებს, ბევრი რამ ეშლება. ამ ცოდვების შეცნობით, ტკივილით უნდა ემზადებოდეს ვნების შვიდეულში მაცხოვართან აღდგომის შესახვედრად. ვნების შვიდეულს აღდგომის კვირა მოჰყვება, რომელსაც თითოეული მართლმადიდებელი ზეიმობს.
ვნების კვირის ოთხშაბათს, მწუხრიდან აღარ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ოთხშაბათ დღეს გასცა იუდამ მაცხოვარი. ამ დღიდან აღარ შეიძლება მეტანიების აღსრულება თომას კვირამდე, რაც არ ნიშნავს მაცხოვართან მუხლმოდრეკის აკრძალვას (ეს აზრი ხალხშია გავრცელებული).
“დიდი ხუთშაბათი” არის საიდუმლი სერობის დღესასწაული, ამ დღეს იკითხება თორმეტი სახარება და ხდება ფეხთბანვა. ფეხთბანვის წესი მაცხოვარმა დაადგინა, მან თორმეტივე მოციქულს ფეხები დაბანა, იმისათვის, რათა ეჩვენებინა მოწაფეთათვის, როგორც ის იმდაბლებდა თავს, ესე ეპატრონათ ერთმანეთისთვის. ანუ ვინც გემსახურება ის არის შენზე უპირატესი, თორემ შენ კი არ ხარ უპირატესი, როცა სხვა გემსახურება.
პარასკევი – ეს უკვე ვნების, დამცირებისა და ჯვარცმის დღეა, ამ დღეს სრულდება გარდამოხსნა, ღვთისმსახურებისას იკითხება განსხვავებული ლოცვები. შაბათ საღამოს კი ტარდება სადღესასწაულო ღვთისმსახურება და ვემზადებით ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან შესახვედრად”.
უფალმა მოგვანიჭოს განცდა სინანულისა, თავმდაბლობისა და მორჩილებისა!
კომენტარი