გაცვეთილი დაპირებები და ძველი სახეები - ბადრი ჯაფარიძე
„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენას გამოეხმაურა. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მმართველ გუნდს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის რესურსი აღარ გააჩნია.
„სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა და მმართველ ძალას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის რესურსი არ გააჩნია. ჩვენ დღეს ვნახეთ ძველი რიტორიკა და საზოგადოების თვალში დისკრედიტირებულია სახეები. მოვისმინეთ გაცვეთილი დაპირებები. ქართული ოცნების დღევანდელი პრეზენტაცია კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს ძალა ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ ძალას არავითარი რესურსი აღარ აქვს ქვეყნის სამართავად.
„ქართულ ოცნებას“ არ აქვს და, შესაბამისად, ვერც საუბრობს საკუთარ მიღწევებზე. ამიტომ მიმართავს მათ მიერ უკვე აპრობირებულ ტაქტიკას, რომელიც აღარ გაჭრის. ფაქტია, ვერაფერს ახალს ვერ ამბობენ თავიანთი მმართველობის პერიოდზე და ისევ და ისევ საუბრობენ იმ პერიოდზე, რომელიც 8 წლის წინ წარსულს ჩაბარდა. ეს ხელისუფლება არის ქვეყნის რეგრესის ავტორი, რომელმაც ქვეყნისთვის ვერაფერი სასარგებლო ვერ გააკეთა. ოცნებამ ამოწურა არა მხოლოდ იდეების რესურსი, არამედ ადამიანების რესურსიც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტისთვის წარსადგენ კადრებზე, პირველი მახასიათებელი უნდა იყოს მათი გამოცდილება, ცოდნა, კომპეტენცია, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ოცნების კანდიდატთა შერჩევის ძირითადი პრინციპი არის პარტიის თავმჯდომარის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
კომენტარი