სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია მეორე კიევში გაემგზავრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა .
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისის აეროპორტი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. უწმინდესი კიევში ჩარტერული რეისით გაფრინდა. გამგზავრების წინ უწმინდესმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ კიევში ვიზიტით მიემგზავრება, სადაც შეხვდება რუსეთის პატრიარქს და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს.
კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინაში, კიევის რუსეთის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. უკრაინაში ვიზიტის დროს უწმინდესი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე ხვალ დაგეგმილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და რუსეთის პატრიარქის კირილის შეხვედრა კიევის პეჩორის ლავრაში.
საქართველოს პატრიარქი კირილს მეორედ შეხვდება უკრაინაში. პირველად ორი ქვეყნის პატრიარქი 2009 წლის 6 ნოემბერს ბაქოში შეხვდნენ, სადაც კავკასიის სულიერი ლიდერის ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს საიუბილეო ღონისძიებები იმართებოდა. ვიზიტის პროგრამის ფარგლებში, 28 ივლისს კიევის რუსეთის გაქრისტიანებისა და მოციქულთა სწორის დიდი კნიაზის ვლადიმირის ხსენების დღეს, კიევის პეჩორის ლავრაში, დღესასწაულო წირვა გაიმართება, სადაც უკრაინის მიტროპოლიტი ვლადიმირი, რუსეთის პატრიარქი კირილი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერთობლივად საღვთო ლიტურგიას გამართავენ.
უწმინდესის ვიზიტი უკრაინაში 30 ივლისს დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100