სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სახალხო კრება“ ულტიმატუმების ენაზე შუაღამიდან ალაპარაკდა

„სახალხო კრების“ სახელით რომ ნინო ბურჯანაძე საუბრობს, უკვე არავის უკვირს. გვიან ღამით მან უკვე ულტიმატუმის ენაზე დაიწყო ლაპარაკი. „თუ ხელისუფლება მშვიდობიანად არ გადადგება, მაშინ ის მიიღებს რევოლუციას ძალადობრივი გზით“, – ასეთი იყო ნინო ბურჯანაძის რიტორიკა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რათა დღეს დაგეგმილი აქცია ჩაშალონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ბურჯანაძე ამბობს, რომ გუშინ იმერეთში დააკავეს მანქანა, რომელიც ბათუმში მიდიოდა და იქ დაგეგმილი მიტინგის გახმოვანებისთვის საჭირო აპარატურა მიჰქონდა. მანქანას თემურ შაშიაშვილი, ელიზბარ ჯაველიძე და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცილებდნენ.

ბურჯანაძე ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს: „თუ ხვალ იმ დროისთვის არ გადმოგვცემენ მანქანას და აპარატურას, რომ მან ბათუმში ჩასვლა მოასწროს, მოქმედებები ზესტაფონიდან დაიწყება. ამისთვის სასწრაფო დავალება იმერეთის წინააღმდეგობის კომიტეტებს მიეცემათ – თბილისში მათ გარეშეც საკმარისი ხალხი იქნება“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.

ამავე დროს, საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ „სახალხო კრებიდან“ სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ კრება დღევანდელ მიტინგზე ულტიმატუმის ენით ილაპარაკებს და ხელისუფლებას გადადგომის ბოლო ვადად 24 მაისს დაუთქვამს. „მტკიცედაა გადაწყვეტილი, რომ მიტინგზე გამოსული ხალხი სახლებში არ გააბრუნონ და რადიკალური მოქმედებები, რომელთა აუცილებლობაც, სავარაუდოდ, დადგება დღის წესრიგში, რაც შეიძლება ნაკლებად გაიწელოს დროში“, – ამბობს „სახალხო კრების“ წყარო.

სავარაუდოდ, დღის პირველი ნახევრიდან „სახალხო კრება“ კიდევ მრავალ „სკანდალს“ გაახმაურებს, რომლებიც დაკავების, ნარკოტიკების „ჩადების“, სულაც „შუა ქუჩაში ნარკოტიკების“ გაკეთების, ქუჩიდან სახლში შებრუნების და მსგავსი ხასიათისა იქნება, რათა ულტიმატუმის ტონი კიდევ უფრო გაამკაცროს.

"სახალხო კრებამ" დილიდან საჯარო მოხელეებისადმი მიმართვაც გაავრცელა, სადაც მათ "ხალხის მხარეს დგომისკენ" მოუწოდებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100