სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თსუ-ში გამოჩენილი „ჯულიან ასანჟი“ სტუდენტთა სკანდალურ მიმოწერას აქვეყნებს (ვიდეო)

„ვისი ვისაშია, ანუ ბედკრული თსუ...“ ამ სათაურით ქვეყნდება ბლოგ-ტექსტი georealism-ის ბლოგზე, მისი ავტორი კი საკუთარ თავს „ქართველ ჯულიან ასანჟს“ უწოდებს. როგორც მისი ნაწერიდან ირკვევა, მან მოიპოვა წვდომა სტუდენტური თვითმმართველობის წევრების ფეისბუქ-პროფილებზე (როგორც ჩანს, აკრძალული ხერხით, რაც თავისთავად, სამართალდარღვევაა) და მათი პირადი მიმოწერის ამსახველი სქრინ-ფოტოები გაუგზავნა „სტუდენტური ბლოგის“ ადმინისტრაციას, რომელმაც ეს მასალები გამოაქვეყნა კიდეც.

თუმცა, როგორც ბლოგ-ტექსტის ავტორი მიუთითებს, „სტუდენტური ბლოგის“ ადმინისტრაციამ მას იმედები გაუცრუა, რადგან იქ გაგზავნილი მისი მასალები ხარისხდებოდა და ქვეყნდებოდა მხოლოდ ისინი, რაც სტუდენტური თვითმმართველობის დისკრედიტაციას უწყობდა ხელს:

„ჩემი მხრიდან სხვისი იუზერის გამოყენება ხდება მხოლოდ ინფორმაციის საჯაროობის ხელშეწყობისთვის და სტუდენტების თვალის ახელისთვის. მაგრამ, ჩემდა გასაოცრად ამ ბლოგის ადმინისტრატორებმა იმედები გამიცრუეს : (( ჩემი გაგზავნილი მასალა ხარისხდებოდა და მხოლოდ ის ვრცელდებოდა გვერდზე, რომელიც მათ აწყობდათ და თვითმმართველობის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. ამიტომ, გადავწყვიტე წამერთვა მათთვის ადმინობა და ეს გვერდი ყოფილიყო ერთადერთი ადგილი, სადაც ხდება ობიექტურად სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში არსებული სიტუაციისთვის ნათელის მოფენა.“, - წერს ბლოგერი.

სანამ ბლოგის დეტალურ აღწერაზე გადავალთ, ორი სიტყვით იმის შესახებ, თუ რატომ არის დღეს აქტუალური თსუ-ში მიმდინარე პროცესები. სტუდენტურ თვითმმართველობას (ე.წ. თვითები) დღეს წარმოადგენს ერთიანი სტუდენტური მოძრაობა. მას უპირისპირდება სტუდენტთა რამდენიმე სხვა ჯგუფი - „სტუდენტური ხმა“ და „ახალგაზრდული ცენტრი“, რომლებიც გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობენ თსუ-ში. „თვითებისა“ და მათთან დაპირისპირებული სტუდენტების აქტივობის შესახებ საზოგადოებისთვის რამდენჯერმე გახდა ცნობილი: სხვადასხვა პლატფორმაზე მდგარ სტუდენტებს შორის აპრილში რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რაშიც თვითმმართველობის წარმომადგენლები მიიჩნიეს დამნაშავედ. რამდენიმე სტუდენტი, რომელმაც მიმართა ფიზიკურ ძალადობას, პოლიციამაც გააფრთხილა.

თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 18 მაისს ტარდება. შესაბამისად, ერთიანი სტუდენტური მოძრაობა თვითმმართველობის სათავეში დასარჩენად, სტუდენტთა სხვა ჯგუფი კი, რომელიც თავს დამოუკიდებელ, პოლიტიკური პარტიების გავლენებისგან თავისუფალ ძალად წარმოაჩენს, თვითმმართველობაში მოსასვლელად იბრძვის.

ქართველი „ჯულიან ასანჟი“ ამჯერად სწორედ ამ მეორე, თითქოსდა პოლიტიკური პარტიების გავლენისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი ძალის წარმომადგენლების პირადი მიმოწერით დაინტერესდა. ბლოგში მოხსენიებულნი არიან კონკრეტული პიროვნებები - ის სტუდენტები, რომლებიც წინასაარჩევნოდ აქტიურობენ და სხვებსაც აქტიურობისკენ მოუწოდებენ. ბლოგის ბოლოს ტექსტის ავტორი უთითებს ვიდეოს, იმის დასტურად, რომ მიმოწერის სქრინ-ფოტოები ნამდვილია და არა ფოტოშოპით დამუშავებული. ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ შედის ჰაკერი ერთ-ერთი, ბლოგში მოხსენიებული სტუდენტის პროფილში, გადადის მის PM-ში და ხსნის სწორედ იმ მიმოწერას, რომელიც ბლოგში სქრინის სახითაა წარმოდგენილი.

მიმოწერიდან ირკვევა, რომ ალტერნატიულ სტუდენტურ ძალას, რომელიც თვითმმართველობაში არჩევნების გზით მოსასვლელად იბრძვის, 100 ათასი ლარით განსაზღვრული ბიუჯეტი აქვს, რამაც არჩევნებში მათი გამარჯვება უნდა უზრუნველყოს. ბლოგერი წერს, რომ ამ თანხას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი წარმომადგენლის დავით ფაცაციას ძმა, ალექსი განაგებს. მოყვანილია მიმოწერის ნაწილიც, სადაც „თვითების“ მოწინააღმდეგე სტუდენტები თანხის განკარგვაზე საუბრობენ და ახსენებენ შეხვედრის ორგანიზებას „ტრიუმფში“ ან „თუსაიდში“, ასევე „ლაიქების“ კამპანიას, რომელიც „900-1000 ჯდება“, ოფისის დაქირავებას, ექსკურსიებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას.

ბლოგის ავტორის თქმით, სწორედ ალექსი ფაცაციას ძმა, დავითი გახლავთ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ბიძინა ივანიშვილისგან თანხის მიღების გარანტი. „16-ში იქნება, ჩვენ რომ ვიცით ის“ - ასე, მინიშნებებითაც ესაუბრებიან სტუდენტები ერთმანეთს, სავარაუდოდ, ლაშა ჩალაძის („ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ ალტერნატიული ძალის წარმომადგენელი) პროფილის პირად მიმოწერაში, რომელშიც, სქრინის მიხედვით, ლაშა ჩალაძის გარდა გიორგი ფხალაძე, ერეკლე მარიკაშვილი, ბექა შენგელია და Alex Patsa არიან მონიშნულნი:

„ალექს, ოფისზე უთხარი და ისიც უთხარი, რომ მარტო თსუ-ში არ ვაკრავთ ხვალ (საუბარია სტიკერების გაკვრაზე, - ლ.მ)...“ - ბლოგში წარმოდგენილი სქრინის მიხედვით, წერს Erekle Marikashvili იუზერს, რომელიც რეგისტრირებულია, როგორც Alex Patsa (ბლოგერის მითითებით, სწორედ ეს უკანასკნელი იუზერია ალექსი ფაცაცია, დავით ფაცაციას ძმა), ხოლო ის პასუხობს:

Alex Patsa: „ტრიუმფი იქნება თუ თუსაიდი, არ უნდა გაცდეს 8-9, მასე მაქ მე შეთანხმებული და ისედაც ბევრი დარჩება, მერე ექსკურსიები და ეგაა და თუ არ გამოვა ექსკურსიები, ხელმოწერები გავაკეთოთ მაინც“.

Erekle Marikashvili: „აბა, 100 გვაქვსო?“

Alex Patsa: „კაროჩე, ჩემი ძმა აიასნებს რა ყველაფერს, მაგრად არის ივანიშვილთან, და 100 იქნება და ყველაფერი მაგრად იქნება, რა, ოფისი ხომ გაიასნდა უკვე“.

ტექსტის ბოლოს, ასე ვთქვათ, რეზიუმეში, ბლოგერი თსუ-ს სტუდენტებს „თვალის ახელისკენ“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს:

„ერთი ყველაზე დიდი უბედურება რაც ამათ სჭირთ არის ის, რომ არიან ბევრად გაუნათლებლები ვიდრე სტუდენტური მოძრაობის აქტივისტები,

თუნდაც იმიტომ რომ 100 000 გამოართვეს ივანიშვილს და უკვე შეჭამეს : ))

ისმის კითხვა?

სად წავიდა ფული? ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით 04.05.12-ში საღამოს 6 საათზე ივანიშვილის ახალგაზრდულის ოფისში სერიოზულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ზემოთ ხსენებულ დავით ფაცაციასა და დანარჩენებს შორის, რომლებიც მას აბრალებდნენ თანხის დიდი ნაწილის მითვისებას. ჯერ არ მოსულხართ და თქვენი მოსვლისთვის მოცემული ფული შეჭამეთ და მერე ერთმანეთს დაუწყეთ დაჭმა და რომ მოხვალთ მერე რას გააკეთებთ???“ (ბლოგიდან მოყვანილ ციტატებში სტილი დაცულია, - რედ.).

ბლოგერი აღნიშნავს, რომ მსგავს სკანდალურ მასალებს კიდევ არაერთხელ გამოაქვეყნებს.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100