ზაქრო კალაშოვს კრიმინალური ორგანიზაციის წევრის სტატუსი მიენიჭა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზაქრო კალაშოვს კრიმინალური ორგანიზაციის წევრის სტატუსი მიანიჭა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, 20 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნდა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დაჯგუფებების წევრების ახალი სია, სადაც ოფიციალურად "საძმო წრის" (The Brothers' Circle) კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის სტატუსი მიენიჭა ცნობილ კრიმინალ ზაქრო კალაშოვს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ზაქრო კალაშოვი "საძმო წრის" ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია. იგი ევრაზიის ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების ცნობილი წარმომადგენელია და ახლო ურთიერთობა აქვს ლაშა შუშანაშვილთან, რომელსაც "საძმო წრის" სიის წევრობა, 2012 წლის 6 ივნისს მიენიჭა.
ზაქრო კალაშოვს ბრალად ედება: ევრაზიის კრიმინალური დაჯგუფებისთვის ფულადი სახსრების მობილიზება, ფულის გათეთრება, იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში მონაწილეობის მიღება.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების უახლეს ეკონომიკურ სანქციებს, საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრი პირების წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს მსგავსი აქციების მნიშვნელობას მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის და აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ როლს ამ საქმეში.
ქართული მხარე აცხადებს მზადყოფნას, მომავალშიც შეიტანოს წვლილი ტრანსნაციონალური ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი, სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით", -ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარი