სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

" ხელისუფლებამ ე. წ გარემოს დამცველებს და ე. წ პოლიტიკოსებს საბოტაჟის მოწყობის უფლება არ უნდა მისცეს"

"ეს შეხვედრა შედგა სამუშაო ფორმატში და შეთანხმდით რომ მომავალში უფრო თემატური შეხვედრა გავმართოთ ახალი პროექტების მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკისთვის. საკმაოდ კარგი მოსაზრებები იყო ყველას მხრიდან. იყვნენ ეკონომისტები, პარლამენტის წევრები საკმაოდ კარგი სამუშაო შეხვედრა იყო. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროეტზე, ხუდონჰესზეც. ყველა ერთმნიშვნელოვნად თანხმდება, რომ ხუდონის მნიშვნელობა ძალიან დიდია ქვეყნის ეკონომიკისთვის." _ ასეთ შეფასებას აკეთებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ირაკლი ლექვინაძე ვიცე პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე.

კახა კალაძემ ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ექსპერტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები.

შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, ქვეყნის გრძელვადიან ენერგეტიკულ სტრატეგიაზე, საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე მოვლენებსა და ენერგეტიკული სფეროს შესაძლებლობებზე. ასევე, ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე როგორიცაა "ხუდონჰესი".

_ბატონო, ირაკლი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს რა პოზიცია ჰქონდათ ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით?

_ შეხვედრას ზურაბ ჯაფარიძეც ესწრებოდა და რამდენადაც მე ვიცი ისინიც საკმაოდ პოზიტიურად არიან განწყობილები. შეხვედრას ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელიც ესწრებოდა და ყველა ცალსახად აფიქსირებდა პოზიციას, რომ მსგავსი მოცულობის ინვესტიცია საქართველოში მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

_ თუმცა არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ხუდონჰესის პროექტის მშენებლობას ეწინააღმდეგება...

_ მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას. არის გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური ან ვიწრო მერკანტილური ინტერესი. მე მათ ე.წ. პოლიტიკოსებს და ე.წ. გარემოს დამცველებს უწოდებ. მათი მიზანია, ხელი შეუშალონ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. მათ არგუმენტიც კი აღარ დარჩათ, დღეს მათი ოპონირება გადასულია საბოტაჟისა და დესტრუქტურის მოწყობაზე. საქმიანი საუბრები მათი მხრიდან არ ისმის. თქვენ შეგიძლიათ დაურეკოთ და ჰკითხოთ, მაგრამ არ მგონია, რომ რამე არგუმენტირებული მოსაზრება გითხრან, რატომ არ უნდა გაკეთდეს მსგავსი ტიპის პროექტი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ პროექტის მნიშვნელობაზე, ვიცნობთ პროექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, აქ არის საუბარი მსოფლიო ბანკის, იტალიური, სერბული კომპანიების გარემოს დაცვით შეფასებებზე. გარკვეული ეკონომიკური ალტერნატივების ანალიზზე. სწორედ ამის საფუძველზე ვსაუბრობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ზოგადად ენერგეტიკისა და ეკონომიკისთვის. ყველაზე რთულ საკითხად ხუდონის პროექტში რჩება ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთანაც დიალოგი და კომუნიკაცია აუცილებელია. მე დარწმუნებული ვარ, თუ პოლიტიკური კონტექსტი მოსცილდება ამ განხილვებს, ადგილობრივ მოსახლეობას და ინვესტორს შესაძლებლობა მიეცემათ შეთანხმდნენ ორმხრივად სასარგებლო პირობებზე.

იგივე ღურტას პრობლემებმა დაგვანახა, რომ ვიღაცას აწყობს მსგავსი ტიპის პროექტი არ განხორციელდეს. ასეთი არეულობის გზით ცდილობენ ინვესტორების წინააღმდეგ მოქმედებას. ეს დადასტურდა "იბიარდის" წინააღმდეგ მოწყობილ გარკვეულ დემარშში, ხუდონთან დაკავშირებულ პერიპეტიებზე. ჩემი აზრით, მთავრობის პოზიცია ამ საკითხებზე უნდა იყო კანონის ფარგლებში მოქცეული, რომ დაინტერესებულ მხარეებს ე.წ. პოლიტიკოსებს და ე.წ. გარემოს დამცველებს არ ჰქონდეს სტიმული მსგავსი ტიპის საბოტაჟის მოწყობის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100