სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იოანე ზოსიმეს ხელნაწერი მილიონ ფუნტად იყიდება

ქართული ხელნაწერი მილიონ გირვანქა სტერლინგად საერთაშორისო აუქციონზე.
იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ფასი "კრისტის" აუქციონზე 1, 000 000 - 1, 500 000 გირვანქა სტერლინგია.

დღეს, 11 ივნისს, ლონდონის Christie's აუქციონზე Manuscript Masterpieces from The Schøyen Collection წარმოდგენილი იქნება სინაის მთის (ეგვიპტე) ხელნაწერი არამეულ და ქართულ ენაზე.

ის ქრისტიანული პალესტინის, არამეულ ენაზე შექმნილი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -13 საუკუნეებში.

შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტში (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.

პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან.

აუქციონის სახლის ინფორმაციით, ხელნაწერი ქართველმა ბერმა და სწავლულმა იოანე ზოსიმემ 979 წელს ხუცური დამწერლობით შექმნა. ის მარტინ შოენის კოლექციიდან იყიდება.

1955 წლის ზაფხულში ფლორენციაში 15 წლის მარტინ შოენმა შეიძინა თავისი პირველი ანტიკვარული წიგნი – ფრანგული ქადაგებების ხელნაწერის ფრაგმენტი – 1300 წ. ამ ხელნაწერის შეძენიდან დაიწყო ოდესმე შეკრებილი ხელნაწერების ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი კოლექციის ისტორია.

1980-იანი წლების ბოლოს მარტინ შოენი და მისი კოლექცია ცნობილი გახდა აუქციონის სახლებისთვის, მეცნიერებისთვის და დილერებისთვის. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ასეთი მასშტაბისა და ხარისხის კოლექციის შეგროვება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტინ შოიენმა წარმატებას მიაღწია.

კოლექცია მოიცავს 1300 კულტურის ისტორიის ძეგლს და მსოფლიო მემკვიდრეობის ისეთ ხელნაწერებს, როგორიცაა კროსბი-შოიენის კოდექსი, ჰოლხამის ებრაული ბიბლია, Codex Sinaiticus Rescriptus და Geraardsbergen ბიბლია, ასევე ბერძნული ლიტერატურა, ჰუმანისტური შედევრები, ადრეული ინგლისური სამართალი, შოტლანდიური მატიანე და სხვა.

ცნობილია, რომ აუქციონი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100