სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ გადადგეს (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარებს გაიყვანს, ის მზად არის ხელისუფლებიდან წასვლის დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთს საქართველოს ხელისუფლების გამოცვლა იმის გამო უნდა, რომ მთავრობაში შემდგომ ისეთი ძალა მოიყვანონ, რომელიც ირიბად თუ პირდაპირ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას დააკანონებს.

„იმ ტყუილისთვის, რომ რუსეთის დღევანდელ მთავრობას ქართველი ხალხი უყვარს, კბილი ჩვენმა ხალხმა დიდი ხანია მოიცვალა, მაგრამ დღეს მათ თვითონ აღიარეს, რატომ უნდათ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა. დღევანდელმა მთავრობამ საქართველო აქცია ისეთი წარმატებული რეფორმების ქვეყნად, რომლის მიბაძვა რუსეთს კი შეუძლია, მაგრამ გამეორება ნამდვილად არა. წარმატებული საქართველო კი, მათი ყველაზე დიდი კოშმარია“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის სანაცვლოდ ასევე მზად არის მოიჭრას და გაუგზავნოს მისი სხეულის ის ნაწილი, რაზეც რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა ინტერესი.

„ჩემი პასუხი კი არის მარტივი თუ ისინი მზად არიან, რომ საქართველოს დაუბრუნონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი და გაიყვანონ თავისი ჯარები, დღესვე, ეს იქნება მედვედევი თუ რუსეთის რეალური მმართველი, მზად ვარ სადაც უნდა ჩავფრინდე და მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას, რომ ვცვლი ჩემი ხელისუფლებიდან წასვლას საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე. ასევე, მზად ვარ დამტებით მოვიჭრა და გავუგზავნო ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომელზეც მათ არაერთხელ გამოხატეს თავისი ინტერესი. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

internet.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100