სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი ქართული ბიზნესის სირთულეებით სავსე გზა 1991 წლიდან დღემდე

გთავაზობთ ჩანაწერს სადაც ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის დედა მისი შვილის ბიზნესის შესახებ საუბრობს.

1991 წელი ... ლუდსახარში ,,ლომისის’’ მშენებლობის დაწყება, არაადამიანური შრომა. იმავე წლის ავად სახსენებელი მოვლენები, ახალი მთავრობა და პრობლემების მთელი წყება. ბანკიდან კუპონებით აღებული სესხი და ლარებით მისი გადახდის სირთულე. საწარმოს დაყადაღება და შემთხვევით გაცნობილი ვლადიკავკასიელი ლუდის ქარხნის დირექტორის ასლან ხადარცევის უანგარო დახმარება, პირველი წარმატება. ლუდის მოყვარულებს კარგად ახსოვთ ,,ლომისის’’ და ,, ჩეხურის’’ გემო. დისტრიბუტორები ღამეებს საწარმოს ეზოში ათენებდნენ, რომ რიგი არ დაჰკარგვოდათ. მართლაც კარგი ლუდი იყო ,,ლომისი’’.

არ ეძინა მტერსაც... მრავალმხრივი და მრავალჯერადი რეკეტი ,მაგრამ ბიჭების შეუპოვრობა და ლუდსახარშის გადარჩენა. ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ’’ ლოზუნგით მოსული მეწარმეები და მუქარა - ჩავძირავთ ,,ლომისს’’ ,მაგრამ ვერ მოახერხეს , ხარისხმა ძალას სძლია.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნები, ,, მოქალაქეთა კავშირის’’ რისხვა, რამოდენიმე თვით საწარმოს დალუქვა,ტონობით გაფუჭებული ლუდის გადაღვრა და არყის საამქროს გაჩერება. ამ რთულ სიტუაციაში ისევ ხადარცევის დახმარება და საწარმოს გადარჩენა ,ბიჭების დაუღალავი შრომა და წარმატება.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ცეზარის გამარჯვება , ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის ვლადიმერ გუცაევის დამარცხება და ახლა სააკაშვილის დაპირისპირება, თითქმის 2 წლის განმავლობაში აქტიური ბრძოლა ჩოჩელების წინააღმდეგ. ალბათ არ დარჩა სალანძღავი სიტყვა, რომელიც არ გამოიყენეს : ბანდიტი, ყაჩაღი, ქსნის ხეობის ფეოდალი, ნაძირალა... და ეს იმ დროს, როცა ახალგორმა სწორედ ჩოჩელების ბიზნესით ახალი სუნთქვა დაიწყო.

2005 წელს ააშენეს ,,ნატახტრის’’ ლუდსახარში ,რა თქმა უნდა ,კრედიტით. საწარმოს ამოქმედება და კიდევ არ ეძინა მტერს... ერთი ვაიპოლიტიკოსის მოწოდება - ბოიკოტი ,,ნატახტარს’’ , ვინც მას დალევს, მოღალატე იქნება . ახალი საწარმოს დასაცავად სიტყვა არავის დასცდენია.

2007 წლის ცნობილი მოვლენები , ბანკის ვალის გასტუმრების სირთულე და ,,ნატახტრის’’ იძულებით გაყიდვა. 2008 წელი . ცეზარის გუბერნატორად დანიშვნა (მისი სურვილის საწინააღმდეგოდ), რამაც მის ბიზნესს მართლა ლახვარი ჩასცა. ზოგისთვის ეს შეიძლება მისალოცი ყოფილიყო, ჩვენი ოჯახისთვის კი მეხის დაცემის ტოლფასი . იმავე წლის 8 აგვისტოს ომი, მტრის ალყაში მოქცეული ცეზარის დაცხრილული მანქანა და თვითონ სიკვდილს ძლივს გადარჩენილი. მიუხედავად ამისა, 2 კვირა ისევ ოკუპირებულ ახალგორში მეგობრებთან ერთად ,მთის ბილიკებით ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოდ გადაყვანა დუშეთის რაიონში,იქიდან კი თბილისში. კვლავ სიკვდილის საფრთხე... საბოლოოდ მშობლიურ კუთხესთან ერთად ყველაფრის დაკარგვა და დევნილობა. ქველმოქმედებაში დახარჯული მილიონები და ზრუნვა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებაზე. იაგო ჩოჩელის მიერ ჯერ ,, მიქსორის’’ ,შემდეგ ,,ბარამბოს’’ შექმნა, გაპარტახებული ,,შპალების’’ ქარხნის ყიდვა და ახალი ტიპის საწარმოდ ქცევა, ქართული ლუდის კომპანია ,,ზედაზენის’’ ამოქმედება და ათასობით ადამიანის დასაქმება,მათ შორის უმეტესობა დევნილის. ეს ყველაფერი კი ბანკის კრედიტით გაკეთდა. ასე იქცა ,, ნატახტრის’’ გაყიდვის შემდეგ 60 მილიონი დოლარის მფლობელი ბიზნესჯგუფი 60 მილიონიანი კრედიტით ბანკის მოვალედ.

ჩოჩელებისთვის ხორცის ბიზნესის დაბრალება და ცეზარის სახლთან გაუთავებელი აქციები გატყავებული ცხვრების თანხლებით. არავინ გამოსარჩლებია უდანაშაულო ,, დამნაშავეს’’ ,რა თქმა უნდა, არც ხორცის ბიზნესის მეპატრონეებს ამოუღიათ ხმა.

2009 წელი. ინტერპლასტის დაყადაღება, შემდეგ კი მთლიანად გაჩერება. ასობით უმუშევრად დარჩენილი ადამიანი და ისევ ,, მფარველი მთავრობის’’ დუმილი. მალე ,,ბერტამაც’’ გაიზიარა მისი ბედი,ამ შემთხვევაშიც ,, არსაიდან ხმა არსით ძახილი’’ .

2012 წელი. .. ახალი შეტევა ჩოჩელების ბიზნესჯგუფზე, ახლა უკვე საბოლოოდ განადგურების მცდელობით.დღევანდელმა ვითარებამ დამარწმუნა, რომ ბიზნესმენი თუ ცბიერი, მედროვე და მლიქვნელი არ იქნება, მას არცერთი მთავრობა არ მისცემს გასაქანს და ,, მაღალთა ამა სოფლისათა’’ გულს ვერ მოიგებს,ყოველთვის გაუგებრობიდან გაუგებრობაში, უფრო სწორედ კი ჯოჯოხეთიდან ჯოჯოხეთში აღმოჩნდება,მით უმეტეს, ახლა, როცა შეიძლება ბრალი იმის გამო წაგიყენონ , წინა ხელისუფლებაში ვიღაცისთვის ხელი ჩამოგირთმევიაო. მე ამას დავარქმევდი სამართლიანობის აღდგენის საფარქვეშ მოქცეულ შურისძიებას.

,,ყოველი მტერი იმის ცდაშია, რომ დრო შემოიგდოს და წაახდინოს’’ (სულხან -საბა ორბელიანი). ასე რომ, დღემდე ყველა მტერმა თავისი საკეთებელი გააკეთა. რა იქნება შემდეგ, გვეშველება როდისმე ?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100