სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამთა სანიკიძემ ელენე ახვლედიანთან „ინტერვიუს ჩაწერის“ შესახებ ჭორის ავტორი დაასახელა

ტელეკომპანიების „მზისა“ და „იმედის“ ყოფილმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა თამთა სანიკიძემ საჯაროდ პირველად დაასახელა მის შესახებ გავრცელებული ცნობილი ჭორის ავტორი.

ჟურნალისტმა კომენტარი „ფეისბუქზე“, „დრონი.ჯი“-ს მიერ გავრცელებულ მასალაზე („თამთა სანიკიძე „იმედიდან“ წავიდა“) კომენტარების საპასუხოდ გააკეთა, სადაც კიდევ ერთხელ გაიჟღერა ჭორმა იმის შესახებ, როგორ ითხოვა ელენე ახვლედიანის პერსონალურ გამოფენაზე სიუჟეტის მოსამზადებლად მისულმა თამთა სანიკიძემ გამოფენის ავტორის მობილურის ნომერი, რათა მასთან ინტერვიუ ჩაეწერა.

თამთა სანიკიძემ კომენტარით ჯერ იმ იუზერებს უპასუხა, ვინც ეს ჭორი დაიჯერა, შემდეგ კი იგივე კომენტარი „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე სტატუსად გამოაქვეყნა:

„ამ თემას ყოველთვის უყურადღებოდ ვტოვებდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავს ცილისწამებას არავინ დაიჯერებდა, მაგრამ შევცდი... სამწუხაროდ, ჩემი რეპორტაჟების არქივში არ მოიძებნება ერთი სიუჟეტიც კი, სადაც ახვლედიანის ნამუშევრების გამოფენაა გაშუქებული... როგორც ექსპოზიციების გამშუქებელი, სახლ-მუზეუმის შენობაში ნამყოფი არ ვარ. და მთავარი: 2005 წელს ეს ჭორი კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მაშინდელმა უფროსმა გამივრცელა, რომელთანაც სულ სხვა თემაზე მომივიდა კონფლიქტი, მან კი „სამაგიერო“ მსგავსი ჭორით გადამიხადა, მერე კი მომიბოდიშა და თქვა, რომ სხვა ჟურნალისტში ავერიე“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თამთა სანიკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. ეს ინფორმაცია „იმედის“ პრესსამსახურშიც დაადასტურეს, სადაც დაამატეს, რომ ტელეკომპანიიდან წასვლა თამთა სანიკიძის ჰოლანდიაში, სასწავლებლად გამგზავრების გეგმებს უკავშირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100