პატრიარქი: ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას
მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა.
პატრიარქის თქმით, სურს, რამდენიმე შეხვედრა კიდევ მოაწყონ და იმსჯელონ, „როგორ ვუშველოთ ხალხს“.
“თქვენ მოგეხსენებათ, რომ უარყოფითი ამბები მოდის, ხდება ნეგატური მოვლენები. ახალგაზრდობა არის ჩაბმული ამაში. სიძულვილი რით აიხსნება? - ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოციალური მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეტია, უფრო ძლიერი. ბიბლიაში წერია, რომ ბოლო დროს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი სული, ეშმაკი გააძლიერებს თავის ზეგავლენას. რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანის მონაწილეობით. თუ ადამიანს არ უნდა და სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ეშმაკი ვერაფერს დააკლებს და მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ხალხს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა და გთხოვთ ფსიქოლოგებს, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ. მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა. მე მინდა, რომ მოხსენება კი არ იყოს ჩვენი ფსიქოლოგების, აი, საუბარი გაიმართოს. აქტიური მონაწილეობა თქვენც უნდა მიიღოთ, მეც და სხვებმაც. ღმერთმა ინებოს, რომ გამოვსწორდეთ“, - აღნიშნა პატრიარქმა შეხვედრის დასაწყისში.
ცნობისთვის, პატრიარქმა და მეუფე შიომ ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიის საკითხებზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრა გამართეს.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს. მათივე ცნობით, მისმა უწმინდესობამ მოისმინა გამომსვლელთა აზრები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას. პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვა.
შეხვედრა საპატრიარქოში გუშინ გაიმართა. ფსიქოლოგებთან შეხვედრის ჩანაწერს საპატრიარქოს ტელევიზია ”ერთსულოვნება” ავრცელებს.
კომენტარი