სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჭიათურაში სახალხო დღესასწაული: „თემობა-2017“ გაიმართება

სახალხო დღესასწაულითემობა 2017″ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მეხუთედ გაიმართება.
დასკვნითი ღონისძიება სოფელ თვალუეთის სტადიონზე 13 აგვისტოს, 18:00 საათზე, დაიწყება. დღესასწაულში სამი ადმინისტრაციული ერთეულის 9 სოფელი მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „კვირას“ უძველესი საერთო-სახალხო დღესასწაულის „თემობის“ ორგანიზატორმა მალხაზ ბიწაძემ განუცხადა, ტრადიცია „თემობა“ მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და 2013 წელს აღდგა.

„ორგანიზატორები, მე და ჩემი ბიძაშვილი ირაკლი ბიწაძე ვართ. „თემობა“ უწინ მასშტაბური დღესასწაული იყო და მეორე მსოფლიო ომის დროს, გასაგები მიზეზის გამო, მიივიწყეს.
თვითონ „თემობა“ თავისი მნიშვნელობით არა მხოლოდ მარტო კულტურული და თავშეყრის დღესასწაული იყო, არამედ ერთგვარ როლს ასრულებდა მუნიციპალიტეტის, ანუ რაიონის თვითმმართველობის სისტემაშიც. კერძოდ, დღესასწაულში ჭიათურის მდინარე ყვირილის მარცხენა სანაპიროს სოფლები მონაწილეობდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ დოღში, ჭიდაობაში, მკლავჭიდში, კულტურულ ნომინაციებში, ლექსების წარმოთქმაში… პრიზები არსებობდა და გამარჯვებულები ჯილდოვდებოდნენ.

ამავდროულად, ყველა სოფელს ჰყავდა თავისი თავკაცი და ეს თავკაცები მმართველობით როლსაც ასრულებდნენ. მაგალითად, თუ ერთ სოფელს ბევრი სიმინდი ჰქონდა, მეორე სოფელს ღვინო ჰქონდა, მესამე – ცხვარი… გაცვლა- გამოცვლაც წარმოებდა და სოფლები ერთმანეთს ეხიდებოდნენ, რომ პრობლემები მოგვარებულყო“… – აცხადებს მალხაზ ბიწაძე.
მისივე თქმით, „თემობა 2017“ სპორტული და კულტურული ღონისძიებებით იქნება დატვირთული. დღესასწაულის ფარგლებში, ე.წ სათემოზე გაიმართება დოღი, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ბაგირის გადაწევაში.
გამარჯვებულებს ჭიათურის მუნიციპალიტეტისაგან ფულადი პრიზები 300-300 ლარის ოდენობით გადაეცემათ.

16:00 საათზე, სცენა დაეთმობათ თვითშემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, ორი საათის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ნიჭი გამოავლინოს. თვითშემოქმედებითი კონცერტის თითოეულ შემსრულებელს საჩუქრად ბურთები, ჭიქები, საწერ-კალმები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემა.
18:00 საათზე კი, დაიწყება გალაკონცერტი, სადაც მონაწილეობას ქართული სცენის ვარსკვლავები მიიღებენ.

„ეს არის 9 სოფლის დღესასწაული, თუმცა უნდა გითხრათ, რომ უკვე გასცდა 9 სოფლის ფარგლებს და დღსასწაულში სხვა რაიონებიც ერთვებიან. მაგალითად, შარშან და შარშანწინ ხარაგაულიდან ცხენებით ჩამოვიდნენ და დოღში მიიღეს მონაწილეობა“.
შარშანდელთან შედარებით წელს რა სიახლეები იქნება?
– გავაკეთეთ „თემობის“ კვირეული, ანუ ყვირილის მარცხენა სანაპიროს სოფლების პატარა მაყურებელს, რომელიც „თემობის“ გალაკონცერტს ვერ ესწრება, ადგილზე მივუტანეთ თოჯინების სპექტაკლები, და მათ გართობის საშუალება მივეცით. 9 სოფელში ჩატარდა თოჯინების თეატრი.
სიახლეა ისიც, რომ „თემობა“ უფრო ფართომასშტაბიანი ხდება და პოპულარული მომღერლები ჩამოდიან.
სოფელ თვალუეთში გამართულ სადღესასწაულო კონცერტზე მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი მომღერლები: ქეთი გომარეთელი, ანდრია გველესიანი, პაატა გველესიანი, მაკა ქაჯაია წარდგებიან, წელს, ჩამოვა ჯგუფი „ბანიც“.

აღსანიშნავია, რომ „ფინკა“ ბანკი გვეხმარება, დაიდგმება პოლაროიდის აპარატი და 500 სამახსოვრო სურათი ამოიბეჭდება. ყველა სტუმარს საშუალება ექნება, ფოტო გადაიღოს და საჩუქრად წაიღოს.
„ჯორჯიან მანგანეზი“ უკვე მეხუთე წელია, ჩვენი გენერალური სპონსორია, ის ყოველწლიურად ზრდის დაფინანსებას, რაზეც დიდ მადლობას მოვახსენებთ მის ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა მალხაზ ბიწაძემ.
ცნობისთვის, სახალხო დღესასწაული „თემობა“ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა – კურთხევით იმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100