ოტია იოსელიანი: „მეთექვსმეტედ შეყვარება ბოზობაა, ქალბატონო...“
„დრონი.ჯი“ საქართველოსთან, ქართველებთან, სხვა ეროვნების ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებული კურიოზებისა და საინტერესო ეპიზოდების ნაკრებს გთავაზობთ. მსგავსი ეპიზოდებისა და კურიოზების გამოქვეყნება მომავალშიც გაგრძელდება.
40–იანი წლების ბოლოს სტალინს ქართველი ეპისკოპოსი ესტუმრა, რომელთან ერთადაც სემინარიაში სწავლობდა. სტალინმა ის კაბინეტში მიიპატიჟა. ბელადმა ჰკითხა, ვისი უფრო გეშინია – ღმერთის თუ ჩემიო. ეპისკოპოსი შეყოვნდა, არ იცოდა, რა ეპასუხა. სტალინმა თავად გასცა პასუხი შეკითხვას – ვიცი, რომ ჩემი უფრო გეშინიაო და ხელი ჩაიქნია. ეს დასკვნა კი იქედან გამოიტანა, რომ ეპისკოპოსი მას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ეახლა.
*
გალაკტიონს მსუბუქად ჩაეცინა, როცა ერთხელ, რესტორანში, შეკვეთის შეხსენების შემდეგ, ოფიციანტმა უთხრა: "დამაცა, შე კაცო! შენისთანა მილიონია და მე ერთი ვარ!.."
*
ერთ–ერთ საღამოზე რევაზ მიშველაძეს ვიღაც ქალი გადაეკიდა, რამდენჯერ შეიძლება, ქალს მამაკაცი შეუყვარდესო. მიშველაძემ რამდენჯერმე სცადა, ამ შეკითხვისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ ქალი არ მოეშვა და ბოლოს მწერალმა უთხრა – თხუთმეტჯერ შეიძლებაო. რევაზ მიშველაძის გვერდით მჯდომმა ოტია იოსელიანმა ქალს გადახედა, მუნდშტუკს სიგარეტი მოაშორა, დაფერფლა და სრულიად სერიოზულად დააყოლა: "დაიმახსოვრეთ, რომ მეთექვსმეტე უკვე ბოზობაა, ქალბატონო!.."
*
საიათნოვას ნამდვილი სახელი და გვარია არუთინა სეიდნოვა. მამამისი ალეპოელი მნათე იყო, დედა – ავლაბრელი სომეხი. საიათნოვა ლექსებს ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თხზავდა. ამასთან, სომხურ და აზერბაიჯანულ ლექსებს ქართული ასოებით წერდა.
*
"გეორგიევსკის ტრაქტატს" 1783 წელს რუსეთის მხრიდან ხელი გენერალმა პავლე პოტიომკინმა, ქართლ–კახეთის მხრიდან კი იოანე მუხრან–ბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ მოაწერეს.
*
ოპერაში არსებობს ტრადიცია – ორკესტრის დირიჟორი თავის სადირიჟორო ჯოხს უძღვნის იმ მომღერალს, რომელთან მუშაობამაც დიდი სიამოვნება მიანიჭა. ასეთ ხელოვანთა შორის ერთ–ერთი ლიდერია პაატა ბურჭულაძე: 2010 წლის დასაწყისში მას 117 სადირიჟორო ჯოხი ჰქონდა.
*
ერთხელ ილიას უთხრეს: თქვენ მუდამ აქებთ აკაკის, ის კი მუდამ გაძაგებთ და რა ხდება, გაგვარკვიეთო. ილიამ მშვიდად უპასუხა: "ალბათ, ორივენი ვცდებით..."
*
არსენა ოძელაშვილის მკვლელი სრულიად არასამართლიანადაა დახატული ქართულ ლიტერატურასა და ზეპირსიტყვიერებაში. ის გვარად სეფისკვერაძე გახლდათ და ლეკებთან ბრძოლაში გაითქვა სახელი, რის გამოც კუჭატნში მამული უბოძეს. არსენა ისე შემოაკვდა, რომ ეგონა, რიგითი ყაჩაღი მოკლა – არც კი იცოდა, ვინ იყო, ხოლო როცა გაიგო, დაწესებულ ჯილდოზე უარი განაცხადა და ამ ამბავს მწარედ განიცდიდა. იმდენადაც კი, რომ სეფისკვერაძეობაც ტვირთად დააწვა და გვარი გამოიცვალა, ოღონდ, ზოგი მარგებელი ჭირივით გამოუვიდა - წერეთელი გახდა.
*
ერთხელ სოლომონ ბრძენს საჩივრით მიმართა მოხუცმა ქალმა, რომელსაც უკანასკნელი გროშებით ფქვილი ეყიდა, უეცრად ამოვარდნილ ქარს კი ფქვილი პირწმინდად გაეფანტა. ქალი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა, ოღონდ გაუგებარი იყო, ვის უნდა ეკისრა ეს. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ბრძენმა მეფემ ფქვილის საფასურის გადახდა... მეხომალდეებს დააკისრა, რომლებიც იმ დღეს დილიდანვე ქარის ამოვარდნას ევედრებოდნენ ღმერთს...
*
მეკობრეებსაც ჰყავდათ თავიანთი „ცოტნე დადიანი“. ცნობილი ფაქტია, რომ 1389 წელს დანიისა და ნორვეგიის დედოფალმა მარგარეტმა ჯვაროსნული ომი გამოუცხადა მეკობრეებს და მათი ბაზები გაანადგურა. უამრავი მეკობრე შეიპყრეს და თავის მოკვეთით სიკვდილით დასჯა გამოუტანეს. დედოფლის ბრძანებით, ყველას ჰქონდა უკანასკნელის სურვილის თქმის უფლება. ერთ–ერთმა, მათ შორის ყველაზე სასტიკმა მეკობრემ შტერტერბერკერმა ისურვა, იმდენი მეკობრე გაეთავისუფლებინათ, რამდენსაც ის თავმოკვეთილი ჩაურბენდა – ამ გზით მან 11 თანამოაზრე გადაარჩინა. მეტსაც შეძლებდა, რომ არა ჯალათი, რომელმაც თავმოკვეთილ სხეულს სარმა გამოსდო და წააქცია...
კომენტარი