არჩევნებს 111 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება
8 ოქტომბრის არჩევნებს 111 ადგილობრივი ორგანიზაციის - 29 931 წარმომადგენელი და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი დააკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ცესკოს ცნობით, არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი.
საარჩევნო პროცესს 184 მედია-ორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი გააშუქებს. 8 ოქტომბერს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი - აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული სისტემის მიხედვით.
გარდა ამისა, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება.
დღესვე, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში, საკრებულოს შუალედური და მერისა და გამგებლების რიგგარეშე არჩევნებიც იმართება. საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება ქალაქ თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, ხოლო რიგგარეშე არჩევნები ტარდება ახალციხის მერისა და ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების ასარჩევად.
5 ოქტომბერს უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც 8 ოქტომბერს დაითვლება.
კომენტარი