სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციურ ლიდერებს შორის მესამეა, მისი კოალიცია კი მეორე

უკვე ცნობილი გახდა NDI-ის კვლევის შედეგები, რომლებიც რამდენიმე პარტიამ უკვე გაავრცელა. თავად NDI-ის კვლევის შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ნაციონალური პარტიისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე პროტესტი არ გამოუთქვამს. „ქართული ოცნების“ კოალიციიდან უკვე გააკეთა განცხადება თინა ხიდაშელმა, რომელმაც NDI-ის კვლევებს უნდობლობა გამოუცხადა, თუმცა, არც მას უთქვამს, რომ უკვე გამოქვეყნებული პროცენტული მონაცემები იმ პარტიების მიერაა გაყალბებული, რომლებმაც კვლევის შედეგები გაავრცელეს:

"ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ამბად იქცა, მალე IRI-ის კვლევაც გამოქვეყნდება და ალბათ, იგივე გველოდება, ისევ მორიგი სპეკულაციები, მორიგი თავდასხმები", - აღნიშნა მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 29% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ასახელებს.

გამოკითხულთა 12%-ის მხარდაჭერით მეორე ადგილზეა ბიძინა ივანიშვილის კოალიციის კანდიდატი.

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგს დღეისათვის, ის ასე გამოიყურება:

NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვას, რომელი პარტია არის თქვენთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 41% პასუხობს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

11%-ით მეორე ადგილზეა კოალიცია "ქართული ოცნება".
რაც შეეხება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობას", პარტია ყველაზე ახლოს გამოკითხულთა 5%-თან დგას.

მეოთხე ადგილზე 1%-ით "ლეიბორისტული პარტიაა".

კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდებოდა 64%, ხოლო მონაწილეობისგან თავს შეიკავებდა 36%.

„რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ ამ შეკითხვაზე პასუხები ასეთია:

ნაციონალურ მოძრაობას - 47%

ივანიშვილის კოალიციას - 10%

ქდმ-ს - 3%

არც ერთს - 5%

არ ვიცი - 23%

კიდევ ერთი შეკითხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან მიმართებაში გამოკითხულთა სიმპათია-ანტიპათიას ეხებოდა. გაირკვა, რომ მათ შორის, ვინც მოსწონთ, გიორგი თარგამაძე ლიდერობს:

გიორგი თარგამაძე მოსწონს 54%, არ მოსწონს 29%.

ინგა გრიგოლია მოსწონს 49%, არ მოსწონს 30%.

ბიძინა ივანიშვილი მოსწონს 40%, არ მოსწონს 31%.

ირაკლი ალასანია მოსწონს 30%, არ მოსწონს 43%.

გიორგი ახვლედიანი მოსწონს 27%, არ მოსწონს 29%-ს.

შეგახსენებთ, რომ NDI –მ კვლევა 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე, 3 161 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100