სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირიმზე – ანი (ვიდეო)

-დედა, ვატლავი რა არის?

_არ ვიცი, შვილო!

-ბაღში მითხრა მასწავლებელმა, ვატლავი ხარო! (ნაწყვეტი ანი ანაკიძისა და ნანი ბუცხრიკიძის ადრინდელი საუბრიდან)

ნახავ ამ პატარას და ეჭვიც არ გეპარება, რომ ვარსკვლავია. ციცინათელასავით გოგოა, მღერის, ცეკვავს, უკრავს, კითხულობს მხატვრულად...არადა ახლახან, 18 იანვარს, გახდა 6 წლის.

კარგა ხნის წინ სამაჩაბლოდან დევნილი გოგონა თინა ჭულუხაძე გახდა ჯეოსტარის კონკურსის გამარჯვებული, მის მიერ ნამღერი ,,პირიმზე” მოვითხოვე ფრენდებისგან: იქნებ ვინმეს ან ტექსტი გქონდეთ, ან ლინკი მომაწოდეთ, ან კიდევ ელექტრონულ ფოსტაზე მომეცით შესრულებული ვერსიამეთქი. ერთი ახალგაზრდა ქალბატონი გამომეხმაურა და მომაწოდა ტექსტი, მალე კიდევ სხვამ მომწერა, ჩემი შვილი მალე თავის შესრულებით ჩაწერს ,,პირიმზეს” და აუცილებლად მოგაწოდებო. დრო გადიოდა და დანაპირები იგვიანებდა, თითქმის აღარც კი მქონდა იმედი და ფოსტაზე მომივიდა შეტყობინება, რომ დანაპირები ,,პირიმზე” ატვირთული იყო ინტერნეტში.

სულსწრაფად მოვინდომე სიმღერის მოსმენა და გაოცებული დავრჩი, 5 წლის გოგონა თავისებური ინტერპრეტაციით ასრულებდა ჩემს უსაყვარლეს სიმღერას. 4 წლისაც არ იყო პატარა ანი ანაკიძე, როცა დედამ მუსიკალურ სასწავლებელში მიიყვანა, მასწავლებლები მოიხიბლნენ მისი სცენურობითა და მუსიკალური სმენით, ამავდროულად პატარა ანი ძალდატანების გარეშე, სიყვარულით გადაერთო სახელოვნებო სფეროში. პატარა ვარსკვლავს მასწავლებელი ლალი ჭიქაბერიძეც ბედად შეხვდა და ორთავეს გაუმართლათ...

გასულ წელს ანიმ მონაწილეობა მიიღო ფესტივალ ,,ჰარმონიაში” და დაჯილდოვდა კიდეც, კონკურს ,,ამფიონის ქნარის” ლაურეატიც შარშან გახდა, ქართული სიმღერის განსაკუთრებულად შესრულების გამო. ანი ოცნებობს კიდევ მრავალ ფესტივალსა და კონკურსზე, სადაც საშუალება მიეცემა თავისი შემოქმედების გამომჟღავნების.

ანის რეპერტუარი დღესდღეობით განისაზღვრება ქართული სიმღერებით, მისი ,,პირიმზე”, ,,გასეირნება” და სხვები. სიმღერები უკვე ხელმისაწვდომია ინტერნეტშიც და ერთი მათგანი ამ სტატიას ერთვის თან.

როცა ანი პირადად ვნახე, რატომღაც ედიტ პიაფი გამახსენდა. ეს შეხვედრის დროს არ მითქვამს, გადაჭარბებად არავინ ჩამითვალოს–მეთქი და თავის შეკავება გადავწყვიტე. სულ სამი კვირის შემდეგ გავიგე, რომ ანი მალე ფრანგულ სიმღერას ჩაწერს... ახლა გამართულად ვამბობ, როგორც ედიტ პიაფი უხდებოდა სცენას, ასევე მოუხდება ჩვენი პატარაც სცენას. ეს მხოლოდ სურვილია ჩემი და ანის გულმოდგინება ნიჭიერებასთან ერთად აუცილებლად ამისრულებს ამ სურვილს...

ანი ამჯერად გოჩა ლომთაძის ხელმძღვანელობით ცდილობს ახალი მწვერვალების დაპყრობას. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ და კიდეც დაუფასდებათ, ვიცი.

ანის ერთ თვისებას უნდა გავუსვა ხაზი: მიუხედავად დედისერთობისა, გამორჩეულად არაეგოისტურია. ადვილად ემეტება ყველაფერი: ლექსი, სიმღერა, პირადი ნივთებიც... შეხვედრიდან რამდენიმე წუთში მან ლექსიც ,,მაჩუქა”, მერე სასწრაფოდ ამოიღო ფურცლები უბის წიგნაკიდან, რამდენიმე ხნით განმარტოვდა, დახატა გულები, ყვავილები, მზე, ღრუბლები და ჩამოგვირიგა.

უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ანი დიდი ხელოვანიც გახდება და დიდბუნებოვანი ქალიც იქნება. ასეთების მოიმედე უნდა ვიყოთ.

სულ ბოლოს, მე მაინც ანის სახელოვნებო გზის დალოცვა მინდა: მისთვის ღია ყოფილიყოს ლა-სკალაც, გრანდ ოპერაც და მეტროპოლიტენ ოპერაც!

გვიყვარხარ, პირიმზე ანი!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100