ვის და მერამდენედ ბაძავს პუტინი?
ზოგისთვის, შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევა იყოს, ზოგისთვის კი – ნიშანდობლივი გარემოება, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე და ფაქტობრივი მმართველი, ვლადიმირ პუტინი ერთ დროს მისი ქართველი კოლეგის მიბაძვას შესაშური სიზუსტით და მცირე დროის ინტერვალით აგრძელებს. მხოლოდ გაკვრით გაგახსენებთ იმას, რაც უკვე გაიმეორა: „ფორმულა1“ მანქანით რბოლა; თვითმფრინავის შტურვალთან დაჯდომა; კოცონის პირას ახალგაზრდებთან საღამოსპირზე ბაასი... ახლა კი პუტინი საქართველოს პირველ პირს წყალში ყვინთვაშიც „გაეჯიბრა“ და ასპარეზად აზოვის ზღვასთან მდებარე ეგზოტიკური ადგილი აირჩია...
ძველბერძნული ქალაქი–სახელმწიფო ფანაგორია, რომელიც 2 500–ზე მეტი წლისაა, აზოვის ზღვის სანაპიროზე (ნაწილი ამჟამინდელ ფსკერზეა) მდებარეობდა. ექსპედიციის ბანაკში რუსეთის პრემიერი ვერტმფრენით დაეშვა. უძველესი ქალაქი–სახელმწიფოს ტერიტორიის დიდი ნაწილი წყლითაა დაფარული, რის გამოც ამ ადგილს „რუსულ ატლანტიდასაც“ უწოდებენ. ექსპედიციის ხელმძღვანელთან და წევრებთან საუბრის შემდეგ პუტინმა ჰიდროკოსტიუმი ჩაიცვა, აკვალანგი მოირგო და ზღვისკენ გაემართა. მას სერგეი შოიგუ ახლდა თან. წყალში შესვლამდე პუტინმა ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას გადახედა, რომელიც იქვე იდგა, მაგრამ არც ჰიდროკოსტიუმი ეცვა და, როგორც ჩანს, არც წყალში ჩასვლას აპირებდა. ბიზნესმენმა პრემიერის მზერა დაიჭირა, უმწეოდ გაიღიმა, ხელები გაშალა და თქვა: „კოსტუმი არ მაქვს თან...“. „უფულობის გამო?“ – გადაჰკრა პრემიერმა...
რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე წყლიდან კმაყოფილი ამოვიდა – ხელში ფსკერიდან ამოღებული ორი დოქი ეჭირა. „რა ასხია მათში?“– ჰკითხა პრემიერს „ლაიფნიუსის“ ჟურნალიტმა. „სულ დავლიეთ!“,– ხუმრობა სცადა რუსეთის პრემიერმა და დაამატა – „ადრე კი ღვინო ესხა...“
პრემიერი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ აკვალანგით ცხოვრებაში მესამედ აღიჭურვა და ძალიან მოსწონს ყვინთვა, მაგრამ იქვე გამოთქვა სინანული, რომ რეჟიმი ამ საქმიანობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.
კომენტარი