სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეაგინებს თუ არა კაციტაძე ნოღაიდელს?

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ ნოღაიდელი ქართულ პოლიტიკაში ფაქტორი არ არის. კაციტაძეს ნოღაიდელი გულზე არ ეხატება და მისი განცხადებები მას ღიმილსაც კი ჰგვრის.
„დრონი.ჯი“: ოპოზიცია თითქოსდა დაიშალა, განაცხადეს, მოლაპარაკებები დასრულდაო, შემდეგ კი სუბარმა და გაჩეჩილაძემ ოპოზიციურ ძალებთან გამარჯვების ფორმულაზე კონსულტაციები დაიწყეს...
მამუკა კაციტაძე: „მას შემდეგ, რაც „ალიანსმა საქართველოსთვის“ გამოკვეთა მერობის საკუთარი კანდიდატი, მალევე პროცესმა ყველას დაანახა, რომ ჩვენი მერობის კანდიდატი ყველაზე მეტად რეიტინგულია. „ალიანსში“ ბატონი სოზარის მხრიდან გაჩნდა აზრი, რომ შეეთავაზებინა დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისთვის კონსულტაციების დაწყება და ეთქვა, რომ, რადგან თქვენი კანდიდატების შანსი ერთობ მცირეა და „ალიანსს“ არ უნდა დატოვოს არც ერთი პოლიტიკური პარტია უმოტივაციოდ, გთავაზობთ საკრებულოს თავმჯდომარედ საერთო კანდიდატის ყოლასო, რათა მათ გასჩენოდათ დამატებითი სტიმული, თუკი ყველაზე რეიტინგულ კანდიდატს ალასანიას მხარს დაუჭერდნენ.
ანუ ძლიერს კიდევ უფრო გააძლიერებდნენ და არა მასთან ბრძოლაში გაატარებდნენ ამ დროს. ეს იყო ბოლო მცდელობა, რომ ცალკეულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს ალასანიას საუკე¬თესო მერობის კანდიდატობის აღიარებით მიიეღოთ გარკვეული შეთავაზებები და კიდევ უფრო გაეძლიერებინათ რეიტინგული კანდიდატი და საკუთარი ინტერესი დაენახათ ამ პროცესში.
სოზარის აი, ეს ჩამოვლა - ჩამოვლა ვუწოდე მე ამ კონსულტაციებს - უკვე დასრულდა. დღეს „ალიანსი“ ამ ჩამოვლის შედეგების შეჯამებას მოახდენს და ამ შეჯამების შემდგომ ჩვენ გავახმოვანებთ, ასე ვთქვათ, ჩვენს გადაწყვეტილებას, თუკი იქნა რაიმე სიახლე და თუ არ იქნა, ბუნებრივია, გავაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას იმ რეჟიმში, როგორშიც გვაქვს.
- ზოგიერთი ოპოზიციური ძალა იმასაც კი ამბობს, „ალიანსს“ უღიმღამო საარჩევნო კამპანია აქვსო... ისე, სხვა პარტიებთან შედარებით „ალიანსი“ აქტიური საარჩევნო კამპანიით არ გამოირჩევა, არ მეთანხმებით?
- მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც ჩვენ კამპანიას უღიმღამოს უწოდებს, დამისახელონ ერთი არჩევნები, რომლის წინასაარჩევნო კამპანია ორი თვით ადრე დინამიურად დაწყებულა და ორი თვის განმავლობაში დინამიურად მიმდინარეობდა. ასეთი კამპანია ქართულ პოლიტიკურ რეალობას არ ახსოვს. თვით 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 8 ნოემბერს, ასე ვთქვათ, თითქოსდა პრეზიდენტის გადადგომით დაიწყო, მაგრამ ფორმალურად 26 ნოემბერს დაინიშნა და რეალურად 45 დღე მიმდინარეობდა, 60 დღის განმავლობაში დინამიურ რეჟიმში არ ყოფილა.
- ვრცელდება ხმები, რომ მერყევი ხასიათის და უღიმღამო საარჩევნო კამპანიის გამო ალასანიას რეიტინგი დაეცა, გამარჯვების რა შანსები გაქვთ?
- რეიტინგის ვარდნა-მატებას და კამპანიის დინამიურობას წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობის პროცესში დავინახავთ. ვინ რას ამბობს, ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის. ჩვენ ვცდილობთ, რომ თუკი არის შესაძლებელი გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად კიდევ უფრო მეტი დინამიზმი შევძინოთ ჩვენს კამპანიას, თუ ეს სიტუაცია, როგორც უკვე გითხარით, რაიმე ცვლილებებს არ მოიტანს, ამ პროცესს წერტილი დაესმება და შემდეგ საზოგადოება დაინახავს, რამდენად დინამიური და უღიმღამო იქნება ეს კამპანია, რამდენად კონკრეტული იქნება და შესაბამისად, ეს ყველაფერი როგორ გამოიხატება შემდგომ რეიტინგების ზრდასა თუ კლებაში, რომლის მთავარი საზომი განხორციელდება 30 მაისს და არავითარ შემთხვევაში სხვა ტიპის კვლევები არ იქნება საბოლოო ვერდიქტი რეიტინგებისა და შედეგებისა.
- სალომე ზურაბიშვილი შემოგიერთდათ და აღნიშნა - გაურკვეველია რა უდგას წინ იმას, რომ ოპოზიციამ ალასანიას დაუჭიროს მხარიო და აქვე დაამატა: თუ ეს მხოლოდ ვაჭრობის მიზნით თავშეკავებაა, მაშინ ერთიანობაზე ნუღარ ლაპარაკობენო, და მართლაც, თქვენი აზრით, რატომ არ დაუჭირეს მხარი ალასანიას კანდიდატურას ოპოზიციურმა ძალებმა?
- იცით, ქალბატონი სალომეს მოსაზრება არ არის უსაფუძვლო. სწორედ იმის გამო, რომ ცალკეულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს სჭირდებოდათ მოტივაცია მხარდაჭერისათვის, გახდა მიზეზი იმ ინიციატივისა, რაზედაც სოზარი წავიდა. ამიტომ, თუ ვინმეს უნდა დამატებითი მოტივაცია, ინტერესი რაღაც პოლიტიკური დივიდენდისთვის შემდგომში, ჩვენ შევთავაზეთ კონკრეტული წინადადება და არ ვიცი, ახლა ვიღაცისთვის იქნება ეს მისაღები, ვიღაცისთვის კი - არა.
- „ეროვნული საბჭოს“ გარეშე ქარ¬თულ პოლიტიკაში და არჩევნებში გამარჯვება შეუძლებელია, - განაცხადა ნოღაიდელმა. ამბობენ, „ალიანსმა“ ეს დაიჯერა და ცდილობს ამ არჩევნებში მათი რესურსის გამოყენებასო...
- იცით, საზოგადოებაში რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. სხვა აზრიც აქვს საზოგადოებას და სხვა ინფორმაცია არ მოდის თქვენამდე? აი, მაგ: ასეთი ინფორმაცია, რომ ვის რაში სჭირდება ნოღაიდელი? რაც შეეხება „ალიანსის“ პოზიციას, მაგ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს არის მცდარი მოსაზრება.
ამ მოსაზრებას არანაირი საფუძველი არა აქვს. „ალიანსში“ ამ ტიპის საუბარი არ ყოფილა, უფრო მეტიც - ფორმულა, რომლის ავტორიც არის „ალიანსი“, „ყველა მინუს ერთი“, ძალაში რჩება. დღევანდელ განცხადებაშიც ალასანიამ თქვა, რომ ნოღაიდელი სადმე თუ შემხვდება, გამარჯობას ეტყვის და მეტი არაფერი, რადგან ზრდილობის საკითხიაო. მეც გეუბნებით, სადმე რომ შემხვდეს, გინებას არ დავუწყებ, მაგრამ მასთან პოლიტიკურ პროცესში შესვლა, მითუმეტეს, პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბება გამორიცხულია. ფორმულა „ყველა მინუს ნოღაიდელი“ ძალაშია და უფრო მეტიც, როდესაც ნოღაიდელი ამბობს, რომ ჩემ გარეშე გამარჯვება წარმოუდგენელიაო, „ალიანსი“ ამბობს, რომ ნოღაიდელთან ერთად გამარჯვებაა წარმოუდგენელი.
- „ჩვენ ალასანიასთვის თანამშრომლობა არ გვითხოვია და ყველა ჯერზე ინიციატივა „ალიანსი საქართველოსგან“ მოდიოდა, ვისაც გამარჯვება არ უნდა და დამარცხება უნდა, ჩვენთან ნუ ითანამშრომლებს“, - აღნიშნა ნოღაიდელმა!
- „ალიანსს“ ნოღაიდელისთვის მოლაპარაკება არასდროს შეუთავაზებია. ალასანიამ და სოზარმა მოლაპარაკება შესთავაზეს და განახორციელეს ხალხის პარტიასთან და „კონსერვატორებთან“, ყველა შემთხვევაში, როცა ეს გააკეთეს, მათ, როგორც სიურპრიზი, იქ დახვდათ ნოღაიდელი, რომ როგორმე ჩამაკერეთ მეც თქვენს ერთობაშიო.
ბოლოს აღმოჩნდა, რომ „ალიანსის“ სურვილი, ჯანსაღი კონსულტაცია ეწარმოებინა ძიძიგურთან და დავითაშვილთან, დამთავრდა კრახით ერთადერთი მიზეზის გამო, მიზეზის სახელი არის ნოღაიდელი. ახლა, ეცადოს ნოღაიდელი, როგორმე ჩაძვრეს ამ პროცესში, თუმცა ის „ალიანსთან“ ვერასდროს აღმოჩნდება. პირდაპირ გეუბნებით, `ალიანსს~ მასთან მოლაპარაკების სურვილი არასდროს ჰქონია და არც ექნება.
- „ალიანსი“ მახინჯებს და რუსეთის ფულით მოსყიდულებს გვეძახის, მათთან ერთიანობა ყოვლად წარმოუდგენელია, „ალიანსი“ ხელისუფლებისთვის საშიში არ არის, ჩვენგან განსხვავებითო, - აღნიშნა კუკავამ.
- ასეთი რამ არც ერთ „ალიანსელს“ არ უთქვამს, სხვათა შორის, ასეთი ლექსიკა „ალიანსს“ არ ახასიათებს. რომელ „ალიანსელს“ უთქვამს ვინმესთან მიმართებაში მახინჯი ან რუსეთის ფულით მოსყიდული? დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური ვექტორი მკვეთრად ჩრდილოურია თავის ვიზიტებით, ხელშეკრულებების გაფორმებით და ა.შ. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ნოღაიდელს სერიოზული ბრალეულობები აქვს პრემიერობის ყოფნის პერიოდში წმინდა ფინანსური კუთხით, მაგრამ არასდროს „ალიანსს“ არ უთქვამს, რომ `ეროვნული საბჭო~ არის რუსული ფულით არსებული და ა.შ. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, თუკი შეესაბამება სიმართლეს, მაშინ კახა კუკავას უთხარით დამტკიცოს, რომ „ალიანსმა“ მათ მახინჯები უწოდა. თუკი კუკავა ფიქრობს, რომ სიმართლეა, მაშინ დააკონკრეტოს, „ალიანსის“ რომელმა წევრმა თქვა ეს. საიდან მოიტანა კუკავამ, რომ ჩვენ მათ მახინჯებს ვუწოდებთ, საოცარია.
- ერთ-ერთი ვერსიით, „კონსერვატორებმა“ და ხალხის პარტიამ ნოღაიდელთან „ალიანსი“ ფინანსების გამო შექმნეს, ასევე ნოღაიდელი მათ სააკაშვილის დამხობას დაჰპირებია, თქვენ როგორ აფასებთ მათ ნაბიჯს და როგორ გგონიათ, რატომ აღმოჩნდნენ მის გვერდით?
- არ ვიცი რატომ აღმოჩნდნენ ნოღაიდელის გვერდით და რატომ ჩათვალეს სწორ ნაბიჯად მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობაში შესვლა ნოღაიდელთან, ნუ, ეს მათი არჩევანია. მე ამას, რა თქმა უნდა, დადებითად არ ვაფასებ, დადებითად რომ ვაფასებდე, მაშინ ნოღაიდელზე მინუს ერთ ფორმულას არ გავახმოვანებდით. შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რადგან ამ ტიპის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ე. ი. კონკრეტულ პარტიებს აქვთ რაღაც კონკრეტული მოტივაცია ერთად ყოფნისა, რაში გამოიხატება ეს მოტივაცია, ამის მკითხაობას ვერ დავიწყებ.
- რამდენად შესაძლებელია, რომ ნოღაიდელი ხელისუფლების პროექტს წარმოადგენდეს და ოპოზიციის გასახლეჩად იყოს შემოგდებული?
- არ არის გამორიცხული, ყოველ შემთხვევაში, ნოღაიდელის ქმედება ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. პირდაპირ გეტყვით, მისი ხისტი ტონი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდა, არ მახსოვს ამ ლექსიკით მოლაპარაკე ნოღაიდელი მინისტრის რანგში. მისი სერიოზული დარღვევებიდან გამომდინარე პრემიერობის დროს და ამ დროს ხელისუფლების დუმილიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ მათ ერთმანეთთან გარკვეული საერთო თამაში აქვთ შექმნილი.
- ამბობენ, იგი არჩევნების გაყალბებას მოიმიზეზებს და რუსეთის დახმარებით რევოლუციის მოწყობას შეეცდებაო.
- რაც შეეხება ნოღაიდელის, ასე ვთქვათ, ბაქი-ბუქს, რომ ვიღაცას ხელებს დაამტვრევს, ვიღაცას ენას ამოაძრობს, ნუ, ამაზე მარტივად გეტყვით, მეღიმება, დიახ, მეღიმება და მეტი არაფერი.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100