ბიზნეს-კომპანიები, რომლებიც ხალხს ატყავებენ...
სხვადასხვა სექტორში მომუშავე ბიზნესკომპანიებს მმართველმა გუნდმა და ოპოზიციურმა სპექტრმა ერთდროულად შეუტია. პოლიტიკური ძალები იმ ბიზნესკომპანიებს უტევენ, რომელთაც ქართულ ბაზარზე მონოპოლია აქვთ.
ქართულ ეკონომიკურ ბაზარზე რომ რამდენიმე მსხვილი მონოპოლისტი ბიზნესკომპანია არსებობს, ამას არც გავლენიანი ორგანიზაციები უარყოფენ.
ამ საკითხზე გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამაც“ გაამახვილა ყურადღება. საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა ქვეყანაში საბაზრო კონკურენციის კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლა. დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკაში არასაკმარისი რეგულირების ნიშნები აშკარაა. მათი შეფასებით, მონოპოლიური ბარიერები განსაკუთრებით იმპორტის, ავიაციისა და ფარმაციის სფეროში არსებობს. სამომხმარებლო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტი მონოპოლიზირებულია მაღალი კონტროლირებადი ფასებით ერთი ან ერთმანეთთან გარიგებული რამდენიმე კომპანიის მიერ.
ექსპერტთა თქმით, ნავთობპროდუქტების ბაზარი ამის კარგი მაგალითია. ნავთობ-იმპორტიორებს შორის არსებულ შეთანხმებაზე კი ის მარტივი ფაქტიც მეტყველებს, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასები მსოფლიო ბაზრის ადეკვატური არასოდეს არის.
დღეს ბაზრის 50%-ზე მეტს კომპანია „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია ფლობს“, რომელსაც ნავთობი აზერბაიჯანიდან შემოაქვს.
ვითომდა იტალიური საწვავით ამარაგებს ბაზრის დაახლოებით 35%-ს კომპანია „ვისოლი“. შესაბამისად, ორი მსხვილი კომპანიისთვის, რომელსაც სრულად 85%-ი უჭირავს, მარტივია ბაზარს ფასებიც უკარნახოს.
როგორც გაირკვა, ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებსაც აქვთ მონოპოლია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, საქართველოში რძეს ევროპის ქვეყნებთან შედარებით გაორმაგებული ფასი აქვს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ალტერნატიული კომპანია არ არსებობს, რომელთა შორის კონკურენციის ხარჯზე ფასების დაწევა და დარეგულირება მოხდება.
განსაკუთრებით ხშირად ისმის ბრალდებები ბაზრის მონოპოლიასთან დაკავშირებით ფარმაცევტულ კომპნიებთან მიმართებაში. `ავერსი ფარმასა~ და კომპანია „პე-ეს-პე“-ს ხშირად უწევთ თავის მართლება, რომ ისინი მონოპოლისტები არ არიან. გარდა სახელისუფლებო კლანებისა, „ავერსსა“ და „პე-ეს-პე“-ს ადანაშაულებს ოპოზიციური სპექტრიც.
„ლეიბორისტების“ მტკიცებით, „ავერსისა“ და „პე-ეს-პე“-ს აფთიაქებში ჰუმანიტარული მისიით შემოტანილი მედიკამენტები იყიდება. მათი განცხადებით, აგვისტოს ცნობილი მოვლენების დროს არაერთმა ქვეყანამ ჰუმანიტარული მისიით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი გამოაგზავნა, რომლის 40 პროცენტი დანიშნულების მიხედვით არის გამოყენებული, ხოლო 60 პროცენტი `ავერსისა~ და „პე-ეს-პე“-ს აფთიაქებში იყიდება. „ავერსში“ ყველა ბრალდებას უარყოფენ.
ლალი ბრეგაძე, „ავერსი ფარმას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: „არა მაქვს იმის შესახებ ინფორმაცია, თუ ბაზრის რა პროცენტს ვფლობთ ჩვენ. მოსაზრებას, რომ „ავერსი“ მონოპოლისტი კომპანიაა, ნამდვილად არ ვეთნხმები. უბრალოდ, „ავერსს“ აქვს სააფთიაქო ქსელი და ამიტომ ჩანს ასე ხშირად „ავერსის“ სახელი. ძალიან ბევრი წვრილი აფთიაქია და აქედან გამომდინარე, ისინი არ არიან ასე აქტიურად ჩართული ამ ბიზნესში. რაც უფრო დიდია ბიზნესი, მით მეტად ჩანხარ. არც ერთ კომპანიას, რომელიც დააპირებს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლას, არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ეს ნიშნავს, იმას, რომ არანაირი მონოპოლია ამ ბიზნესში არ არსებობს.
ფარმაცევტული კომპანია „პე-ეს-პე“ კი ბაზრის 22%-ს ფლობს. ეს პროცენტული მაჩვენებელი საკმარისია კომპანიისთვის, რათა ბრალდებას მონოპოლისტობასთან დაკავშირებით პასუხი გასცეს.
„ჩვენ ბაზრის 22%-ს ვფლობთ. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება მონოპოლისტები ვიყოთ? - აცხადებს „პე-ეს-პე“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია ხაბეიშვილი, - როდესაც 160 კომპანია არსებობს და აქედან სამი კომპანიაა წამყვანი, როგორ შეიძლება არსებობდეს მონოპოლია? შეიქმნას ანტიმონოპოლიური სამსახური და დაარეგულირებს ვითარებას. შემდეგ კი გამოჩნდება, არის თუ არა მონოპოლია“.
კვლევები ტარდება ასევე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების ბიზნესსაქმიანობაშიც. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ფიჭური კავშირგაბმულობის ქართული ბაზრის კვლევა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც საქართველო მობილურზე მომსახურების სიძვირის მიხედვით მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველობას არავის უთმობს.
ეკონომიკის ექსპერტის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარი საქართველოში ტიპიური ოლიგოპოლიური ბაზარია, სადაც მთელი საბაზრო კონცენტრაცია სამი კომპანიის ხელშია და ისინი არ არიან ერთმანეთთან ფასისმიერ კონკურენციაში. ტარიფები მათ შორის არის შეთანხმებული და ბუნებრივია, მის დაწევაზე არც ზრუნავენ, ისინი ერთმანეთთან კონკურირებენ მხოლოდ პრომო აქციებით.
ექსპერტთა მოსაზრებას არ იზიარებენ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები. ქართული ბაზრის 10%-ს - კომპანია „ბილაინი“, 48%-ს - „მაგთიკომი“, ხოლო დარჩენილ 42%-ს „ჯეოსელი“ ფლობს.
კომპანიებისთვის მონოპოლისტობასთან დაკავშირებით თავის გასასამართლებელ მტკიცებულებას ის წარმოადგენს, რომ ბაზარზე სამი კომპანიაა წარმოდგენილი. მათი მტკიცებით, თუკი რამდენიმე კომპანიაა, ეს მონოპოლიას აღარ ნიშნავს.
„ჯეოსელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ირმა ცქიტიშვილის განმარტებით, „ჯეოსელი“ არ შეიძლება მონოპოლისტი კომპანია იყოს. `ჩვენთან ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია სამია. მე არ მესმის საერთოდ კითხვის შინაარსი, როგორ შეიძლება ქვეყანაში იყოს მონოპოლია, როცა არსებობს რამდენიმე კომპანია?~ მართალია, ცქიტიშვილს ჩვენი შეკითხვის არსი ვერ გავაგებინეთ, მაგრამ ის კარგად ესმის, რომ „ჯეოსელის“ მიერ დაწესებული ტარიფები საქართველოში არსებული მდგომარეობის ადეკვატურია.
„ჩვენი კომპანიის მიერ დაწესებული ტარიფები ყოველთვის შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს. ჩვენ რადგან ვართ აბონენტებზე ორიენტირებული კომპანია, ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი კლიენტების მოთხოვნას და ამიტომ გვაქვს მრავალფეროვანი ტარიფები“, - განმარტავს ცქიტიშვილი.
კომპანია „მაგთიკომის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ლობჟანიძე ვერ ხედავს იმის საჭიროებას, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების მიერ დაწესებული ტარიფები ქვეყნის სოციალური მდგომარეობის ადეკვატური იყოს. „რატომ უნდა იყოს ტარიფები სოციალური მდგომარეობის ადეკვატური? მობილურით სარგებლობა აუცილებელ პირობას მოქალაქეებისთვის არ წარმოადგენს. მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად იცხოვრონ მობილური ტელეფონის გარეშეც. ეს ხომ არ არის სინათლის ან გაზის გადასახადი, რომ შევუსაბამოთ იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია“, - აცხადებს ლობჟანიძე.
„მაგთის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის იდეასაც ეხმაურება და განმარტავს, რომ თუკი აღნიშნული სამსახური ამოქმედდება, ეს იმის გარანტი იქნება, რომ ბიზნესის არც ერთ სექტორში მონოპოლია არ არსებობდეს.
შპს „მობიტელი“, ანუ „ბილაინი“ კი თავს იმით იმართლებს, რომ მას ბაზრის მხოლოდ 10%-ი უკავია. შესაბამისად, წარმოუდგენელია 10%-ის მქონე კომპანია მონოპოლისტი იყოს. ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ ხდება კომპანიებს შორის ტარიფების შეთანხმება, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეონა ბაღდავაძე ასე პასუხობს:
„თუ რამდენიმე კომპანია შეთანხმდება ტარიფებთან დაკავშირებით, ეს მონოპოლია არაა. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია კომპანიებს შორის ან, როცა ბაზარზე სამი კომპანიაა, როგორ შეიძლება მონოპოლია ასებობდეს“.
- თქვენ უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე ხართ და მხოლოდ 10%-ის დაკავება მოახერხეთ, ასეთია „ბილაინის“ ბიზნესსტრატეგია, თუ დანარჩენი ორი კომპანია არ გაძლევთ ამის საშუალებას?
- თქვენ უკვე რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე ხართ და მხოლოდ 10%-ის დაკავება მოახერხეთ, ასეთია „ბილაინის“ ბიზნესსტრატეგია, თუ დანარჩენი ორი კომპანია არ გაძლევთ ამის საშუალებას?
- მესამე წელია „ბილაინი“ ქართულ ბაზარზეა, ჩვენი კოლეგები კი 10-12 წელია, რაც ამ სექტორში არიან. ის წილი, რაც ამ სამ წელიწადში მოვიპოვეთ, შთამბეჭდავია. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, მითუმეტეს მაშინ, როცა საკმაოდ ძლიერი კონკურენციის პირობებში შემოვედით და დღესაც ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა.
კომპანია „ბილაინში“ ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის იდეასაც მიესალმებიან.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქართულ ბაზარზე ახალი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის შემოსვლა ავტომატურად გამოიწვევს სატარიფო ფასების დაცემას, თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამ ეტაპზე ახალი კომპანიის ბაზარზე შემოსვლა გამორიცხულია.
საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაზე საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ სამსახურის შექმნის ინიციატივით რამდენიმე ბიზნესკომპანია გამოვიდა. ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის მთავარ მიზნად მომხმარებელთა უფლებების დაცვა და თანაბარი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბება სახელდება. ამ სამსახურის შექმნას მოითხოვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ინიციატივაც.
ევროკავშირის წარმომადგენელმა პერ ეკლუნდმა ის პირობები ჩამოთვალა, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს. მათ შორისაა ანტიმონოპოლიური სტრუქტურის ჩამოყალიბება.
ეკლუნდის მტკიცე პოზიციის მიუხედავად, ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი არ ეთანხმება. ამავე პოზიციას იზიარებს პრემიერი გილაურიც. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ არც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობაა საჭირო და არც ანტიმონოპოლისტური რეგულაცია.
კიდევ ერთი ახალი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა, „საქართველოს ლატარიის კომპანიაა“. ლატარიის კომპანიის გამოჩენას სხვა კომპანიების გაქრობა მოჰყვა, როგორიც იყო „იღბლიანი დარტყმა“, „ლოტო“ და ა.შ.
„ლატარიის კომპანიას თავისი გავლენის მოხდენა „მაგთის“ ყოველკვირეულ წამახალისებელ გათამაშებაზეც სურდა, თუმცა „მაგთიკომი“ არ აღმოჩნდა უპატრონო და თავისი პრინციპული პოზიციის დაფიქსირება ბოლომდე მოახერხა.
ჩვენდა გასაკვირად, მონოპოლიაა ჩაის ბიზნესშიც. გაირკვა, რომ ქართველი მომხმარებელი ადგილობრივ ჩაის არ ენდობა და ბაზარზე მონოპოლია აზერბაიჯანულ პროდუქციას უჭირავს. „ფინალი“ და „მარიამი“ აზერბაიჯანულ ჰოლდინგს „აზერ-სანს“ შემოაქვს, ჰოლდინგის წილი ქართულ ბაზარზე 60%-ია. ამ ფონზე კი ქართულ ჩაი მხოლოდ 10%-ითაა წარმოდგენილი.
როდემდე გაგრძელდება ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩამოყალიბების პროცესი, არავინ იცის. მსხვილ ბიზნესკომპანიებს შორის ყველანაირი ფინანსური გარიგება საზოგადოების ჯიბეზე არცთუ პოზიტიურად აისახება.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)
კომენტარი