ახალი ჰებელსი რუსეთის იდეოლოგიის სათავეში
უკანასკნელ ხანს რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაწყვიტეს გადახედონ ქვეყნის ისტორიის სასკოლო პროგრამას, რათა გაითვალისწინონ მასში „რუსეთის საზიანოდ არსებული ფალსიფიკაციის ფაქტები". ჯერ კიდევ 2009 წელს განაცხადა თავის ვიდეობლოგში დიმიტრი მედვედევმა: „ფალსიფიკაციის ცდები სულ უფრო ბოროტი და აგრესიული ხდება".
თეორიულ დასკვნებს თან სდევს პრაქტიკული ღონისძიებები - რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოების წესრიგში მოსაყვანად მზადდება ქრესტომათია უფროსკლასელთათვის და მასწავლებლებისათვის. ბიუჯეტიდან დაფინანსებული ამ პროექტის ღირებულებაა 9 მილიონი რუბლი. ახალი, გამოსწორებული, პატრიოტული „რუსეთის ისტორიის" სასკოლო კურსის შემდგენელთა შორის ჩატარებული კონკურსის შედეგები შეჯამდება 5 ივნისს.
ალბათ ამ შორსმიმდინარე მიზანდასახულებებიდან გამომდინარე იყო, რომ, როდესაც რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს მოევლინა ნაპრეზიდენტალი პოლიტიკოსი და მინისტრთა საბჭოს შემადგენლობის თვისობრივი გადახალისება მოახდინა, კულტურის მინისტრის პოსტზე მან პარლამენტის ექს-დეპუტატი, მმართველი პარტიის - „ედინაია როსიას" წევრი ვლადიმერ მედინსკი დაასახელა. სწორედ მედინსკის აქვს დაწერილი საისტორიო ხასიათის წიგნები ( უპირველესად, ნაშრომი: „მითები რუსეთის შესახებ"), სადაც ის ცდილობს „გაფანტოს სტერეოტიპული წარმოდგენები მშობელ ქვეყანაზე და წარმოადგინოს ახალი შეხედულებები რუსეთის ისტორიაზე".
ამდენად, შემთხვევითი არ იყო, რომ ჯერ კიდევ 2010 წლის 21 სექტემბერს, მედვედევის ბრძანებით, იგი შეყვანილ იქნა საპრეზიდენტო კომისიის შემადგენლობაში, რომელსაც ევალებოდა ისტორიის ფალსიფიკაციის იმგვარ მცდელობათა ლიკვიდაცია, რომლებიც ლახავდნენ რუსეთის ინტერესებს.
თუ რა შეხედულებათა ლიკვიდაციას მოახდენდა „კრემლის" ახალი ფავორიტი, ამის თაობაზე საკმაოდ მოსწრებულად შენიშნავს რესპექტაბელური გერმანული გამოცემა „Die Welt" თავის ანალიტიკურ წერილში, სადაც მოჰყავს ფაქტები, რომ მედინსკი გამოდიოდა ისტორიის ერთსახოვანი სახელმძღვანელოების შექმნის მოთხოვნით, რათა „მოსწავლეების ტვინიდან პლურალიზმი გამოერიცხა", რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ჯერ უნდა ამოერეცხა და მერე ისე გამოერიცხა!
გერმანული გამოცემა, ახლად არჩეული კულტურის მინისტრის შეფასებისას, დაასკვნის, რომ „რუსეთს მოევლინა ახალი იდეოლოგი ჰებელსის ტიპისა". მაგრამ, თუკი დასავლური მედია-საშუალებიდან გასაკვირი არ არის რუსი მინისტრის უკომპრომისო შეფასება, გაცილებით საგულისხმოა თვით მედინსკის თანამემამულეებშიც არსებული კრიტიკული შეხედულებები. სახელდობრ, სამხედრო საქმეთა სპეციალისტი, ალექსეი ისაევი აღნიშნავს, რომ ვ.მედინსკის ნაშრომების გარკვეული ნაწილი „წარმოადგენს სამი „ა"-ს კომბინაციას - ანტიპროპაგანდას, ალოგიკურობას და აბდაუბდას" (ეს უკანასკნელი ტერმინი რუსულ დედანში გამოთქმულია სიტყვით: „ ахинея»).
აქვე შეიძლება იმის გახსენებაც, რომ არც ადრე მოჰკლებია მას დადარაჯებული ყურადღება კრიტიკოსთა მხრიდან - იგი ბრძანდება პოლიტიკურ და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, მაგრამ ხარისხის მინიჭებისას, მისი დისერტაციის ავტორეფერატი მოჰყვა კრიტიკის ქარცეცხლში იმის გამო, რომ მასში მრავალი ფრაზა იყო მისაკუთრებული სხვათა ნაშრომებიდან. პლაგიატი დისერტანტის სინდისზე იყოს, თორემ თვით ეს მაგალითიც გვიჩვენებს - თავის საისტორიო თხზულებებში იგი არც მარტო იქნებოდა და არც ორიგინალური; აქედან გამომდინარე - რუსეთის ახლებური ისტორიის წერის დროს თანამოაზრეთა პოვნა აშკარად არ გაუჭირდებოდა!
მაგრამ, როდესაც რუსული საკანონმდებლო ორგანოს გადახალისებისას, სასწორზე იდო ახლად დასანიშნი კანდიდატის ყველა დადებითი და უარყოფითი მახასიათებელი, არსებობდა ერთი ისეთი არგუმენტი, რომელიც სასწორის პინას მყის გადაწონიდა დადებითი შედეგისაკენ - მედინსკი გახლდათ ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი, როდესაც ეს უკანასკნელი კენჭს იყრიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე 2012 წლის თებერვალში!
კომენტარი