სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ილაპარაკეთ, ოღონდ, ქართულად ილაპარაკეთ“ - ლაფსუსები და აბსურდები ივანიშვილის განცხადებაში

საკუთარ თავზე თუ არ გამოგიცდიათ, გაგონილი ან წაკითხული მაინც გექნებათ – ენამ, რაც უნდა კარგად იცოდე ის, დავიწყება იცის. თუნდაც, მშობლიურმა ენამ. დაწერილს, ასე თუ ისე, არა უშავს – ვინმე კეთილგანწყობილი ფილოლოგი გაგისწორებს მაინც ან, თუ ფული გაქვს, მაშინვე გაგიშალაშინებს ვინმე კომპეტენტურთაგანი, მაგრამ როცა უნდა ილაპარაკო, მაშინ რას იზამ? – ვერაფერს.

კაცმა რომ თქვას, ბიძინა ივანიშვილი (ისე, ჭორვილაში მას ივან–ა–შვილად მოიხსენიებენ და ცნობილიცაა, რომ მისი გვარი სწორედ ასე ჟღერს, ხოლო "ა" მხოლოდ "კეთილხმოვანებისთვის" ჩაანაცვლა "ი" ასოთი) სწორად მოიქცა, რომ ვიდეომიმართვა არ გაავრცელა, როგორც ეს წინასწარ იყო დაანონსებული. ვიდეომიმართვის არგავრცელების მიზეზი მარტივია: ივანიშვილს ქართულად უნდა ელაპარაკა.

ვისაც მისთვის მოუსმენია, ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც დაგიდასტურებთ, რომ ივანიშვილი ქართულად საუბრობს, მაგრამ რუსული აქცენტით და ამ აქცენტის დაფარვას, როგორც წესი, იმით ცდილობს, რომ იმერულ კილოზე უქცევს. მაგრამ ოფიციალური მიმართვის დროს „მევედი“; „წევედი“; „პოლიტიკოსობას ვაპირობ“ და მსგავსი ფრაზებით ხომ ვერ ისაუბრებდა? ამიტომაც, წერილობითი განცხადების გავრცელება ყველაზე უკეთესი ხერხი გახლდათ.

იქნებ, ზოგიერთს ახსოვს კიდეც, რა დღეში ჩააგდეს თსუ–ში შეხვედრაზე მისული, საქართველოში ახალჩამოსული ედუარდ შევარდნაძე მისი რუსული აქცენტით ქართულად საუბრის გამო სტუდენტებმა: „9 აპრილი იყო უდიდესი ტრაგედია“, – ბრძანა მაშინ ბატონმა ედუარდმა და ბოლო სიტყვაზე მახვილი „ე“–ზე დასვა. დაახლოებით ისე გამოუვიდა: „ლაზი აზნაური არზნევ მუსკია, მახვილი „ა“–ზე“. მაშინ სტუდენტებმა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს დაუსტვინეს.

ივანიშვილს, მართალია, ვერ დაუსტვენდნენ ან, თუ დაუსტვენდნენ, მაინც ვერ გაიგონებდა, მაგრამ ვიდეომიმართვა ვერ ვიხილეთ. სამაგიეროდ, წერილობითი განცხადება, რომელიც მისი სახელით გავრცელდა და, რომელმაც, ალბათ, უამრავი კორექტორის, ფილოლოგისა და სხვა კირკიტა გამსწორებლის ხელში გამოაიარა, მაინც უამრავი ლაფსუსითაა სავსე. აბა წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა ივანიშვილის მიერ დაწერილი ორიგინალი...

მოვიცალეთ, არ დაგვეზარა და ივანიშვილის განცხადებაში ლაფსუსები და აბსურდები დავთვალეთ. ბევრმა, შესაძლოა, ეს წვრილმანადაც კი ჩათვალოს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ განცხადებას ხელს აწერს ადამიანი, რომელსაც უზარმაზარი ამბიცია აქვს, ლამის ქვეყნის გადამრჩენის იმიჯს ირგებს და აქეთ გვაყვედრის – პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებდი, მაგრამ რომ გიყურებთ, რა დღეში ხართ, გადავწყვიტე, გიშველოთო.

ნურც იმას დაივიწყებთ, რომ განცხადების ჩვენამდე მოტანამდე მას სწორედ ივანიშვილის ძირითადმა დასაყრდენმა „ძალამ“ გადახედა და, სავარაუდოდ, გააშალაშინა კიდეც (ან ხელახლა დაწერა). აქედან გამომდინარე, ივანაშვილის პოტენციურ ამომრჩეველს აქვს უფლება იცოდეს, რომ საქართველოს სახელმწიფო ენაზე ივანიშვილი ცუდად საუბრობს და კიდევ უფრო ცუდად წერს.

ამ მცირე შესავლის შემდეგ, განცხადების ლაფსუსებსა და აბსურდებს მივუბრუნდეთ:

ლაფსუსები:

„დაშვებული იყო (და დღემდე გრძელდება) ისეთი უამრავი პატარა, დიდი და მიუტევებელი შეცდომები“ ;

პოლიტიკოსი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ქვეყანას, თავის ხალხს ან ელემენტარული თავმოყვარეობა მაინც გააჩნია“;

„საზოგადოებას ასეთი დონის ბრიყვად მიიჩნევს“;

„ტელეფონის მეშვეობით მიიღონ მონაწილეობა მთავრობის საქმიანობის შესახებ მომზადებულ კრიტიკულ გადაცემებში“;

„- ფსევდოოპოზიციური პოლიტიკოსისა თუ პარტიის "რასკრუტკა" (წარმოჩენა, ხელშეწყობა, გაპიარება)“. – „მეორე მშობლიურ ენას“ მაინც ვერ ავცდით...

„საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს რეალური ოპოზიციაც, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა და კიდევ სხვა არაერთი მიზეზის გამო, არ ძალუძთ, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ...“ – ოპოზიციას ძალუძთ?..

„- დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ.“ – „სისტემის შექმნის შეუქცევად პროცესამდე მიყვანა“ როგორია, ნეტავ?

აბსურდი:

„დაჭერების ამ მეთოდმა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უკიდურესად დააშინა და არნახული სიღარიბის ზღვართან მიიყვანა“. – დაჭერების მეთოდიდან სიღარიბის ზღვარამდე?

„თბილისელების დიდმა ნაწილმა კარგად იცის, თუ როგორია რეალობა; რასაკვირველია, გარდა იმ თბილისელებისა, ვინც პირდაპირ კავშირშია სააკაშვილის მთავრობასთან (მუშაობენ ან რაიმე სახის დაფინანსებას ღებულობენ)“, – ანუ, „დასაქმებული“ თბილისი „მტერია“?

„2008 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ მე მივიღე გადაწყვეტილება, დახმარება გამეწია ოპოზიციური ძალებისთვის და სწორი არჩევნის გასაკეთებლად სერიოზულ დაკვირვებას ვაწარმოებდი, თუ ვის და როდის დავხმარებოდი“. – აკი, პოლიტიკაში მოსვლაზე ან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე არასდროს მიფიქრიაო?

„- დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.“

„სამი პრეზიდენტიდან პირველი ორი ვადაზე ადრე ჩამოვაგდეთ“ – თურმე, ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე ერთნაირად და უბრალოდ - „ჩამოგვიგდია“...

ყველაზე აბსურდული და უაზრო ფრაზები:

„- პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა.“ – ეს, ალბათ, ახალი პოლიტიკური ტერმინია: „იურისდიქციის აღდგენა პერსპექტიული გახდა“.

„ყველაფერი ეს საშუალებას მისცემს თოხზე გადამკვდარ ქართველ გლეხს, რომ სული მოითქვას“. – როგორც მინიმუმ, არაკორექტულობაა, გლეხს „თოხზე გადამკვდარი“ უწოდო...

ალბათ, გალაკტიონი ასე იტყოდა – ბიძი(ნ)ებო, "ილაპარაკეთ, ოღონდ, ქართულად ილაპარაკეთ"...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100