სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნატახტარის ლიმონათი" ახალი შეფუთვით და კვლავ ყველასთვის საყვარელი გემოთი

- "ნატახტარის ლიმონათი გინდა?" - ეს ფრაზა ერთნაირად მოსწონთ როგორც პატარებს, ისე უფროსებს. თავად ლიმონათიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა ძალიან საყვარელი და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

ამიერიდან კი ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ბრენდი მომხმარებელს ახალ, ბევრად მომხიბვლელ და მოსახერხებელ შეფუთვას სთავაზობს.

"ნატახტარის ლიმონათის" ახალი ლოგოსა და შეფუთვის პრეზენტაცია 6 მარტს სასტუმრო "რედისონში" გაიმართა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, პირველ რიგში, შეფუთვის შეცვლის მიზეზი მომხმარებლების მოთხოვნა გახდა.

"ნატახტარი" სწორედ ის კომპანიაა, რომელიც მუდმივად ცდილობს, გაიგოს მომხმარებლების აზრი, გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები და შედეგიც შესაბამისი დადოს.

გარდა ამისა, ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე, აუცილებელია სიახლეების ხშირი დანერგვა, როგორც ლიდერი კომპანია "ნატახტარი" ინდუსტრიაში გარკვეულ სტანდარტებსაც ამკვიდრებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ასეთი სიახლე უცხოეთის ბაზრებისთვისაც, სადაც ბუნებრივია, კონკურენცია საკმაოზე მეტად მაღალია და თავის დამკვიდრებისთვის ძალიან ბევრი ინოვაციური ნაბიჯის გადადგმაა აუცილებელი.

ამ სამივე კომპონენტის გათვალისწინებით, "ნატახტარის ლიმონათის" სიახლე ნამდვილად მნიშვნელოვანია და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ახალი შეფუთვა მომხმარებელს აუცილებლად მოეწონება.

კომპანიის ინფორმაციით, განახლებული შეფუთვის მქონე ლიმონათი ადგილობრივ ბაზარზე უახლოეს დღეებში გამოჩნდება, რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოს საზღვრებს გარეთაც განახლებულ "ნატახტარის ლიმონათს" ძალიან მალე გაიტანენ.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 2012 წლის მონაცემებით, "ნატახტარის ლიმონათის" ექსპორტი 33 პროცენტით გაიზარდა. მისი ზრდა არსებულ ბაზრებზე პოზიციების გამყარებითა და ახალ ბაზრებზე შესვლით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიის საექსპორტო მონაცემები 2011 წელსაც (2010 წელთან შედარებით) იმავე მაჩვენებლით გაიზარდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ლიმონათის ექსპორტი სტაბილურად მზარდია. კვლევები ადასტურებს, რომ საექსპორტო ქვეყნებში, ისევე, როგორც საქართველოში, "ნატახტარის ლიმონათი" სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ატრიბუტი გახდა. "ნატახტარის ლიმონათის" საზღვარგარეთ გატანა 2006 წლიდან ხორციელდება. 2012 წელს "ნატახტარის ლიმონათის" ექსპორტი პერმანენტულად მსოფლიოს 20 ქვეყანაში ხდებოდა.

თორნიკე ნიკოლაიშვილი, კომპანია "ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორი:

- მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა კომპანიისთვის, რადგან საზოგადოებას სახეცვლილი ლიმონათი წარვუდგინეთ. აქვე იმასაც დავამატებ, რომ შეიცვალა მხოლოდ და მხოლოდ შეფუთვა, შიგთავსი კი იგივე დარჩა – ჩვენთვის და ყველასთვის საყვარელი ლიმონათი.

- ბატონო თორნიკე, რატომ გახდა საჭირო შეფუთვის შეცვლა?

- პირველ რიგში, სიახლე მომხმარებლების სურვილიდან გამომდინარე დაინერგა. გარდა ამისა, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ კომპანია არის ორიენტირებული მუდმივ განვითარებაზე. ვირტუალურად რომ წარმოვიდგინოთ ჩვენი კომპანია, როგორც წრიული სტრუქტურა, ცენტრში არის მომხმარებელი. ყველაფერი განპირობებულია სწორედ მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე და სწორედ მომხმარებლის სურვილი იყო, შეცვლილიყო დიზაინი და შეფუთვა გამხდარიყო უფრო მიმზიდველი, უფრო კომფორტული.

პროექტზე მუშაობა თითქმის ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა. საკმაოდ კომპლექსური სამუშაოები გავწიეთ, ვინაიდან არომატებისა და შეფუთვების რაოდენობა საკმაოდ დიდია. სხვათა შორის, ახალი შეფუთვა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სააგენტოს დახმარებით შეიქმნა, არის ექსკლუზიური და ამდენად, პროექტის განხორციელებისთვის საკმაოდ დიდი რესურსების მობილიზება მოხდა.

არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია საექსპორტი ბაზრებიც, სადაც კონკურენცია გვიწევს გლობალურ და რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბრენდებთანაც. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია რედიზაინი. იმედი გვაქვს, შედეგად ჩვენი პოზიციები გამყარდება ექსპორტის მიმართულებით, არსებულ ბაზრებზეც და ახალ ქვეყნებშიც გაგვიადვილდება შესვლა.

მიმაჩნია, რომ ლიმონათს გარკვეული გასაღების ფუნქცია აკისრია, რადგან ის აღებს საექსპორტო ბაზრის კარებს და ამის შემდგომ ხდება იქ უკვე ჩვენი სხვა ნაწარმის შეტანაც. მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ აზერბაიჯანი, სადაც "ნატახტარის ლიმონათი" ასოცირდება სუფრის დამამშვენებელ ატრიბუტთან, აქვს ძალიან დიდი ცნობადობა და შედეგი ის არის, რომ წლიდან წლამდე "ნატახტარის" ლუდის გაყიდვებსაც ვაორმაგებთ. გარდა ამისა, "ნატახტარის ლიმონათი" შეგვაქვს მსოფლიოს 20 ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს არა მხოლოდ კომპანიას, არამედ ჩვენს ქვეყანასაც. ამ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს ქართული პროდუქციის ხარისხზე წარმოდგენა სწორედ "ნატახტარის ლიმონათიდან" გამომდინარე ექმნებათ. ამდენად, უბრალოდ, უფლება არ გვქონდა, რაიმე ცვლილება არ განგვეხორციელებინა და შეფუთვა ბევრად უკეთესი არ გაგვეხადა.

- და ამ ყველაფრის გარდა, "ნატახტარის ლიმონათი" თქვენს კომპანიას ქველმოქმედების საშუალებასაც აძლევს.

- დიახ, "ნატახტარის ლიმონათი" ჩვენი კომპანიის სტრატეგიული ბრენდია და გვაძლევს იმის საშუალებას, განვახორციელოთ თუნდაც ისეთი კარგი პროექტი, როგორიც არის "ფონდი ნატახტარი", რომელიც მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს ეხმარება. რომ არ იყოს ლიმონათი ჩვენს პორტფელში, ამ პროექტის განხორციელებას უბრალოდ, ვერ შევძლებდით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100