სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაამთხვია თუ არა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმი თავის დაბადების დღეს?

საქართველოს უახლეს ისტორიაში უამრავი სიმბოლური დამთხვევით სავსე თარიღი არსებობს, რომელთა ჩამოთვლასაც აქ არ შევუდგებით. ერთ-ერთი მათგანი 1991 წლის 31 მარტია, როცა საქართველოში ჩატარდა საერთო-სახალხო კენჭისყრა, რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. მასში მოსახლეობის 90-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა და 88 პროცენტმა (3. 326. 100 მონაწილიდან 3. 295.493 ადამიანმა) კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ - დადებითად უპასუხა.

მაშინ კრემლს ამ რეფერენდუმზე ისეთივე შხამიანი გამოხმაურება ჰქონდა, როგორიც კარგად ჯდება მის ისტორიულ, იმპერიულ სტილში. რუსულმა მას-მედიამ აღნიშნა, რომ რეფერენდუმის შედეგები 1 აპრილს გახდა ცნობილი და ხაზი გაუსვა, რომ ეს დღე ტყუილის დღედაა მიჩნეული...

დღეს ამ უმნიშვნელოვანესი რეფერენდუმიდან 20 წელი გავიდა. ბევრს დღემდე ჰგონია, რომ 1991 წელს რეფერენდუმის ჩატარების თარიღი საგანგებოდ დაამთხვიეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ.

1990 წლის ოქტომბერში ხელისუფლების სათავეში ეროვნული მოძრაობიდან მოსული ხელისუფლების წინაშე უამრავმა გადასაჭრელმა პრობლემამ მოიყარა თავი: უნდა გარკვეულიყო სსრკ-ს მემკვიდრეობის საკითხი; უნდა დაჩქარებულიყო დიპლომატიური მუშაობა საერთაშორისო არენაზე მას შემდეგ, რაც ქვეყანა დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა - სხვა ქვეყნების მიერ მისი აღიარების მიზნით; უნდა ჩამოყალიბებულიყო ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურები და, რაც მთავარია, ჯერ ხალხს, სრულიად საქართველოს ქართველ და არაქართველ მოსახლეობას, ქვეყნის მოქალაქეებს უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე, სურდათ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა.

ცაიტნოტის რეჟიმში მყოფი ეროვნული ხელისუფლება ამ საკითხების გადასაჭრელად ყველა ღონეს ხმარობდა. ბუნებრივია, რეფერენდუმი ზამთარში ვერ ჩატარდებოდა და ამისთვის გაზაფხულის პირველი თვე შეირჩა. წინასწარვე გადაწყდა ისიც, რომ რეფერენდუმი გაზაფხულის პირველი თვის ბოლო კვირას ჩატარებულიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ცოტას თუ ახსოვდა, რომ მარტის ბოლო კვირადღე იმ წელს 31 მარტს უწევდა და რომ ეს დღე ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე იყო. ასე რომ, დამთხვევა მხოლოდ ერთია - ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე იმ წელს კვირადღე იყო და იმ მიზეზით, ვინმეს არ ეფიქრა, საგანგებოდ დაამთხვიესო, რეფერენდუმის ვადის გადაწევა, ან პრიქით, გადმოწევა მიზანშეწონილი ვერ იქნებოდა, ამიტომაც, რეფერენდუმი სწორედ 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა.

ეს რეფერენდუმი, პირველ რიგში, იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მოსახლეობის რეკორდულად დიდმა ნაწილმა ქვეყნის დამოოუკიდებლობა ისურვა. ამით ქართველმა ხალხმა (არამარტო ქართველმა) უარი თქვა სსრ კავშირის მემკვიდრეობაზე. რეფერენდუმი საოცარი ერთსულოვნების ფონზე ჩატარდა და ეს ერთსულოვნება არ გამოხატულა მხოლოდ დასმულ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემით: 1989 წლის 9 აპრილის შემდგომი დღეების ნაცვლად, 31 მარტს ქართველებს ერთმანეთი კიდევ უფრო მეტად უყვარდათ, ვიდრე ოდესმე და ერთმანეთის მიმართ თბილ გრძნობებს არ იშურებდნენ. 1991 წლის 31 მარტს მილიცია თითქმის უსაქმოდ იყო: არანაირი ექსცესი, არანაირი დაპირისპირება, არანაირი ყოყმანი: საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ხმის მისაცემად გამოსულ ხალხზე მეტი არც ერთ შემდგომ პერიოდს არ ახსოვს.

სსრკ-ს მემკვიდრეობაზე უარის თქმისა და რეფერენდუმის პასუხების შემდეგ დღის წესრიგში ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება გახდა. თარიღზე ბევრი არ უფიქრიათ: 9 აპრილი მოდიოდა, რომელიც ქართველებისთვის როგორც საკრარული და ტრაგიკული, ასევე ყველას გამაერთიანებელი და შემაკავშირებელი დღე იყო, ამიტომაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ 1991 წლის 9 აპრილი დასახელდა, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთ, სიმბოლურ დამთხვევად უნდა ჩაითვალოს. მას შემდეგ, ოცი წელია, ავად თუ კარგად, რეფერენდუმის ჩატარებისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღესთან ერთად, სულ რაღაც 9 დღეში საქრთველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღვნიშნავთ.

თუმცა, არც 31 მარტის ორი მოვლენის, არც 9 აპრილის სათანადოდ აღნიშვნით, წინა ხელისუფლება თავს მაინცდამაინც არ იწუხებდა. სამაგიეროდ, ხალხი აღნიშნავდა და ხშირად - მალულადაც. მალულად იმიტომ, რომ ვინც რეფერენდუმს ან პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს ხმამაღლა გაიხსენებდა, იმ დღესვე ყველა ეთხოვებოდა სამსახურს. სამაგიეროდ, 2003 წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

როგორც ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეები და თანამებრძოლები, მასთან დაახლოებული პირები იხსენებენ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ძალიან ჩაფიქრებული ყოფილა. - რა თქმა უნდა, წინასწარ სჯეროდა დადებითი შედეგის, მაგრამ ბატონ ზვიადს არაერთხელ უთქვამს პირად საუბრებში, რომ იმ დღეს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ინერვიულა. მაშინდელი გარემოცვის წევრთა ინფორმაციით, წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ზვიად გამსახურდია ბავშვივით გახარებული იყო...

დღეს საქართველოში რეფერენდუმის ჩატარებიდან ოცდაერთი და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღიდან 73 წლისთავი ერთად აღინიშნება. რაც შეეხება რეფერენდუმს, ოცდაერთი წლის წინ დასმულ კითხვაზე გაცემული დადებითი პასუხების პროცენტულ მონაცემებზე ბევრმა დღესაც უნდა იფიქროს და თავის თავს ჰკითხოს, მხარს უჭერს თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობას...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100