ევროკავშირი საქართველოს 50 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებისათვის 50 მილიონ ევროს გამოუყოფს. ფინანსურ შეთანხმებას დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა მოაწერეს ხელი.
ახალი საბიუჯეტო დახმარების პროგრამა „მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის“ მიზანია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლების განმტკიცება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობისა და სამართლიანობის გაძლიერება და კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვა საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. პროგრამის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა გენდერული თანასწორობის დაცვასა და მდგრად განვითარებას.
პროგრამა მართლმსაჯულების სექტორის 5 პრიორიტეტულ სფეროს მოიცავს:
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა;
ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა;
სისხლის სამართლის სისტემა, სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოძიება;
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემა;
მიწის რეგისტრაცია.
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამას კოორდინაციას გაუწევს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სამდივნოს (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) საშუალებით.
ევროკავშირმა საქართველოს ფინანსური დახმარება 2008-2014 წლებშიც გამოუყო სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირებისათვის. მის ფარგლებში გადაისინჯა სისხლის სამართლის კოდექსი; გაფართოვდა არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განრიდების პროგრამა; შემუშავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; განხორციელდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული სისტემის, სასამართლოსა და პოლიციის რეფორმა; ინიცირებულ იქნა პროკურატურის რეფორმა.
პროგრამის წარმატებულად დახურვის შემდგომ, 2014 წლის დასაწყისში, ევროკავშირის დელეგაციამ დაიწყო მუშაობა ახალ, ევროკავშირის 2015-2018 წლების საბიუჯეტო დახმარების პროგრამაზე, რომელიც უფრო ფართოა, ვიდრე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა, და მართლმსაჯულების სექტორის რეფორმას ითვალისწინებს. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი (ტექნიკური დახმარების ჩათვლით) 50 მლნ ევროს შეადგენს.
კომენტარი